Thursday, July 26, 2012

„მაკლარენი“ პებლ ბიჩისთვის 1000-ცხენისძალიან სიურპრიზს ამზადებს

1,000 HP McLaren F1 Successor to Debut at Pebble Beach
26 ივლისი
„მაკლარენი“ თანდათან საგზაო ავტომობილების წარმოების სფეროშიც, „ფერარის“ სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს. ახლახანს უოკინგელებმა თავიანთი ჯერჯერობით ერთადერთი სერიული ავტომობილი, MP4-12C დახვეწეს, რათა მას „ფერარი 458 იტალიასთვის“ ეფექტური მეტოქეობა შეეძლოს. შემდეგ კი ამავე ავტომობილის ღია ვერსიაც გაგვაცნეს.

მონაკოს დიდი პრიზის დღეებში, მოსალოდნელი იყო „მაკლარენის“ ფლაგმანი სუპერ ავტომობილის გამოჩენა, რომელიც ლეგენდარული F1-ის შთამომავალი უნდა გახდეს და რომელსაც კომპანიაში P12-ად მოიხსენიებენ. მაგრამ ასე არ მოხდა. და აი, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ავტომობილის დებიუტი პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის ფესტივალზე (აგვისტოში) გაიმართება. შემდეგ კი მას ფართო საზოგადოება პარიზის მოტორ შოუზეც (სექტემბერში) იხილავს.
ბრიტანულ ინტერნეტ გამოცემა „ქარზ.იუკეის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენმა“ ამ ავტომობილის ორი ეგზემპლარი შექმნა. მათგან ერთი კომპანიის უმდიდრეს კლიენტებს, ვისაც გამოთქმული აქვს ამ ავტომობილის შეძენის სურვილი, უკვე უჩვენეს.

ადრე იყო ლაპარაკი, რომ ამ სუპერ ავტომობილის ძალური დანადგარის მაქსიმალური სიმძლავრე 800-900 ცხენის ძალას მიაღწევს. მაგრამ გამოცემა ირწმუნება, რომ ავტომობილის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალამდე იქნება. ამასთან, მისი 3.8-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავის სიმძლავრე 800 ცხენის ძალა იქნება. დამატებით 200 ცხენის ძალას კი მას კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა (კერს-ი) მიანიჭებს. ასეთ სისტემას „მაკლარენი“ უკვე რამდენიმე სეზონია, ფორმულა ერთში წარმატებით იყენებს. კერს-ს ძირითადად აჩქარების დროს გამოიყენებენ და ის მოქმედებაში სპეციალურ ღილაკზე დაჭერით მოდის.
„მაკლარენი“ აცხადებს, რომ მისი სუპერ ავტომობილი, მაქსიმალური სიჩქარით „ნუგატი ვეირონს“ არ (!) შეეჯიბრება. თუმცა, ადგილიდან აჩქარების მხრივ, ბადალი არ ეყოლება. კერძოდ, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ის სულ რაღაც, 2.5 წამში შეძლებს, ცოტა მეტში, ვიდრე „მაკლარენის“ ფ1-ის გუნდის მექანიკოსებმა, გერმანიის დიდი პრიზის პირველ პიტსტოპზე, ჯენსონ ბატონს ოთხივე საბურავი გამოუცვალეს. სავარაუდოდ, აჩქარების ამ მაჩვენებლით, P12 „ფერარის“ ახალ „ენცოსა“ და „პორშეს“ 918-საც აჯობებს.
„მაკლარენი“ თავის ახალ სუპერ ავტომობილს მხოლოდ 300-500 ცალს დაამზადებს. თითოეულის ფასი კი 750 000 ევროზე მეტი იქნება.



ასევე წაიკითხეთ

ერთი-ერთზე ლე მანთან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment