მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთში ორმაგი DRS-ის
გამოყენებაც იკრძალება. გუნდებმა ამ საკითხზე თანხმობას მიაღწიეს. არადა, ასეთი
სისტემის შემუშავებას რამდენიმე მათგანი ცდილობს და ამისათვის სოლიდურ თანხებსაც
ხარჯავს. არადა, სეზონის დასაწყისში, რამდნიმე გუნდმა, მათ შორის „ლოტუსმა“ და „რედ
ბულმა“, ამ სისტემის აკრძალვა მოითხოვა.
ისინი თვლიდნენ, რომ „მერსედესმა“ ტექნიკური
რეგლამენტი დაარღვია, როდესაც ასეთი სისტემის შემუშავება დაიწყო. მთავარი
არგუმენტი ის იყო, რომ თითქოსდა, ეს სისტემა პილოტის მიერ იმართებოდა. მაგრამ
სამქიმიანებმა დაამტკიცეს, რომ ორმაგი DRS-ის ამუშავებაში პილოტს წვლილი არ
მიუძღვის და მას ჩვეულებრივი DRS რთავს, როდესაც ამ ფრთას პილოტი ტრასის გარკვეულ
(ნებადართულ) ადგილებში ხსნის.
„მერსედესის“ მიერ დანერგილი სისტემა ერთი შეხედვით
მარტივია, თუმცა ძნელად განსახორციელებელი. როდესაც უკანა ფრთის DRS სისტემა
იხსნება, ის ასევე ხსნის ღრიჭოს, რომელიც უკანა ფრთის ვერტიკალურ ფირფიტაში მდებარეობს.
ამგვარად შეგროვებული ჰაერის ჭავლი, სპეციალური ჰაერსადინარით, მთელ მანქანას
გაივლის და წინ ფრთის ელერონებში, იმ მიმართულებით გამოდის, რომ ჰაერის შემხვედრი
ნაკადისადმი ამ ფრთის წინააღმდეგობა შემცირდეს. ამგვარად, სწორ მონაკვეთებზე,
სადაც ორმაგი DRS მოქმედებს, მანქანის სიჩქარე უფრო მეტად იზრდება, ვიდრე იმ
შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ჩვეულებრივი DRS მოქმედებს.
სხვათა შორის, პროტესტის წაგების შემდეგ, „ლოტუსმა“
საკუთარი ორმაგი DRS-ის შემუშავება დაიწყო, რომელიც გერმანიის ეტაპის პრაქტიკებზე
გამოსცადა, პირველად კი მას ბელგიაში გამოიყენებს. მართალია, ამ საკითხთან
დაკავშირებით, სხვა გუნდები ნაკლებად აქტიურობენ, მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი,
რომ მისი არაკრძალვის შემთხვევაში, ფინანსურად ძლიერ საჯინიბოებს მსგავსი სისტემა
აუცილებლად ექნებათ, რაც სუსტებს კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს.
მართალია,
„მერსედესი“ ორმაგი DRS-ის
აკრძალვის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ხმების უბრალო უმრავლესობით
მიიღეს. რეგლამენტში შესაბამის შესწრებას კი FIA ამ სეზონის დასრულების შემდეგ შეიტანს.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment