30 ივლისი
რეალურად, სახელი ახალი არაა. უბრალოდ, ძველს
აბრევიატურა GT დაემატა. ასე გამოდის, რომ სამქიმიანები და მათი სახლისკაცი AMG,
მყიდველს უკეთეს SLS -ს სთავაზობს და არა უბრალოდ გაუმჯობესებულს - მარკეტოლოგებმა
ჩათვალეს, რომ ასე უკეთესი იქნება. არადა, რეალურად ეს ავტომობილი „SLS AMG გალუინგის“
განახლებული ვერსიაა. მოკლედ, მას ამიერიდან „მერსედეს-ბენც SLS AMG GT“ ეწოდება.განახლებათა მიზანი, ავტომობილის შესაძლებლობათა და მართვის გაუმჯობესება იყო. 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავის სიმძლავრე 20 ცხენის ძალით, 583 ცხენის ძალამდე (6800 ბრ/წთ-ზე) გაიზარდა. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი არ შეცვლილა და ისევ 650 ნიუტონმეტრია (4750 ბრ/წთ-ზე).
სიახლეა
ტრანსმისიაში. AMG-ს
წარმოების 7-საფეხურიანი ორქუროიანი „სპიდშიფტ DCT“, გადაცემების გადართვის ახლახანს შემუშავებული
ფუნქციით აღიჭურვა. ოპტიმიზებულია ტრანსმისიის კონტროლის სისტემა. ძრავის და
ტრანსმისიის ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.7 წამში
შეუძლია, რაც მისი წინამორბედის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 წამით ნაკლებია.
ადგილიდან 200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 11.2 წამია საჭირო. რაც შეეხება მაქსიმალურ
სიჩქარეს, ის ელექტრონიკის დახმარებით, 317 კმ/სთ ნიშნულზე იზღუდება.
ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვილია AMG-ს მიერ ახლახანს
შემუშავებულ საკიდარის სისტემა „მოძრაობის კონტროლით“, რომელზეც ზამბარების და
ამორტიზატორების კარგად შეხამებული წყვილები გამოიყენება. ეს სისტემა რეჟიმ „კომფორტით“
გადაადგილებისას მუშაობს. ისე კი, ავტომობილს საკიდარის კიდევ ორი რეჟიმი - „სპორტი“
და „სპორტ პლუსი“ აქვს.
გერმანული სუპერ ავტომობილი 19 (წინ) და 20-დუიმიან
(უკან) ბორბლებზე დგას, რომლებსაც 10-წკირიანი საყრდენი კონსტრუქცია აქვს. წინა
ბორბლები 265/35 R19, უკანები კი 295/30 R20
ზომის საბურავებითაა შემოსილი. გარდა ამისა, AMG მყიდველს
ალუმინისგან დამზადებულ კიდევ სამი ტიპის ბორბლებს შესთავაზებს.
ავტომობილს თითქმის არ აქვს გარეგნული ცვლილებები.
ასეთად შეიძლება ჩაითვალოს დამუქებული წინა ფარები, წითლად შეღებილი სამუხრუჭე
სუპორტები, რადიატორის დამუქებული ბადე. სალონში, კარისა და ცენტრალური კონსოლის
სექციებში, გამოჩნდა ალკანტრით შეფუთული დეტალები. საჭის რგოლის ქვედა მხარე წაბრტყელებულია,
მის ზედა ნაწილში კი (12 საათის) ადგილზე, წითელი ნიშნულია, რომელიც გაჩვენებთ, რომ
ბორბლები ან გასწორებულია, ან გარკვეული გრადუსით მოხვეული.
შტუტგარტელები
ევროპაში SLS AMG GT-ს გაყიდვას ოქტომბერში დაიწყებენ, ერთი თვის შემდეგ კი ის
ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდება. ევროპაში კუპეს ფასი 204 680 ევრო იქნება,
როდსტერისა კი - 213 010 ევრო.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment