30 ივლისი
„იაგუარმა“ დაადასტურა, რომ მცირე ტირაჟით
გამოუშვებს ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ C-X75-ს, რომელიც ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსთან“
თანამშრომლობით იქმნება. ეს ავტომობილი ბაზარზე ორ წელიწადში გამოვა და მას მხოლოდ
200 ცალს დაამზადებენ. ამგვარად, ის გახდება მეორე ბრიტანული ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი,
რომელიც კონკურენციას „ფერარის“ „ენცოს“ შემცვლელსა და „პორშე 918 სპაიდრს“
გაუწევს, ავტომობილებს, რომლებიც ასევე ჰიბრიდული სისტემებით აღიჭურვება.
ამ განცხადბასთან ერთად, „იაგუარმა“ინფორმაცია ახალი
სუპერ ავტომობილის ჰიბრიდული დანადგარის შესახებაც გაავრცელა და მისი 1.6-ლიტრიანი
შიდაწვის ძრავი ჟურნალისტთა ვიწრო წრეს გააცნო. წარდგენისას, მათ ძრავის ხმაც
მოასმენინეს. ამ ღონისძიებას ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-ის“ მიმომხილველი გევინ გრინიც
დაესწრო, რომელმაც ძრავის ხმა, მოტობაიკის ხმას შეადარა. ამ ხმის სმენისას
წარმოიდგენთ, რომ მალე ბაიკზე ამხედრებულ ვალენტინო როსის დაინახავთო - ინტერესს
გვიძლიერებს გრინი.
შიდაწვის ძრავი ოთხცილინდრიანია, თუმცა ცილინდრების
ნაკლებობა და ლიტრაჟის სიმცირე ნუ მოგატყუებთ - ის თითქმის ისეთივე ძლიერი იქნება,
როგორებიც „ფერარის“, „პორშეს“ და „მაკლარენის“ ჰიბრიდული დანადგარების V8
და V12
აგრეგატებია. „უილიამსის“ სპეციალისტები, რომლებიც ამ აგრეგატის შემუშავებაშიც
მონაწილეობენ, ირწმუნებიან, რომ მაღალ სიმძლავრეს, ცილინდრების და ლიტრაჟის მომატების
ნაცვლად, წვის კამერაში საწვავის და ჰაერის ჭარბი ნარევის მიწოდებით მიაღწევენ.
ძრავს ერთდროულად ტურბო და მექანიკური დამჭირხნები მოემსახურება.
საწვავის მიწოდებაც ორი ტიპისა იქნება- უშუალოდ წვის კამერაში და შემშვებ
კოლექტორში. თუ დამჭირხნების შეწყვილების მთავარი მიზეზი ადვილად გამოსაცნობია - მექანიკური
ეგრეთ წოდებულ ტურბოჩავარდნას აბალანსებს, საწვავი ნარევის მიწოდების ორი ტიპის
იმით აიხსნება, რომ საწვავის ხარჯი კონტროლს დაექვემდებაროს. უშუალოდ წვის
კამერაში მიწოდება, ძრავის მუხლა ლილვის დაბალ და საშუალო ბრუნთა რიცხვის დროს
განხორციელდება. მაღალ ბრუნვებზე საწვავის (გაზრდილი დოზით) მიწოდება კოლექტორში
გადაინაცვლებს. ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი კი 10 000 ბრ/წთ იქნება.
გრინის თქმით, სასტენდო ტესტების დროს, ამ ძრავიდან
313 ცხენის ძალა ლიტრული სიმძლავრე მოუხსნიათ. შესაბამისად, მისი მაქსიმალური
სიმძლავრე 500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. სავარაუდოდ, ჰიბრიდული სისტემა წამყვან
(ოთხივე) ბორბლებს მბიძგველი ძალით ორ ელექტროძრავთან ერთად, მოამარაგებს. ამასთან,
დაბალ სიჩქარეზე (64 კმ/სთ-მდე), ავტომობილი მხოლოდ ელექტროძრავების ხარჯზე
იმოძრავებს.
რაც შეეხება დინამიკას: ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის ასაკრეფად, სამ წამზე ნაკლებია საკმარისი, 0-160 კმ/სთ-მდე თითქმის 6 წამი
ჰყოფნის, 300 კმ/სთ-ს 15.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ზე
მეტია. მარტო ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგიის ხარჯზე,
ავტომობილს დაახლოებით 60 კილომეტრის გავლის საშუალება ექნება. ჯერჯერობით უცნობია
აგრეგატის ეკონომიურობის მაჩვენებელი. სამაგიეროდ, „იაგუარი“ ირწმუნება, რომ მისი
ჰიბრიდული ავტომობილი, ყოველი კილომეტრის გავლისას, საშუალოდ ატმოსფეროში მხოლოდ 99
გრამ ნახშიროჟანგს გამოჰყოფს.
ავტომობილის შასი და ძარა თითქმის მთლიანად კარბონის
და სხვა ბოჭკოების კომპოზიტური მასალებისგან დამზადდება. ამასთან, სხვა დეტალებსაც
კომპოზიტებით, ან მსუბუქი მეტალებით დაამზადებენ. ამის წყალობით, C-X75-ს წონა
დაახლოებით 1400 კილოგრამს მიაღწევს.
დაბოლოს ფასის შესახებ: C-X75-ს შეძენას მხოლოდ
ჯიბესქელი ავტოგურმანები შეძლებენ და მათ მასში მილიონ დოზოლარზე მეტის გადახდა
მოუწევთ...
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment