20 აგვისტო
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ვარაუდობს,
რომ ძრავებზე ახალი რეგლამენტის ამოქმედების სეზონში (2014), გუნდების
კონკურენტუნარიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ძრავები იქნება. როგორც ცნობილია,
2014 წლიდან გუნდები V6
ტურბოძრავების გამოყენებაზე გადავლენ და სავარაუდოდ, ძრავების მწარმოებლები ერთნაირი
მახასიათებლების მქონე აგრეგატების შემუშავებას ვერ შეძლებენ.
„2014 წლის სეზონში, ახალი და განსხვავებული
მახასიათებლების მქონე ძრავები გვექნება. მოსალოდნელია, რომ რომელიმე მწარმოებელი
საგრძნობლად უკეთეს ძრავს გააკეთებს, ვიდრე დანარჩენები. და ამიტომ, მოწინავეთა
შორის ის გუნდები იქნებიან, რომლებიც ამ მწარმოებლის ძრავებს გამოიყენებენ. და ეს
იქნება ძრავების მწარმოებლების ჩემპიონატი“, - ამბობს ნიუი.
„რედ ბულის“ წარმატებათა ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი
დიდი ხანია აკრიტიკებს რეგლამენტს იმის გამო, რომ ის შასის განვითარების
შესაძლებლობებს ზღუდავს. ის დარწმუნებულია, რომ 2014 წლისთვის რეგლამენტი კიდევ
უფრო გამკაცრებული იქნება და აეროდინამიკის ხარჯზე ძრავებს შორის სხვაობის
ნიველირების საშუალებაც შემცირდება.
„შასის შეზღუდვები, განსაკუთრებით აეროდინამიკის
მხრივ, ძალიან მკაცრია. რა თქმა უნდა, ძრავის შასიზე დაყენებას დიდი მნიშვნელობა
აქვს და შეცდომის შემთხვევაში, ძრავის უპირატესობის განეიტრალება შეუძლია. მაგრამ
რჩება იმის დიდი ალბათობა, რომ ვინმე უკეთესი ძრავის დახმარებით, უპირატესობას
მოიპოვებს“, - დასძენს ნიუი.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment