Monday, August 6, 2012

„არინერამ“ თავის სუპერავტომობილს სახელი შეუცვალა

Arrinera Redesigns and Renames its Supercar to the Very Pagani-like Sounding Hussarya
6 აგვისტო
„ჰუსარია“ - ასე ჰქვია პოლონურ სუპერავტომობილს, რომლის სახელიც შეიძლება უცებ „პაგანის“ „ჰუაირაში“ აგერიოთ. მისი მწარმოებელია კომპანია „არინერა“, რომელსაც სხვათა შორის, სახელი ასევე შეცვლილი აქვს. ადრე მას „ვენო ავტომოტივი“ ერქვა.
უკვე რამდენიმე წელია, „არინერა“ სუპერ ავტომობილზე მუშაობს, რომლის პირველი ესკიზები, თურმე „ლამბორგინი რევენტონსაც“ კი მოგაგონებდათ. მაგრამ მისი წარმოება აქამდე ვერ დაიწყო. სამაგიეროდ, ახლახანს ინტერნეტით ამ ავტომობილის ახალი ვერსიის ფოტოები გაავრცელა ახალი სახელიც გვამცნო. ამიერიდან, ამ ავტომობილს, რომელიც „ლამბორგინის“ სტილს მაინც მოგაგონებთ, „ჰუსარია“ ჰქვია. რა თქმა უნდა, პოლონურად ჟღერს (ჰუსარი მე-16-18 საუკუნეების პოლონური ჯარის კავალერიის მეომარია), თუმცა „ჰუაირასაც“ მოგაგონებთ...
სხვათა შორის, ახლახანს „არინერას“ თანამფლობელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სახელოვანი ბრიტანელი ავტო ინჟინერი ლი ნოუბლი (ლეგენდარულ „ალტიმა GTR-ის“ ერთ-ერთი შემქმნელი) გახდა. სწორედ მისი ხელი და ავტორიტეტი დაეტყო ყველაზე მეტად პოლონურ კომპანიას, რომელსაც ნოუბლის გარეშე რისი პერსპექტივა უნდა ჰქონოდა, ძნელი წარმოსადგენია.
წინა პროტოტიპისგან განსხვავებით, რომელსაც სახელად A.H.1 ერქვა, „ჰუსარიას“ არ აქვს „ლამბორგინის“ სტილის კარები. ისინი ჩვეულებრივი კონსტრუქციის კარებით შეიცვალა. ახალია წინა ფსევდო ბამპერი, რომელსაც გვერდებზე ჰაერის სხვანაირი ამღებები აქვს. ასევე შეცვლილია გვერდითა პანელები და ჰაერის ამღებები. ასევე შეცვლილია სახურავი, რომელსაც შუაში ცოტა ჩაღრმავებული ფორმა აქვს, რისი დანიშნულებაც, ჰაერის ნაკადისთვის სასურველი მიმართულების მიცემაა. ასევე შეცვლილია უკანა ნაწილის მოყვანილობა, სადაც „ფერარის“ სტილში, ორივე მხარეს მრგვალი გაბარიტული და სტოპ ფარების წყვილებია განლაგებული.
„ჰუსარია“ აღჭურვილია ორი გასაშლელი აეროდინამიკური ელემენტით (ელერონით), რომლებიც უკანა ბორბლების თაღების ზედა, უკანა ნაწილებშია მოთავსებული. ეს ელერონები მაშინ ამოქმედდება, როდესაც ავტომობილის სიჩქარე 150 კმ/სთ-ზე მეტია და დამუხრუჭებაა საჭირო. ელერონი დახურული მდგომარეობიდან 50 გრადუსით იხსნება და ჰაერის ნაკადს დამატებით წინააღმდეგობას უქმნის.

დაბოლოს, ძრავის შესახებ: ავტომობილი აღჭურვილია „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც ბაზაშია მოთავსებული და 650 ცხენის ძალას ავითარებს. ეს სიმძლავრე საკმარისია იმისათვის, რომ „ჰუსარიამ“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.2 წამში აკრიფოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს აღწევს.
პოლონური კომპანია გვპირდება, რომ მალე „ჰუსარიას“ სპეციალურ ვერსია „33 სერის“ გაგვაცნობს. ამ ავტომობილს განსხვავებულ სტილში შეასრულებენ და მხოლოდ 33 ცალს დაამზადებენ. გასაკვირია, არა? ჯერ საბაზო ავტომობილის წარმოება არ დაწყებულა და უკვე მის სპეც ვერსიას უშვებენ. თუმცა ამ ნაბიჯს მარკეტინგული გათვლა აქვს - ექსკლუზიური ავტომობილი მდიდარ მყიდველს მიიზიდავს და მისი გაყიდვა არ გაჭირდება. იმავდროულად, სერიულ ვერსიას ის ბაზარზე გზას გაუკაფავს, „არინერას“ კი უფრო ცნობადს გახდის.
რაც შეეხება სერიულ „ჰუსარიას“, მას მყიდველს ალბათ მომავალი წლის მიწურულიდან შესთავაზებენ. სავარაუდო ფასი 160 000 დოლარია.


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment