Monday, August 6, 2012

„ლოტუსში“ ოპტიმისტური განწყობაა

Lotus convinced it can have a stronger second half of the 2012 F1 season
6 აგვისტო
„ლოტუსის“ პილოტები პელოტონში უსწრაფესთა შორის არიან, მაგრამ სეზონში, რომელსაც უკვე შვიდი გამარჯვებული ჰყავს, ამათს ანგარიშზე ერთი მოგებაც არაა. თუმცა, მათი სარბოლო ოპერაციების დირექტორი ალენ პერმენი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებისადმი გუნდის თავგანწირული ლტოლვა, ბოლოს და ბოლოს, სასურველ შედეგს მოიტანს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ ეტაპზე, „ლოტუსმა“ ყველაზე მეტ ქულას მოუყარა თავი. ამასთან, სილვერსტოუნის გარდა, ყველა მათგანის კვარცხლბეკზე, ერთი საფეხური მაინც ეკავა. პერმენი ამბობს, რომ გუნდს ამაზე მეტი შეუძლია და სეზონის მეორე ნახევარში სწორედ ამის მიღწევას ეცდება. ის იმასაც აღნიშნავს, რომ ეს სეზონი „ლოტუსმა“ ორი ახალი მრბოლით დაიწყო და გუნდთან მათს შეგუებას, ობიექტურად, დრო სჭირდებოდა. შეგუების პროცესი წარმატებული გამოდგა და ახლა უფრო მეტის მიღწევის დრო დგება.
„სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით ძლიერები ვიქნებით. მანქანა შესანიშნავია, გუნდმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ განვითარება და წინსვლა შეუძლია. ამაში სხვებს არაფრით ჩამოვრჩებით, თუ არ ვჯობთ. დრო დაგვჭირდა მრბოლებთან შეგუებისთვის, იმისათვის, რომ მათი კარგად გვესმოდეს. რომენს (გროჟანმა) რამდენიმე რბოლის დასაწყისში ავარია მოუვიდა. არადა, მათ გარეშე, ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, სეზონის უკეთესი მეორე ნახევარი არ უნდა გვქონდეს“, - ამბობს პერმენი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გუნდის მთავარი მიზანი, მანქანის გზის საფართან ჩაჭიდების გაუმჯობესებაა, რითაც კვალიფიკაციებზე უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მომდევნო ორი ეტაპის ტრასები, მათი მანქანის მახასიათებლებს კარგად მიესადაგება. მათზე გასწრება შედარებით ადვილია, რაც კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგის მნიშვნელობას ამცირებს.
„ვფიქრობ, რბოლებისთვის მანქანის მომზადებასთან დაკავშირებით, პრობლემები არ გვაქვს ხოლმე. უნგრეთში ეს კიმიმაც (რაიკონენმა) აღნიშნა. მე ვკითხე, რა გჭირდება? უფრო მეტი ჩაჭიდება. მანქანა კარგია, მაგრამ როდესაც უფრო მეტი სისწრაფე გჭირდება, მაშინ წინ და უკან, გზასთან უკეთესი კონტაქტი უნდა გქონდეს“. „ჰამილტონის მანქანა კვალიფიკაციაში ჩვენზე ოთხი მეათედი წამით სწრაფი იყო. არადა რბოლისას, ჩვენ უფრო სწრაფები ვიყავით. ასეთი მანქანით, კვალიფიკაციაზე ასე არ უნდა ჩამოვრჩენოდით. ეს სწორედ ისაა, სადაც მოვიკოჭლებთ. ჩვენ რომ სტარტი წინიდან აგვეღო, თავიდანვე ყველას ჩამოვიტოვებდით და ვეღარავინ დაგვეწეოდა. უნგრეთის ტრასა ისეთია, რომ მეორე სასტარტო ადგილი არახელსაყრელია. იქ გასწრება თითქმის შეუძლებელია. სამაგიეროდ, სპაზე და მონცაზე სულ სხვა სიტუაცია იქნება. ისე კი, თუ ყველა რბოლაში მეორე და მესამე ადგილებს დავიკავებთ და ორივე ტიტულს ასე მოვიპოვებთ, ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნება, მაგრამ ჩვენი თავგანწირვა გამარჯვებას გვთხოვს და მიზანიც სწორედ ეს იქნება“.


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment