8 აგვისტო
რამდენიმე თვის წინათ, „იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ
არ აპირებს ქროსოვერების წარმოებას - ამას ჩვენი პარტნიორები უკეთ აკეთებენ „ლენდ
როვერშიო“. მართალიცაა, ეს კომპანია ერთმანეთის მიყოლებით, ათასნაირ კონკურსს იგებს
უგზოობის ავტომობილების კლასებში. ბრიტანეთი კი ამ მარკით ტყუილად არ ამაყობს.
მაგალითად, მოდელი „რეინჯ როვერი“, რომელსაც უკვე 12
წელი შეუსრულდა, კვლავ ბავარიული კომპანიის მიერ შემუშავებულ პლატფორმაზე დგას, LR2
და LR4 ისევ „ფორდის“ პლატფორმას იყენებენ. და მაინც, ინგლისური კომპანია
გაყიდვებს მუდვიმად ზრდის. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, „რეინჯ როვერ ევოკის“
დამსახურებაა, რომელიც ბაზარზე შარშან გამოჩნდა და ფურორი მოახდინა.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსმა“ ახლახანს „ლენდ
როვერის“ უახლოესი გეგმები გამოაქვეყნა. ამ გეგმის მიხედვით, LR2-ის განახლებული
ვერსია ბაზარზე 2014 წელს გამოვა, თუმცა, ეს არ იქნება ახალი თაობის ავტომობილი. მისი
დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ, ან უფრო გვიანაც, ბაზარზე ასევე განახლებული LR4
გამოვა, რომელსაც სალონში შეიძლება სავარძლების მესამე რიგიც დაუმატონ. ასევე არის
შანსი იმისა, რომ ეს ავტომობილი „დეფენდერის“ პლატფორმაზე გადავიდეს. ამ
შემთხვევაში, მას LR5-ის სახელით გაგვაცნონ.
რაც შეეხება „დეფენდერს“, მისი ახალი თაობის
კონცეპტუალური ვერსია, სახელად DC100 (ფოტოზე), „ლენდ როვერმა“ შარშან,
ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. ეს ავტომობილი გლობალურ ბაზარზე 2015 წელს
გამოვა და სავარაუდოდ, ამის შემდგ, სახელი „დეფენდერი“ ამერიკის ბაზარზე დაბრუნდება.
სხვათა შორის, „ლენდ როვერი“ ახალი „დეფენდერის“ ღია ვერსიის წარმოების შესაძლებლობასაც
განიხილავს. იმავე „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ
ინგლისურმა კომპანიამ „დეფენდერის“ მომცრო ვერსიის წარმოებაც გადაწყვიტოს,
რომლითაც კონკურენციას „მინი ქანთრიმენს“ გაუწევს.
ყველაზე ახლოს კი ახალი „რეინჯ როვერის“ პრემიერაა.
მას პარიზის მოტორ შოუზე ვნახავთ. ახალი „იაგუარ XJ-ს“ მსგავსად, ახალი „რეინჯ
როვერიც“ ალუმინის მზიდ სტრუქტურას დაეყრდნობა, რისი წყალობითაც, ავტომობილი წონაში
272 კილოგრამს დაიკლებს. ახალი ავტომობილის მთავარი სიახლე შეიძლება გახდეს ის,
რომ მყიდველს მის შვიდადგილიან ვერსიასაც შესთავაზებენ. მოგვიანებით კი ბაზარზე
პლაგ-ინ ჰიბრიდული „რეინჯ როვერიც“ გამოვა.
ამ
ავტომობილის სპორტული ვერსია „რეინჯ როვერ სპორტი“, განახლების შემდეგ, საბაზო მოდელს
საგრძნობლად დაშორდება. ის LR4
პლატფორმას აღარ გამოიყენებს და „რეინჯ როვერის“ მზიდ სტრუქტურაზე გადავა.
ამასთან, უფრო სპორტულიც გახდება. რაც შეეხება „ევოკს“, მის განახლებაზე ლაპარაკი
ჯერ ნაადრევია. სამაგიეროდ, მის ბაზაზე ალბათ კუპე-ქროსოვერი და ღია ქროსოვერიც
გამოუშვან...
ასევე წაიკითხეთ
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
No comments:
Post a Comment