Sunday, September 30, 2012

„პორშე პანამერა სპორტ ტურიზმო“

Porsche Panamera Sport Turismo in Detail
30 სექტემბერი

პარიზულ გამოფენაზე, „პორშეს“ მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური „პანამერა სპორტ ტურიზმო“, შეიძლება სედან „პანამერას“ ბაზაზე ახალი, სრულფასოვანი ოჯახის ჩამოყალიბების დასაწყისად ჩაითვალოს. ან ამის პირველ ნიშნად. თუმცა, ამ ავტომობილს მარტო ეს დანიშნულება არ აქვს. „პორშე“ მისი მეშვეობით, ერთბაშად სამი კურდღლის დაჭერას აპირებს.

ჯერ ერთი, „პანამერა სპორტ ტურიზმოს“ მეშვეობით, შემდეგი თაობის „პანამერას“ სტილს გვიჩვენებს. ამასთან, მისივე დახმარებით, ახალ ჰიბრიდულ დანადგარს გვაცნობს, რომელშიც ბენზინის ძრავი და ელექტროძრავია გაერთიანებული. და მესამე - ავტომობილს ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარა აქვს, ანუ ის სპორტული უნივერსალია - „პანამერას“ მომავალი ოჯახის მეორე წევრი.


„კონცეპტუალური „პანამერა სპორტ ტურიზმო“, „პორშეს“ სპორტული ავტომობილების მომავალია თვალის ერთი გადავლებით“, - ნათქვამია გერმანული კომპანიის მიერ გავრცელებულ საპრეზენტაციო პრეს რელიზში. კონცეპტუალურ ავტომობილზე თვალის შევლებაც საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე - „პორშეს“ აგრესიულ დიზაინზე გადააქვს აქცენტი. თუმცა, წარმოებისთვის მზადების პროცესში, აგრესია ნელდება ხოლმე. იგივე ითქმის ინტერიერის სტილზეც, სადაც სახეზეა მინიმალიზმი და „არასერიული“ ელემენტები.
„პანამერა სპორტ ტურიზმოს“ გაბარიტებია: სიგრძე 4950 მილიმეტრი, სიგანე 1990 მილიმეტრი და სიმაღლე 1401 მილიმეტრი. ამგვარად, ის ახლანდელ „პანამერაზე“ 20 მილიმეტრით მოკლე, 17 მილიმეტრით დაბალი და 61 მილიმეტრით განიერია. ავტომობილი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც „პორშეს“ მიერ „პანამერა S ჰაიბრიდის“ და „კაიენ S ჰაიბრიდისთვის“ შექმინილი სისტემის ბაზაზეა შემუშავებული.

ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია 3.0-ლიტრიანი V6 ძრავი, რომელიც 329 ცხენის ძალას იძლევა და ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 94 ცხენის ძალაა. ჯამური სიმძლავრე ზემოთ ნახსენები ჰიბრიდული დანადგარის სიმძლავრეზე თითქმის ორჯერ მეტია.
ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელიც საბარგულის ძირშია მოთავსებული. მისი დამუხტვა 2.5 საათშია შესაძლებელი. გერმანული კომპანიის განცხადებით, მარტო ელექტროძრავით გადაადგილებისას, ავტომობილის სიჩქარე 130 კმ/თ-ს აღწევს, სვლის სიშორე კი 30 კილომეტრია.
ელექტროენერგიის წყალობით, ავტომობილის საშუალო ხარჯი ას კილომეტრზე მხოლოდ 3.5 ლიტრი ბენზინია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი, სულ რაღაც, 82 გრამი.


ასევე წაიკითხეთ

ელექტრული „მერსედეს SLS AMG“ – AMG-ს ყველაზე მძლავრი ქმნილება

და

„ენცოს“ შემცვლელის კარბონის შასი (ვიდეო)
და

„მაკლარენ P1“ - კარგი, ცუდი ბიჭი ფორთოხლისფერში

No comments:

Post a Comment