Tuesday, October 30, 2012

„რენოს“ ძრავების 150-ე დიდი პრიზი


Renault engines seal 150th win in Indian Grand Prix
30 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელმა რომ ინდოეთში რბოლა მოიგო, ეს „რენოს“ ძრავების მიერ ფორმულა ერთში მოპოვებული 150-ე გამარჯვებაა. ამაზე მეტი მოგება მხოლოდ ორ კომპანიას - „ფერარის“ და „ფორდ/კოსუორტს“ აქვს. ამასთან, ფრანგული კომპანია ამერიკულ/ბრიტანულს 16 მოგებით ჩამორჩება და ყველა ნიშანია იმისა, რომ მალე გადაასწრებს კიდეც.

ფორმულა ერთში „რენოს“ დებიუტი 1977 წელს შედგა. მაშინ ფრანგულმა კომპანიამ არენაზე საკუთარი გუნდი გამოიყვანა, რომელმაც პირველმა გამოიყენა ტურბო ძრავი. დებიუტი სილვერსტოუნზე შედგა, პირველი გამარჯვება კი რომბებმა საფრანგეთში, 1979 წელს მოიპოვეს.
სხვათა შორის, ფრანგულ კომპანიას გამარჯვება ყველანაირი ძრავით აქვს მოპოვებული, რომლითაც კი უასპარეზია. ესაა 1.5-ლიტრიანი V6 ტურბო, 3.5 და 3.0-ლიტრიანი ატმოსფერული V10 და ახლანდელი 2.4-ლიტრიანი V8. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ რბოლაში, „რენს“ ორი ისტორიული მიღწევა აქვს - კორეაში ამ კომპანიის ძრავებმა მე-200 პოული მოიპოვეს, ინდოეთში კი - 150-ე გამარჯვება. ცოტაც და რომბებს 500 სტარტი დაუგროვდებათ.
გამოდის, რომ „რენოს“ ძრავებს, იმ რბოლების დაახლოებით 30 პროცენტი აქვთ მოგებული, რომლებშიც ისინი გამოუყენებიათ. კომპანიის ყველა ტიპის ძრავს, არაერთი რბოლა აქვს მოგებული. ამასთან, თითქმის ყველა მათგანით (V6 ტურბოს გარდა), ჩემპიონატებიცაა მოგებული.
„ეს მიღწევა, ჩვენი კომპანიის შესაძლებლობების და რესურსების დემონსტრირებაა. ჩვენ ყველა ტიპის აგრეგატებით ვაღწევთ წარმატებას, რაც იმასაც მიანიშნებს, რომ ადაპტირების უნარი შეგვწევს. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობლები ვართ ჩვენი მრბოლების, რომელთა გარეშეც, ასეთი მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა“, - ამბობს „რენო სპორტ F1-ის“ მმართველი დირექტორი ჟან-ფრანსუა კობე.

„რენოს“ გამარჯვებები ძრავის ტიპების მიხედვით:
1.5-ლიტრიანი V6 ტურბო – 20 მოგება;
3.5-ლიტრიანი V10 – 38 მოგება;
3.0-ლიტრიანი V10 – 47 მოგება;
2.4-ლიტრიანი V8 – 45 მოგება

გამარჯვებული პილოტები:
სებასტიან ფეტელი (გერმანია) - 25 მოგება; დეიმონ ჰილი (ბრიტანეთი) - 21; ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) - 17; ალენ პროსტი (საფრანგეთი) - 16; ნაიჯელ მენსელი (ბრიტანეთი) - 15; ჟაკ ვილნევი (კანადა) - 11; მიხაელ შუმახერი (გერმანია) - 9; მარკ ვებერი (ავსტრალია) - 9; რენე არნუ (საფრანგეთი) – 4; აირტონ სენა (ბრაზილია) – 4; რიკარდო პატრეზე (იტალია) – 4; ტიერი ბოუტსენი (ბელგია) – 3; ჟან-პიერ ჟაბუი (საფრანგეთი) – 2; ჯონი ჰერბერტი (ბრიტანეთი) – 2; ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია) – 2; ელიო დე ანჯელისი (იტალია), დევიდ კულტჰარდ (ბრიტანეთი), ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი (გერმანია), გერჰარდ ბერგერი (ავსტრია), იარნო ტრული (იტალია) და პასტორ მალდონადო (ვენესუელა) – 1.

გამარჯვებული გუნდები:
უილიამსი - 64; რედ ბული - 33; რენო (ყოფილი ბენეტონი, ენსტოუნი) – 20; რენო (საფრანგეთი) – 15; ბენეტონი - 12; ლოტუსი - 5.

No comments:

Post a Comment