Wednesday, October 31, 2012

გაიცანით ჩემპიონი - ნიკა ადეიშვილი

31 ოქტომბერი

რუსთავში, ძველი ავტოდრომის ადგილზე, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი მოტორპარკი რომ გაიხსნა, გავიფიქრე, რომ ქვეყანა ისევ გაიხსენებდა ავტოსპორტის გემოს, თანდათან შეეჩვეოდა სპორტული ძრავების გუგუნს და ადრე თუ გვიან, აქაც გამოჩნდებოდა ნიჭიერი მრბოლი, რომელსაც საერთაშორისო არენაზე თავის გამოჩენის უნარი ექნებოდა. ოღონდ, ობიექტური მიზეზების გამო, ამას წლები დასჭირდებოდა...

გავიდა სულ რაღაც 6 თვე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვყავს მრბოლები, რომლებსაც საერთაშორისო სერიებში წარმატებულად გამოსვლა შეუძლიათ (დათა ქაჯაიამ ეს უკვე დაამტკიცა), მათგან მინიმუმ ერთს კი „გენერლობის“ (ყველა ჯარისკაცი რომ ოცნებობს) რეალური პერსპექტივა აქვს. ეს ერთი, ფორმულა ალფას სერიაში საქართველოს ჩემპიონი, ნიკა ადეიშვილია.
ნიკა მამასთან, გიორგი ადეიშვილთან ერთად

ნიკა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მისი სპორტული კარიერა კი უკვე 10 წელიწადს ითვლის. ამ ათი წლის განმავლობაში, კარტინგში, ფორმულა „ფორდსა“ და ფორმულა 3-ში, არაერთი მიღწევა ჰქონია. სანამ საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა, კარტინგში საქართველოსა და უკრაინაში იგებდა რბოლებს და ჩემპიონატებს. 17 წლისამ პირველად იასპარეზა ფორმულის კლასის ავტომობილით. თანაც ფ1-ის ჩემპიონების - კეკე როსბერგის, მიკა ჰაკინენისა და კიმი რაიკონენის სამშობლოში, სადაც ფორმულა „ფორდის“ პირველივე რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა, იმავე სეზონში კი ფინეთშივე, ფორმულა 3-ში სცადა ბედი. მართალია, მე-10 ადგილს დასჯერდა, მაგრამ ქართველი ბიჭის საოცარი რბოლა თურმე დღესაც ახსოვთ სუომის მხარეში...

ერთხელაც, უკრაინის ქალაქ პოლტავაში, 14 წლის ნიკა მასზე უფროსებთან კარტინგის რბოლაში დაუშვეს. და მოიგო! მამამისი, წარსულში კარტინგის მრბოლი გიორგი ადეიშვილი ყვება, რომ რბოლის შემდეგ, ნიკას კისერი დაბერილი ჰქონდა და თავი სტკიოდა - ეს იმ გადატვირთვების შედეგია, რომლებსაც მოსახვევების სწრაფად გავლისას, პატარა ბიჭის სხეული ღებულობდა...

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის გახსნაზე, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რუსეთის ერთ-ერთმა საუკეთესო მრბოლმა ვიქტორ შაიტარმა იასპარეზა. ჩვენებისთვის ის ერთგვარი ეტალონის მოვალეობასაც ასრულებდა. ნიკა თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ საბურავები გადაუხურდა, რის გამოც, საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ბოლო რბოლაში, რომელიც გასულ უქმეებზე ჩატარდა, შაიტარმა ისევ მიიღო მონაწილეობა. ამჯერად ნიკამ მას კვალიფიკაციაზეც აჯობა და რბოლის დასაწყისშიც. მერე კი რუსი ასპარეზობას გამოეთიშა, ნიკამ კი დიდი უპირატესობით გაიმარჯვა...

მოკლედ, სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. ნიკა ადეიშვილმა არამარტო ტიტულის მოგებით, არამედ სტაბილურობითა და სისწრაფითაც დაგვამახსოვრა თავი. აშკარაა, რომ მისთვის ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია. ეს გზა კი ძალიან რთულია და ქართველ მრბოლს ბევრ გამოცდას უმზადებს. მთავარია, ამ გზაზე მეორე ნაბიჯიც გადადგას. მეორე ნაბიჯი კი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა იქნება.

ნიკას წინსვლას ახლა უცხოეთში გასვლა ჰაერივით სჭირდება. მომავალ სეზონშიც თუ მხოლოდ ჩვენს ჩემპიონატში იასპარეზა, ეს მის კარიერას არ წაადგება. აუცილებელია უფრო მაღალი დონის ფორმულებში გამოსვლა, სადაც გაცილებით მძლავრი ძრავებით აღჭურვილი ბოლიდებით ასპარეზობენ. მაგალითად, გერმანიის ფორმულა 3-ში, სადაც ნიკას წაყვანას ბატონი შოთა აფხაზავა აპირებს.

აპირებს, მაგრამ ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან მის გუნდსაც (არტლაინი, რომელმაც რუსი პილოტების, ვიტალი პეტროვისა და მიხაილ ალიოშინის კარიერებს მისცა მნიშვნელოვანი ბიძგი) და პილოტსაც ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ. გერმანიის ჩემპიონატში ერთი პილოტის გამოყვანა დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. არადა, იქ გამოსვლით ნიკას შეიძლება უმაღლესი მწვერვალებისკენ გზა გაეხსნას - გერმანული ფ3-ის ტიტული მიხაელ შუმახერმა 1990 წელს მოიგო და იქვე დაუკავშირდა ცნობილ მენეჯერ ვილი ვებერს... შუმახერის გარდა, გერმანულ ფ3-იდან დაიწყეს ფ1-მდე აღმასვლა იტალიელმა იარნო ტრულიმ, პორტუგალიელმა პედრო ლამიმ, ჰოლანდიელმა იოს ფერსტაპენმა, ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა, გერმანელმა ნიკ ჰაიდფელდმა, ასევე ლე მანის დანიელმა გრანდმა ტომ კრისტენსენმა და სხვებმა.

მოკლედ, ნიკას ახლა სპონსორი სჭირდება, ან მოხერხებული პრომოუტერი, რომელიც მას იშვიათი ნიჭის რაციონალურად გამოყენებაში დაეხმარება. იმ ნიჭის, როგორით დაჯილდოებული პილოტებიც წლების განმავლობაში ერთხელ თუ გამოჩნდებიან ხოლმე...

No comments:

Post a Comment