Monday, October 29, 2012

წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

29 ოქტომბერი
რუსთავის ახალ საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2012 წლის ჩემპონატი დასრულდა. გაიმართა მე-7 ეტაპის რბოლები, რომლებმაც ჩემპიონების ვინაობა გაარკვიეს. გრან ტურიზმოს შეუზღუდავ კლასში, საქართველოს ჩემპიონი ლევან კვინიკაძე გახდა, რომელმაც მე-7 ეტაპის ორივე რბოლა მოიგო და საბოლოოდ, 18.5 ქულით აჯობა ზურაბ ბეჟაშვილს (ორივე ჰონდა სივიკი). მესამე ადგილი კი ვასიკო ჭონიშვილმა (ბეემვე) დაიკავა.
ტურინგ 1500-ში საქართველოს ჩემპიონის წოდება დავით ჩხიკვიშვილმა მოიპოვა, რომელმაც მთელი სეზონი ყველაზე სტაბილურად ჩაატარა და ბოლო ეტაპზე მესამე ადგილიც ეყო ტიტულის მოსაპოვებლად. ბოლო ეტაპი კი დავით მენთეშაშვილმა მოიგო. უნდა ითქვას, რომ GT-შეუზღუდავისა და ტურინგის კლასების პილოტებს ერთად უწევდათ ასპარეზობა და გაერთიანებულ რბოლაში, მენთეშაშვილმა მესამე ადგილის დაკავება შეძლო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჭონიშვილმა ასპარეზობა დაზიანებული მანქანით დაასრულა.
ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე შედგა 14 წლის სანდრო თავართქილაძის დებიუტი GT-შეუზღუდავ კლასში. სანდრო ცნობილი ქართველი მრბოლის, ოთარ თავართქილაძის შვილია და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველივე რბოლაში კარგი სისწრაფე აჩვენა. პირველ რბოლაში, თავისი „სიტროენით“ რომ მეოთხე ადგილი დაიკავა, არავის გაჰკვირვებია - მის სამივე მეტოქეს გამარჯვებისთვის იბრძოდა. სანდრო მეორე რბოლაშიც მეოთხეზე გავიდა, ოღონდ ამჯერად 9 მრბოლმა იასპარეზა. თანაც, მან ფინიშს გამარჯვებულის წრეზე მიაღწია და ტურინგის გამარჯვებულ მენთეშაშვილს 6 წამით ჩამორჩა. მოკლედ, შესანიშნავი დებიუტია!
ფორმულა ალფას კლასში კვლავ შეუდარებელი იყო ნიკა ადეიშვილი (გალფი), რომელმაც ჯერ კიდევ წინა ეტაპზე გაინაღდა ჩემპიონის წოდება. აღსანიშნავია, რომ მან სეზონის მხოლოდ პირველ ეტაპზე დათმო ბრძლა რუსეთის და ფინეთის მრავალგზის ჩემპიონ ვიქტორ შაიტართან, დანარჩენი რბოლების ფინიშთან კი ყოველთვის პირველი იყო.
ბოლო ეტაპზე კი შაიტარსაც სჯობდა. რუსმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო, მაგრამ კვალიფიკაციასა და სუპერ პოულის რბოლებში, ჩვენებური აშკარად უფრო სწრაფი იყო. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები ადეიშვილს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ოღონდ, ამისთვის საჭიროა, რომ მას საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალება მიეცეს. ფორმულების კლასში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ჩემპიონს და მის სამომავლო გეგმებს, მოგვიანებით უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ.

სხვათა შორის, ფორმულას კლასში მოასპარეზე ახალგაზრდა პილოტებს - ლაშა ნადირაშვილს, ირაკლი ჩხეიძეს და დავით აფციაურსაც სეზონის დასაწყისთან შედარებით, დროები გაუმჯობესებული აქვთ, რაც მათს წინსვლაზე მეტყველებს. მათი წინსვლა კი გამოცდილი პილოტების - მევლუდ მელაძის და დავით რამიშვილის დამსახურებაცაა. აღსანიშნავია, რომ რამიშვილი და ზაზა დუდაური მოსკოვიდან რეგულარულად ჩამოდიან, რათა რბოლებში მონაწილეობა მიიღონ. დუდაურმა ამის გამო, სპეციალური ჯილდო და კვარცხლბეკზე ასვლაც დაიმსახურა. სამწუხაროდ, ბოლო ორი ეტაპი გამოტოვა კიდევ ერთმა ახალგაზრდა პილოტმა ნიკა სურგულაძემ, ვინც კარტინგის საერთაშორისო რბოლებში ასპარეზობდა.
დაბოლოს, ლეჯენდსის შესახებ. მართალი გითხრათ, სეზონის დასაწყისში იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ ამ შედარებით ახალ კლასში, რომელიც ამერიკასა და ევროპაში სწრაფად მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ასეთ საინტერესო რბოლებს ვიხილავდით. არადა, სწორედ ასე მოხდა - 7 ეტაპზე ჩატარებული 14-ვე რბოლა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ზოგიერთ მათგანზე, პირველობისთვის ერთდროულად 6 მრბოლიც კი იბრძოდა. ფინიშზე კი მათ ხშირად წამი აშორებდა ხოლმე.
ლეჯენდსშიც ჩემპონი „გალფ რეისინგის“ პილოტი, გიორგი ბეჟიტაშვილი გახდა. მართალია, ბოლო რბოლაში მას ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ტავი არ დაუზგავს და ორ რუსთან - შაიტართან და გამოცდილ ოლეგ ჩებოტარევთან ბრძოლაში, მეოთხე ადგილს დასჯერდა. შაიტარმა ორი წამით აჯობა, ჩებოტარევი კი წამზე ნაკლებით თავად ჩამოიტოვა.
მეშვიდე ეტაპის ორივე რბოლა კი შოთა აფხაზავამ მოიგო, ადამიანმა, რომლის მონდომებითაც, საქართველოში ეს შესანიშნავი ავტოდრომი აშენდა. პირველ რბოლაში მან შაიტართან და ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა თასის გამარჯვებულ დათა ქაჯაიასთან დაძაბულ პაექრობაში იმარჯვა. ფინიშთან ეს სამი წამის ნახევარმა დააშორა. მეორე რბოლაში კი აფხაზავამ გიორგი არჯევანიძეს წამით აჯობა. სხვათა შორის, არჯევანიძეს პირველ რბოლაშიც შეეძლო მეორეზე გასვლა, მაგრამ ბოლო წრეზე წასულს, მანქანა დაუზიანდა და ასპარეზბა ტრასის მიღმა დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარეს ლაშა ჭანტურიამ, არჩილ ბიძნაშვილმა და დავით კაკაბაძემ. სამწუხაროდ, ბოლო ორ რბოლაში მათ მოწინავეებს კონკურენცია ვეღარ გაუწიეს, რაც ნაწილობრივ ტექნიკის გაუმართაობის გამოც მოხდა. ბოლო ეტაპი იმითაც იყო საინტერესო, რომ ლეჯენდსის კლასში, ოთარ თავართქილაძის დებიუტი შედგა.
რუსი მრბოლების გარდა, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე, ლეჯენდსის კლასში, ბელარუსმა და ფინელმა მრბოლებმაც იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორი ფინელიდან უფრო გამოცდილ იანი კუიუალას არ გაუმართლა - პირველივე რბოლის დასაწყისში ძრავი დაეწვა და ამის გამო, მეორე რბოლის სტარტზე გამოსვლა ვერ შეძლო. ნიკო ცედერბერგმა კი ორივე რბოლა პელოტონის მეორე ნაწილში გაატარა.
რუსთავის მოტორპარკზე სეზონი ამ უქმეებზე დასრულდება, როდესაც ავტოდრომი საერთაშორისო რბოლას უმასპინძლებს, რომელშიც კიდევ რამდენიმე უცხოელი მრბოლი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის კი ერთი - უკრაინიდან, სუსტი სქესისაა და როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგი პილოტია. სეზონის ბოლო რბოლაში, ის ალბათ ერთადერთი ქალი მრბოლი არ იქნება - GT-შეუზღუდავ კლასში მონაწილეობა შესაძლოა მერი გვასალიამაც მიიღოს.

ასევე წაიკითხეთ

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!


ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე


დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონია

No comments:

Post a Comment