Saturday, October 13, 2012

ვებერი პოულზე

Webber beats Vettel to Korean pole
13 ოქტომბერი

მარკ ვებერმა თავი გაგვახსენა - იმ დროს, როდესაც ყველა ჩემპიონბისთვის მებრძოლი ფერნანდო ალონსოსა და სებასტიან ფეტელის უშეღავათო დაპირისპირების მოლოდინშია, კორეული რბოლის პოულ პოზიცია ფეტელის თანაგუნდელმა მოინადირა. მან 0.074 წამით აჯობა ფეტელს და 0.227 წამით - ლუის ჰამილტონს.

სწორედ ჰამილტონი და ალონსო დადგებიან მეორე რიგში. ამასთან ესპანელი თავისი უშუალო მეტოქის უკან, იმ მწკრივში დადგება, რომელიც შედარებით მტვრიანია (სარბოლ ტრაექტორიას აცდენილია), ვებერს და ჰამილტონს კი სუფთა გზაზე მოუწევთ სტარტის აღება და ეს მათ მცირე უპირატესობას მიანიჭებს.
„ჩვენი მიზანი, მეორე ან მესამე რიგში დადგომა იყო და ჩვენ ეს შევძელით. ახლა კი მთლიანად რბოლაზე ვართ ფოკუსირებული“, - ამბობს „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი.
ეს პირველი პოულ პოზიციაა, რომელიც ამ სეზონში ვებერმა მოიპოვა. მართალია, მან მოწინავე პოზიციიდან მონაკოშიც დაიწყო რბოლა, მაგრამ მაშინ ეს იმის გამო მოხდა, რომ კვალიფიკაციაში გამარჯვებულ მიხაელ შუმახერს სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაახევინეს (წინა რბოლაში, ბრუნო სენასთან შეჯახების გამო).
„ბიჭებმა თავდაუზგავად იმუშავეს და ამ შრომის შედეგი ისაა, რომ კვალიფიკაციაში მანქანამ შესანიშნავად იმუშავა“, - განაცხადა ვებერმა, ვინც ალონსოს 60 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ავსტრალიელს ერგო პატივი, „რენოს“ ძრავებისთვის მე-200 პოული მოეპოვებინა. ერთადრთი სხვა კომპანია, რომლის ძრავებსაც ასეთი მიღწევა აქვს, „ფერარია“.
სხვათა შორის, კვალიფიკაციის წინა ორ სეგმენტში, საუკეთესო დრო ფეტელს ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, სანამ გერმანელი ბოლო სწრაფ წრეზე წავიდოდა, ბოლო სექტორში მას ხელი ნელ წრეზე მყოფმა ფელიპე მასამ შეუშალა.
„არ მინდა, ეს ფელიპეს დავაბრალო. მგონი, ბოქსებში ბრუნდებოდა, როდესაც ბოლო სექტორში დავეწიე. ეს ის ადგილია, საიდანაც მაქსიმალურ აჩქარებას ვიწყებთ, მე კი ეს ვერ შევძელი, რადგან სიჩქარის დაგდება მომიხდა“, - ყვება ფეტელი, რომელმაც რადიოთი თავის გუნდს გაბრაზებულმა ჰკითხა - რატომ არ მითხარით, რომ ჩემს წინ მასა იყოო...
კვალიფიკაციის დროს, მის მესამე ნაწილში, ბოქსებში ლამის ინციდენტი მოხდა. ჰამილტონი ბოლო სწრაფ წრეზე გამოდიოდა, როდესაც „მერსედესმა“ ბოქსიდან პიტლეინზე შუმახერი გამოუშვა. ჰამილტონმა დროულად შენიშნა მის წინ მანქანა და თავისი „მაკლარენი“ მარჯვნივ მიმართა. კიდევ კარგი, იქ სამქიმიანების მექანიკოსებიდან არავინ იდგა. საბოლოოდ, გერმანული გუნდი 10 000 ევროთი დაჯარიმდა.
ათეულში ვერ მოხვდა ჰამილტონის თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი, რომელიც მე-11 დროს დასჯერდა. ბრიტანელი ბოლოს სწრაფ წრეს ასრულებდა, როდესაც სტიუარდებმა ყვითელი დროშები ააფრიალეს - ტრასის მიღმა დანიელ რიკიარდო გაჩერდა...
„ძალიან გამიჭირდება ვებერტან და ფეტელთან ბრძოლა. ეს ბიჭები ძალიან სწრაფები არიან“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ალონსოს 42 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმისტური განწყობა აქვს „მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშს, ვინც დარწმუნებულია, რომ რბოლის გრძელ შუალედებში, მისი გუნდის მანქანა კარგი ტემპთ გამოირჩევა, რაც მის ბიჭებს ბრძოლის შანსს მისცემს.
მეხუთე დრო ჰქონდა კიმი რაიკონენს, ვინც საერთო კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ ალონსოს 37 ქულით ჩამორჩება. ნიშანდბლივი ფაქტი: ჰამილტონს სამი რბოლა აქვს მოგებული, რაიკონენს კი - არცერთი. მაგრამ ფინელი მაინც ხუთი ქულით წინაა...

კორეის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:37.242
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:37.316
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:37.469
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:37.534
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:37.625
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:37.884
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:37.934
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:38.266
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:38.361
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:38.513
- - - - - - - - - -
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.441
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:38.460
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        1:38.594
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:38.643
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:38.725
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:39.084
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:39.340
- - - - - - - - - -
18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:39.443
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:40.207
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:40.333
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:41.317
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:41.371
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:42.881
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე

No comments:

Post a Comment