Tuesday, October 9, 2012

„ფორდ ფიესტა ეკონეტიკ-მა“ ეკონომიურობის მარათონი მოიგო


Ford Fiesta ECOnetic Wins MPG Marathon With 108.8 MPG / 2.6 l/100KM
9 ოქტომბერი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტენდენცია ასეთია: ძრავებს აპატარავებენ და ამსუბუქებენ, მანქანებიც მსუბუქდება, ძრავების ეფექტურობა იზრდება. ამ ფაქტორების წყალობით, ბაზარზე სულ უფრო მეტი ეკონომიური ავტომობილი გამოდის. შეიძლება იფიქრო, ასეთი ძრავები ადრეც რომ ყოფილიყო, ნავთობი კაცობრიობას ალბათ კიდევ ერთი საუკუნე ეყოფოდა...

და სანამ შადაწვის ძრავების ეპოქას ელექტროძრავებისა ჩაანაცვლებს, კომპანიები არნახულ ეკონომიურობას აღწევენ. და თავიანთი მიღწევების სადემონსტრაციოდ, სხვადასხვა ღონისძიებასაც აწყობენ. ბრიტანეთში, კერძოდ კი ინგლისისა და უელსის გზებზე, გარბენი, სახელწოდებით „2012 ფიუელ სეივ MPG მარათონ“ (MPG - მაილ პერ გალონ, ანუ მილი გალონზე, სადაც მილი 1.609 კილომეტრია, ამერიკული გალონი - 3.785 ლიტრი, ბრიტანული გალონი კი - 4.546 ლიტრი) ჩატარდა.
ამ გარბენში მონაწილეობა „ფორდ ფიესტა ეკონეტიკ-მა“ მიიღო, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით, კომბინირებული ციკლით (ქალაქი და მაგისტრალი) მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, 3.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის (85.6 მლ/გალ). მის ეკიპაჟში კი რალის ყოფილი მრბოლები - ენდრიუ მერიოტი და ენდი დეუსონი შედიოდნენ, რომლებსაც უელსის ტყეებში, არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა სამეფო კლუბის რალიში. გარბენის დისტანცია 370 მილი (592 კილომეტრი) იყო.
გარბენის ორგანიზატორია ჟურნალი „ფლიტ უორლდ“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმის ჩვენება, რომ ჩვეულებრივ პირობებში, ავტომობილის „საზრიანად“ მართვის შემთხვევაში, იმაზე უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება, ვიდრე ავტომობილს პასპორტში უწერია.
გარბენში „ფორდ ფიესტა ეკონეტიკ-მა“ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა, რომელთან ახლოს ვერცერთი ჰიბრიდული ავტომობილი ვერ მივა. 1.6-ლიტრიანი დიზელით (სერია TDCi დურატორკ) აღჭურვილი ავტომობილი, ერთი გალონით 108.78 მილს გადიოდა, ანუ საშუალოდ 100 კილომეტრზე 2.5968 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ეს „ფორდს“ ოფიციალურ მონაცემებზე, დაახლოებით 27 პროცენტით უკეთესი მაჩვენებელია
შეგახსენებთ, რომ პაკეტ „ეკონიტეკში“ შედის სისტემა სტარტ/სტოპი, შეცვლილია ძრავის წვის კამერა, კოლოფში ოპტიმიზებულია კბილანების წყვილების რიცხვები და სხვა. რა თქმა უნდა, ყველა ცვლილება საწვავის მოხმარების შემცირებას ემსახურება.

No comments:

Post a Comment