Tuesday, October 9, 2012

„ლამბორგინი“ ღია „ავენტადორს“ და ოთხკარიან სიურპრიზს ამზადებს


Aventador GT Four-Seater Coming to 2013 Geneva
9 ოქტომბერი
რამდენიმე თვეა, არავისთვის დასამალი არაა, რომ „ლამბორგინი“ თავის ფლაგმან „ავენტადორის“ ღია ვერსიას ამზადებს. მაგრამ ეს ერთადრთი სიახლე არ ყოფილა, რომლითაც მალე იტალიური კომპანია გაგვაოცებს. როგორც ბრიტანული გამოცემა „ქარ მეგზინი“ იტყობინება, მალე, სავარაუდოდ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „სანტ’აგატა ბოლონეზელები როდსტერისძარიან „ავენტადორს“ წარადგენენ, ჟენევაში კი, „ავენტადორის“ ოთხკარიან ვერსიას ვიხილავთ!

„ქარ მეგზინი“ ასევე წერს, რომ ღია „ავენტადორს“ დასაკეცი მყარი სახურავი ექნება, დაახლოებთ ისეთი, როგორიც „მაკლარენმა“ „MP4-12C სპაიდერზე“, „ფერარიმ“ კი „459 იტალია სპაიდერზე“ გამოიყენა. ამაზე მეტი ამ ავტომობილზე ჯერ ცნობილი არაფერია. და რამდენადაც მას მოსახსნელი სახურავით აღჭურვავენ, ესე იგი, საერთო არაფერი ექნება „ავენტადორ J-სთან“, რომლითაც „ლამბომ“ ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე მოგვხიბლა.
რაც შეეხება მეორე ავტომობილს, მას „ქარ მეგზინი“ „ავენტადორ GT-ს“ სახელით მოიხსენიებს. ესაა „ავენტადორის“ ოთხკარიანი და ოთხადგილიანი ვერსია, რომელსაც ორი პატარა უკანა კარი აქვს, რათა სალონის უკანა ნაწილში შესვლა გაადვილდეს. რაც მთავარია, მას დაგრძელებულ ბაზაზე „დასვამენ“, რაც ინჟინრებს სალონში უკანა ორი სავარძლის ჩადგმის საშუალებას მისცემს. სავარაუდოდ, ეს არ იქნება სრულფასოვანი ადგილები და ამ შემთხვევაში მისაღები იქნება 2+2 ფორმულის გამოყენება.
და, რა თქმა უნდა, „ავენტადორ GT-ს“ ძრავი ბაზაში ექნება. რაც შეეხება ძრავს, ეს იგივე 6.5-ლიტრიანი V12 (700 ცხენის ძალით) იქნება, რომელსაც ჩვეულებრივ „ავენტადორზე“ იყენებენ.
დაბოლოს, „ლამბორგინისთვის“ ეს 2+2 ტიპის შუაძრავიანი ავტომობილის გამოშვების პირველი შემთხვევა არ იქნება. იტალიური კომპანია ასეთ ავტომობილს, სახელად „ურაკო“, 1970-იან წლებში აწარმოებდა.

No comments:

Post a Comment