Tuesday, October 9, 2012

„ფორდი“ კარბონს მასობრივ წარმოებაში დანერგავს

Ford Developing Carbon Fiber Technology for ‘The Masses’
9 ოქტომბერი
ეგრეთ წოდებული ეგზოტიკური მასალების ფართოდ გამოყენების გამო, სუპერ ავტომობილების ფასი მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ მათი იშვიათობის წყალობით, ფასის მატება, გაყიდვებზე უარყოფითად პრაქტიკულად არ აისახება. ასეთ მასალებს შორის, ყველაზე გამორჩეული, კარბონის ბოჭკოს კომპოზიტია, რომელიც მასობრივი წარმოებისთვის სწორედ სიძვირის გამოა ხელმიუწვდომელი. თუმცა როგორც ჩანს, მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.
„ფორდმა“ შექმნა მოდელ „ფოკუსის“ პროტოტიპი, რომელსაც სწორედ კარბონის კომპოზიტისგან ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კაპოტი აქვს (ფოტოზე). ამერიკული კომპანიის განცხადებით, ასეთი კაპოტი, ფოლადის ანალოგზე თითქმის ორჯერ მსუბუქია.
„ავტომობილის წონის შემცირებას, საწვავის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია, მაგრამ კარბონის კომპოზიტისგან ნაწილების ხელმისაწვდომ ფასში წარმოება აქამდე შეუძლებელი იყო. მაგრამ ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობით, როგორიც „ჰაიტეხ NRW-ა“, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მივაგნოთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც მსუბუქი მასალების, კერძოდ კი კარბონის კომპოზტის დეტალების მასობრივად და რაც მთავარია, იაფად წარმოების საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს „ფორდის“ მოწინავე ტექნოლოგიების და მასალების დანერგვის განყოფილების შეფი ინგა ვემეიერი.
ამერიკული კომპანია, კარბონის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში, უზარმაზარი ინვესტიციების გამოყოფას აპირებს. ცისფერი ოვალის მიზანია, მის დამოდელო გამაში შემავალი ავტომობილების საშუალო წონა 340 კილოგრამით შეამციროს. ამაში კი ყველაზე მეტად სწორედ კარბონის ბოჭკოს კომპოზიტები დაეხმარება - ასეთი მასალები ფოლადის ანალოგებზე დაახლოებით მესამედს იწონის და იმავდროულად, ხუთჯერ უფრო მტკიცე და ორჯერ ხისტია. ასე რომ, ასეთი მასალის დანერგვის ერთადერთი წინაღობა სიძვირეა და „ფორდის“ ინვესტიციებიც სწორედ ფასის შემცირებაზე იქნება მიმართული.
საინტერესოა, რომ ბევრი საინტერესო იდეა და ტექნოლოგია პირველად სწორედ სუპერ ავტომობილებზე დაინერგა და შემდეგ მათ მასობრივ წარმოებაშივ გადაინაცვლეს. ასე იქნება კარბონის შემთხვევაშიც. ოღონდ რამდენად სწრაფად, ამას მომავალი გვიჩვენებს.

No comments:

Post a Comment