Monday, October 29, 2012

ჰამილტონი: ედრიან ნიუი გენიოსია


29 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის გენიოსად მოიხსენიებს. ის აღიარებს, რომ სულ არ გაჰკვირვებია სეზონის ბოლოს „რედ ბულის“ აღზევება და ის ფაქტი, რომ სებასტიან ფეტელმა ზედიზედ ოთხი რბოლის მოგება შეძლო. თანაც, ისე დომინირებს, როგორც წინა სეზონში.

„ის ფაქტი, რომ სებასტიანი ბოლო რბოლებში დომინირებს, სულაც არ მიკვირს. „რედ ბული“ ხომ ბოლო რამდენიმე სეზონია, შეუდარებელია. აშკარაა, მათ აქვთ იმის პოტენციალი, რომ ნებისმიერ მომენტში, მანქანა გააუმჯობესონ. ედრიან ნიუი უბრალოდ, გენიოსია. წარმოდგენაც არ შემიძლია, როგორ ახერხებს ყოველივეს. ასეთი სხვა არავინაა“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს:
„აღტაცებას იწვევს „რედ ბულის“ სიჩქარე - მათი დაწევა შეუძლებელია. ჩემი მანქანიდან, მისი შესაძლებლობის 200 პროცენტიც რომ გამომეწურა, მათ მაინც ვერ დავეწეოდი. სწორედ ედრიანის შემუავებული იყო იმ მანქანის კონსტრუქცია, რომლითაც ჩემპიონი გავხდი. მერე კი, რეგლამენტი შეიცვალა და ჩვენ ჩამოვრჩით. ჩვენს გუნდს დრო დასჭირდა იმისათვის, რომ მეტოქეებს დასწეოდა. ედრიანი ფენომენია. ის ნებისმიერ ამოცანას უმკლავდება“.
იმავდროულად, ჰამილტონი არ მალავს, რომ ფეტელის და ფერნანდო ალონსოს საჩემპიონო პაექრობაში, ესპანელის მხარესაა, ვინც ფ1-ის კარიერის პირველ სეზონში, მისი თანაგუნდელი იყო:
„მე ფერნანდოს ვქომაგობ. მისი თაყვანისმცემელი ჯერ კიდევ მანამ ვიყავი, სანამ ფ1-ში გადმოვიდოდი. ჩემი აზრით, ამ სეზონში ის ყველა დანარჩენზე უკეთესი პილოტია. მან რამდენიმე ფენომენური რბოლა ჩაატარა და ახლაც ჩემპიონობის პრეტენდენტია. ჩემი თვალით, ის უკვე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია“.

No comments:

Post a Comment