Monday, October 29, 2012

რაიკონენი „ლოტუსში“ დარჩა


Kimi Raikkonen: Staying at Lotus was the obvious choice
29 ოქტომბერი
ინდური რბოლის შემდეგ, კიმი რაიკონენმა და „ლოტუსმა“ კონტრაქტი ერთი სეზონით გააგრძელეს. რაიკონენის „ფერარიში“ შესაძლო გადასვლის ტაობაზე ხმები კარგა ხანს ვრცელდებოდა, მაგრამ კორეული ეტაპის წინ, ფინელმა პილოტმა ყველა გააწბილა, როდესაც არავისთვის საინტერესო განცხადბა გამოაქვეყნა. მაშინ უკვე აშკარა შეიქნა, რომ კიმი ისევ „ლოტუსში“ დარჩებოდა.

მითუმეტეს, ის ჩემპიონბისთვის ბრძოლას ჯერაც აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში რბოლა არ მოუგია, სტაბილურობის წყალობით, მესამე ადგილი უკავია. მის წინ მხოლოდ ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი არიან. რაიკონენს სტაბილურობაში ბადალი არ ჰყავს - მან ამ სეზონის ყველა რბოლა დაასრულა და ყველაში ქულების აღება შესძლო. თანაც, ყველა რბოლა ლიდრის წრეზე დაასრულა. ანუ, უკლებლივ ყველა წრის გავლა შესძლო, რაც უნიკალური მიღწევაა.
„ვფიქრობ, ფორმულა ერთში ჩემი დაბრუნება საკმაოდ წარმატებულია. გუნდმაც მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად იმუშავა. თუ გავიხსენებთ, სად იყო გუნდი გასულ სეზონში, არც ვფიქრობდი, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შევძლებდი. მოკლედ, ქულების რეგულარულად აღება და ასე ხშირად კვარცხლბეკზე ასვლაც დიდი მიღწევაა. „ლოტუსში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ისიც ფაქტია, რომ ჩვენ რბოლის ერთსადაიმავე ფილოსოფიას ვიზიარებთ. ასე რომ, აქ დარჩენა ჩემთვის ბუნებრივი არჩევანი იყო. იმედია, მომავალ სეზონში ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ“, - განაცხადა რაიკონენმა.
ფინელ პილოტს აქებს „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე, ვინც კონსტრუქტორთა პირველობაზე “ლოტუსის“ მეოთხე ადგილს სწორედ კიმის დამსახურებად მიიჩნევს: „კიმიმ წარმოუდგენელი დაბრუნება განახორციელა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, მაშინვე აშკარა გახდა, რომ ორწლიანი უქმეობისას, სიჩქარე საერთოდ არ დაუკარგავს და ტექნიკაშიც ჩვევები შეინარჩუნა. ასეთი მობილიზებული და მოტივირებული პილოტი ჩვენთვის ნამდვილი საჩუქარია. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთ კონკურენტულ სეზონში მოწინავეთა შორის ყოფნა, პირველ რიგში, სწორედ კიმის ნიჭის და გამოცდილების დამსახურებაა. და ბუნებრივი გადაწყვეტილება სწორედ მასთან კონტრაქტის გაგრძელება იყო“.

No comments:

Post a Comment