Thursday, October 25, 2012

„კოსუორტის“ შეძენა „პროდრაივს“ სურს


Cosworth For Sale, Prodrive Wants to Buy
25 ოქტომბერი
სხვადასხვა ტიპის სარბოლი ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებულ ბრიტანულ კომპანია „პროდრაივს“, თავისი პროფილის „კოსუორტის“ შეძენა სურს. ეს ინფორმაცია „პროდრაივის“ დამაარსებელმა და მფლობელმა დევიდ რიჩარდსმა დაადასტურა.

ამჟამად „კოსუორტი“ თავისი ძრავებით, ფორმულა ერთის ორ აუტსაიდერ გუნდს - „მარუსიას“ და „ისპანიას“ ამარაგებს. მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ ტურბო ძრავებზე გადასვლის შემდეგ, კომპანია ფ1-ს დატოვებს - „კოსუორტი“ ატმოსფერული ძრავების სპეციალისტია და საეჭვოა, მისგან ტურბო ძრავების შეძენა ნორმალურმა გუნდმა ისურვოს. თანაც, თავის დროზე, სანამ ფ1-ს დაუბრუნდბოდა, კომპანიამ პირობად წამოაყენა, იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ მინიმუმ ოთხი კლიენტი გუნდი მეყოლებაო. მაშინ ოთხი გუნდი მოუძებნეს (ვირჯინი - ახლანდელი მარუსია, ისპანია, უილიამსი და ლოტუსი - ახლანდელი კატერჰემი), მაგრამ მალე ორმა „რენოს“ ძრავებზე გადასვლა არჩია.
დღეს „კოსუორტი“ ორი პიროვნების - ჯერი ფორსაიტის და კევინ კელხოვენის ხელშია, რომლებიც ამერიკულ ავტოსპორტში სახელმოხვეჭილი მაგნატები არიან. მათ ჩემპ ქარსა და ინდიქარში საკუთარი გუნდები ჰყავდათ და ჩემპ ქარის მფლობელები იყვნენ, ამჟამდ კი სხვადასხვა საქმეში არიან ჩართულნი.
სხვათა შორის, რიჩარდსი ერთხანს „ბენეტონის“ შეფი იყო, უფრო ადრე კი, მისი კომპანია „სუბარუს“ რალის მანქანებს ამზადებდა, რომლებითაც იაპონური კომპანია რალის მსოფლიო ჩემპიონატზე იგებდა რბოლებს და ტიტულებს. გარდა ამისა, „პროდრაივს“ სხვა სარბოლ სერიებშიც მიუღია მონაწილეობა და ცოტა ხნის წინ, ფ1-ის გუნდის შექმნაც სურდა.
„დიდი ხანი არაა, რაც „კოსუორტით“ დავინტერესდით. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი (კოსუორტის მფლობელები) კომპანიას ზედმეტ ფასს ადებენ, რადგან რამდენადაც ვიცი, არც ბრენდს ფლობენ და მალე ფ1-ის ბიზნესსაც დატოვებენ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კომპანია ყურადღებას იმსახურებს“, - გაზეთ „დეილი მეილთან“ საუბრისას განაცხადა რიჩარდსმა.
სხვათა შორის, ახლახანს „კოსუორტმა“ აეროკოსმოსურ და თავდაცვის ბიზნესში დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, კომპანია ჯგუფ „ბლადჰაუნდთან“ თანამშრომლობს, რომელიც სახმელეთო სიჩქარის ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება...

No comments:

Post a Comment