Thursday, October 25, 2012

ასეთ „მუსტანგზე“ რას იტყვით?


CarScoop Exclusive: The All-New 2015 Ford Mustang Precisely Imagined
25 ოქტომბერი
თავიდანვე გეტყვით, რომ „ფორდს“ ჯერ სრულიად ახალი „მუსტანგის“ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. უფრო სწორედ, ამ ავტომობილის შესახებ გაგვიმხილა მხოლოდ ის, რომ წინამორბედზე მომცრო და მსუბუქი უნდა იყოს და რაც მთავარია საერთო აღარაფერი ექნება რეტრო სტილთან. შესრულდება თუ არა კორპორატიულ სტილში, ან მისგან მხოლოდ ცალკეულ ელემენტებს დასჯერდება, ამაზე არავის არაფერი უთქვამს.

მოკლედ, „მუსტანგის“ ფანები ამ ავტომობილს მოუთმენლად ელიან. მოლოდინი კი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ცხენი ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოჩნდეს (როდესაც მუსტანგს ნახევარსაუკუნვანი იუბილე ექნება), მალე არ დასრულდება. ამ მხრივ, ბევრს არაფერს შეცვლის მსტოვრული ფოტოები, რომლებიც შიგადაშიგ აუცილებლად გაიელვებს ინტერნეტ გამოცემების გვერდებზე.
ასევე იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ახალი „მუსტანგი“ შეიძლება კონცეპტუალური „ევოსის“ სტილში შესრულდეს. პრინციპში, „ევოსის“ სტილის ელემენტები, მაგალითად რადიატორი (თავის მხრივ, ეს ელემენტი ასტონ მარტინისას ჰგავს), დაწვრილებული და წაგრძელებული ფარები და სხვა, „ფორდის“ სერიულ ავტომობილებზე უკვე გამოჩნდა. ასე რომ, არც „მუსტანგისთვის“ იქნება უცხო.
მთელი ამ არსებული (სანდო) ინფორმაციის შესაბამისად, საქმეში ჩახედულ მხატვარს არ უნდა გაუჭირდეს ახალი „მუსტანგის“ საკუთარი ინტერპრეტაციის ფურცელზე გადატანა, ინტერპრეტაციისა, რომელიც შეიძლება რეალურთან ბევრი რამით ახლოსაც კი იყოს. ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპმა“ სწორედ ამ ხერხს მიმართა - თავის პარტნიორ დიზაინერ ჯოშ ბირნსს კომპიუტერში კონცეპტუალური „მუსტანგი“ შეაქმნევინა.
კიდევ ერთი თავისებურება, რომელსაც ცისფერი ოვალი გვპირდება ისაა, რომ ახალი „მუსტანგი“, მისთვის ჩვეული V8 ძრავების გარდა, V6 და ოთხცილინდრიანი ძრავებითაც კი აღიჭურვება. რა თქმა უნდა, ევროპელებს სერია „ეკობუსტის“ ტურბო ძრავებსაც შესთავაზებენ.
დანარჩენს კი დაველოდოთ...

No comments:

Post a Comment