Friday, October 26, 2012

რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის რბოლები გაიმართება


26 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, ოქტომბრის ბოლო უქმეებზე, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს უმასპინძლებს. 27-28 ოქტომბერს ფინალური რბოლა საქართველოს ჩემპიონატის ოთხივე კლასში - ლეჯენდსში, ფორმულა ალფაში, GT შეუზღუდავში და ტურინგ 1500-ში გაიმართება. რბოლებში ქართველებთან ერთად, რუსი, ბელარუსი და პირველად ნაციონალური ავტოსპორტის ისტორიაში, ფინელი ავრომრბოლები დაუპირისპირდებიან.

რუსთავის ავტოდრომის მენეჯმენტის ცნობით, ფინეთიდან ჯანი კუივალა და ნიკო ლედერბერგი გვესტუმრნენ, რომლებსაც სხვადასხვა სერიის არაერთი რბოლა აქვთ მოგებული. რუსეთიდან კი შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ორი უძლიერესი მრბოლი - რუსეთის ჩემპიონი და ამავდროულად ფინეთის ფორმულა 3 ვიცე-ჩემპიონი ვიქტორ შაიტარი (რომელმაც რუსთავის ავტოდრომის გახსნითი რბოლები მოიგო ლეჯენდსში და ფორმულა ალფაში) და რუსეთის არაერთი სერიის ჩემპიონი არტემ კაბაკოვი იასპარეზებენ. საქართველოს მხრიდან შეჯიბრზე ევროპის ლეჯენდსის თასის გამარჯვებული დავით ქაჯაია, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი მევლუდ მელაძე, ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა და სხვა უძლიერესი მრბოლელები იასპარეზებენ.
„კვირას იმართება ჩემპიონატის რიგით მეშვიდე, ანუ დასკვნითი ეტაპი, რომლებზეც საქართველოს ჩემპიონების ვინაობა გაირკვევა. საქმეს ართულებს და თან ამშვენებს ის ფაქტი, რომ ფინელი რუსი და ბელარუსი მრბოლებიც შემოგვიერთდნენ. ეს ერთგვარი დაზვერვაა 4 ნოემბერს დაგეგმილი საერთაშორისო შეჯიბრისთვის, სახელწოდებით, რომელზეც იმდენი უცხოელი მრბოლი ჩამოდის, რომ სასტარტო ზოლზე ძლივს გვყოფნის ადგილი. მოკლედ, გულშემატკივარს საშუალება ექნება, განსაჯოს ჩვენი მრბოლების დონე როგორც ფორმულაში, ასევე ლეჯენდსის და ძარიანი ავტომობილების კლასში“, - აცხადებს რუსთავის ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრს, სახელწოდებით რუსთავი ინტერნეიშნლ ჩელენჯ, რომელიც 3-4 ნოემბერს გაიმართება, მასში მონაწილეობაზე განაცხადები 24-მა უცხოურმა ეკიპაჟმა გააკეთა, მათ შორის არიან შვედები, გერმანელები, რუსები, ბელარუსები, სომხები, უკრაინელები და ესპანელები.
საქართველო ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ფორმულას კლასის ნაციონალური ჩემპიონატი გააჩნია. ამასთან საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშიც შედის, რომლებშიც ლეჯენდსის საერთაშორისო კლასის ჩემპიონატები იმართება. ასეთები კი არიან აშშ, საფრანგეთი, ბელგია, მაროკო, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეჯიბრამდე ავტომოყვარულებისთვის ტოტალიზატორმა „ევროპა ბეთმა“ პარასკევიდან „ლეგენდსის“ და „ფორმულა ალფას“ კლასებზე ფსონების მიღება დაიწყო.

No comments:

Post a Comment