Monday, November 5, 2012

„ჰონდა“ და „პროტონი“ დაძმობილდნენ


Honda to share platforms, facilities with Proton
5 ნოემბერი
„ჰონდამ“ და მალაიზიურმა საავტომობილო კომპანია „პროტონმა“ შეთანხმება გააფორმეს, რომლის შესაბამისადაც, რიგ პროექტებზე ერთობლივად მუშაობას გეგმავენ. ამ გარიგებით, ორივე კომპანია მნიშვნელოვანი მოგების მიღებას იმედოვნებს. პირველ რიგში, ისინი ამას ახალი ავტომობილების მომზადებისას ხარჯების შეკვეცის ხარჯზე გეგმავენ.

დიდი ხანია, „პროტონი“, რომლის ჯგუფშიც სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „ლოტუსიც“ შედის, უფრო დიდ კომპანიასთან პარტნიორობას ესწრაფვის. ერთ-ერთი მათგანი, ვისთანაც მალაიზიელებს მოლაპარაკება ჰქონდათ, „ფოლკსვაგენია“. მაგრამ აქამდე მათს მცდელობას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.
ჯერ შეთანხმების პირობები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორები თავიანთ საწარმოო სიმძლავრეებს ერთმანეთს გაუზიარებენ. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლატფორმებს ერთობლივად შეიმუშავებენ და მათზე თავ-თავის ავტომობილებს ააგებენ. „პროტონისთვის“ ეს შეთანხმება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ „ჰონდას“ დახმარებით, ის თავის საექსპორტო შესაძლებლობებს არნახულად გაზრდის.
ცნობისათვის, „ჰონდას“ მალაიზიაში უკვე აქვს ქარხანა, სადაც მალე ჰიბრიდული „ჯაზის“ წარმოებას დაიწყებს. ანალიტიკოსები ჯერ ვერაფერს ამბობენ იმაზე, თუ რა მოგებას მოუტანს იაპონურ კომპანიას „პროტონთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.
სხვათა შორის, კომპანია „DRB-ჰაიკომი“, რომელმაც ახლახანს „პროტონის“ აქციების საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, რამდნიმე საავტომობილო კომპანიასთან თანამშრომლობს. კერძოდ, მალაიზიაში ისეთი კომპანიის ავტომობილებს აწარმოებს, როგორებიცაა „მერსედეს-ბენცი“, „სუზუკი“ და „ფოლკსვაგენი“.

No comments:

Post a Comment