Monday, November 5, 2012

საქართველოში ავტოსპორტის სეზონი დასრულდა

5 ნოემბერი
4 ნოემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე ჩატარებულმა საერთაშორისო რბოლებმა, საქართველოს ავტოსპორტის წლევანდელი სეზონი დაასრულა. რბოლების დასასწრებად მისული რამდენიმე ათასი მაყურებელი იმ სანახაობის მოწმე გახდა, რასაც სამწუხაროდ, სეზონის განმავლობაში იგნორირებულს ტოვებდა. არადა, იქ ყოველთვის შეიძლებოდა დაძაბული ბრძოლების ხილვა. სეზონის ბოლო სარბოლო უიკენდმა კი აჩვენა, რომ შეჯიბრების კარგად ორგანიზების შემთხვევაში, მათ მაყურებელი არ გამოელევა.
მთავარი კი ისაა, რომ საქართველოში ავტოსპორტმა გამოიღვიძა. უფრო სწორედ, ახალი სტარტი აიღო და თანაც ისეთი, როგორსაც ალბათ არავინ ელოდა. ყველა კლასში, სიჩქარეები თანდათან გაიზარდა. გამოჩნდა რამდენიმე ნიჭიერი მრბოლი, რომლებსაც თუ შესაფერისი ხელშეწყობა ექნებათ, საერთაშორისო სერიებში აუცილებლად გამოიჩენენ თავს. ამ მიმართულებით პირველი მერცხალი კი დათა ქაჯაიას გამარჯვება იყო ლეჯენდსის კლასის ავტომობილების ევროპის ეროვნებათა სერიაში.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსთავის მოტორპარკზე გამართულ რბოლებში, დათას სერიოზულ კონკურენციას რამდენიმე მრბოლი უწევდა, თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველები ევროპის ეროვნებათა სერიაში გამარჯვებას კარგა ხანს არავის დაუთმობენ. მთავარია, მასში მონაწილეობა მიიღონ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ სერიით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ეს სერია შეიძლება გახდეს ერთგვარი ტრამპლინი, რომელიც ქართველ მრბოლებს საერთაშორისო რბოლებში გამოცდილებას შესძენს და უფრო ფართო ასპარეზისკენ გაუხსნის გზას.
ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს შოთა აფხაზავას, ადამიანს, რომელმაც რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი ააშენა და რომელსაც თავადვე უწევს ექსპლუატაციას. რომელმაც ჩვენთან ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასის სარბოლი ავტომობილები შემოიყვანა და ამით ხელი შეუწყო იმას, რომ პირველივე სეზონი ასეთი საინტერესო გამოსულიყო. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ამით დაკმაყოფილებას აპირებს. ეს სეზონი გამოცდილების მიღების სეზონი იყო, რომელსაც საქართველოს ავტოსპორტის ასოციაცია, საქართველოში ავტოსპორტის განსავითარებლად აუცილებლად გამოიყენებს.
რაც შეეხება რბოლას, სახელწოდებით „რუსთავის საერთაშორისო გამოწვევა“, მას რამდნიმე უცხოელი მრბოლი დაესწრო, რომელთა შორისაც, რუსი, უკრაინელი, სომეხი და გერმანელი მრბოლებიც კი იყვნენ. სტუმართაგან ყველაზე ტიტულოვანი, რუსები - მიხაილ ალიოშინი და ვიქტორ შაიტარი, ასევე გერმანელი ბერტრან შაფერი იყვნენ. ალიოშინს შარშან ფორმულა „რენო 3.5-ის“ სერიის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, შაიტარი ძალიან გამოცდილი მრბოლია, ვისაც ჩრდილოეთ ევროპის სერიებში, ფორმულას სხვადასხვა კლასში, 27 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
რაც შეეხება შაფერს, ის ვეტერანი მრბოლია, თუმცა საკმაოდ სახელოვანი - გერმანიის ფორმულა 3-ის ორგზის ჩემპიონია! და თუ რას ნიშნავს ეს, წარმოდგენა რომ გქონდეთ გეტყვით, რომ გერმანიის ფ3-ით, ფორმულა ერთის არაერთი ვარსკვლავის, მათ შორის, მიხაელ შუმახერის, კარიერა დაიწყო.
სტუმრებს შორის ერთი ქალი იყო - უკრაინელი კსენია ნიკსი, ვისაც ამ სეზონში, უკრაინის ჩემპიონტში, ტურინგ ლაითის კლასში მიუღია მონაწილეობა. ხარკოველმა მრბოლმა, საქართველოში გამომგზავრებამდე, კიევის ავტოდრომ „ჩაიკაზე“, უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე იასპარეზა და ორი რბოლა მეოტხე ადგილზე დაასრულა. საქართველოში ჩამოსულები ფინელი მრბოლებიც იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ტექნიკის დაზიანების გამო, სეზონის დახურვის რბოლებში მონაწილეობა ვეღარ შეძლეს.

GT-ტურინგი
კლას GT-შეუზღუდავის და ტურინგ 1500-ის ერთობლივ რბოლაში, გამარჯვება GT-შეუზღუდავში საქართველოს ჩემპიონმა, ლევან კვინიკაძემ (ჰონდა) მოიპოვა, რომელმაც ორივე რბოლა დამაჯერებლად მოიგო. სამწუხაროდ, ვერ იასპარეზეს მისმა მთავარმა მეტოქეებმა, ზურაბ ბეჟაშვილმა და ვასიკო ჭონიშვილმა. ნიკსმა (ფორდი) ორივეჯერ მეორე ადგილი დაიკავა, მესამე კი 13 წლის სანდრო თავართქილაძე (სიტროენი) იყო.
სწორედ სანდრო თავართქილაძის გამოსვლები გახდა სეზონის ბოლო რბოლების მთავარი მოვლენა. პატარა ბიჭმა, დიდებთან რბოლაში თავი სტაბილურობით გამოიჩინა, რაც ამ ასაკისთვის ცოტა გასაკვირია. რაც მთავარია, არც სიჩქარე დაეწუნება. რა თქმა უნდა, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, წრის გავლის დროსაც გააუმჯობესებს.
ნიკსმაც სტაბილურად ჩაატარა რბოლა და რაც მთავარია, სწრაფი იყო. ის გამარჯვებულს მხოლოდ ხუთი წამით ჩამორჩა. სხვათა შორის, როგორც მისმა მენეჯერმა განაცხადა, თავის შეგირდს მიზნად ფინიშამდე მიღწევა დაუსახა, რასაც ხარკოველმა ქალბატონმა მიაღწია კიდეც.
რბოლაში მონაწილეობა შოთა აფხაზავამაც მიიღო, რომელიც თავისი გუნდის (ART) ექსპერიმენტული მანქანით გამოვიდა. ამ მანქანას ჯერ არც სახელი აქვს და არც ძარა. სეზონის ბოლო რბოლა, მისთვის სატესტო სესია იყო და უნდა ითქვას, რომ ეს გამოცდა „კარგზე“ ჩააბარა. მის ბაზაზე სარბოლი ავტომობილის შექმნაა დაგეგმილი, რომლითაც მონო სერია (ფორმულა ალფას მსგავსი) ჩამოყალიბდება.
ამ ავტომობილს ალუმინის მილებისა და ფურცლებისგან შექმნილი მონოკოკური მზიდი ელემენტი აქვს (ამ ეტაპზე სწორედ მისი ტესტირება მიმდინარეობს), რომელიც ფოლადის მილებისგან შეკრული მძლავრი უსაფრთხოების კარკასითაა გაძლიერებული. მონკოკის წინა ტორსზე ფორმულა 3-ის ძველი ბოლიდის ცხვირია მიბმული, თავისი საკიდარით, რომელსაც მხოლოდ ერთი ამორტიზატორი აქვს. უკანა ტორსზე კი ძრავისა და ტრანსმისიის ტანდმი მაგრდება. სამივე სეგმენტის ხისტ კავშირს ზემოთ ნახსენები უსაფრთხოების კარკასი უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ძრავს, ეს არის ვაზ-2108-სგან აღებული აგრეგატი, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 350 ცხენის ძალას ავითარებს. ტურბინას ჰაერის შუალედური გამაგრილებელი ემსახურება, რომელსაც უზარმაზარი რადიატორი აქვს. ეს უკანასკნელი ავტომობილის მარცხენა ნაწილშია მოტავსებული, ძრავის გამაგრილებელი რადიატორი კი მარჯვნივ მდებარეობს. უკანა საკიდარიც ფ3-ის მანქანისაა.
ტურინგის კლასში საუკეთესო დავით მენთეშაშვილი იყო, რომელმაც გასულ უქმეებზე ლეჯენდსის კლასშიც მოსინჯა ძალა. ამჯერად მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა ამ კლასში საქართველოს ჩემპიონი დავით ჩხიკვიშვილი.

GT-ტურინგი, 14 წრე
1. ლევან კვინიკაძე                          28:29.792
2. კსენია ნიკსი                                 5.192
3. სანდრო თავართქილაძე            1:45.135
4. დავით მენთეშაშვილი               1:53.022
5. დავით ჩხიკვიშვილი                  1 წრე
6. დავით კიკნაძე                             7 წრე
7. გიორგი კიკნაძე                            9 წრე

ფორმულა „ალფა“
ამ ღიაბორბლიან კლასში ვიქტორ შაიტარმა ორივე რბოლა მოიგო. და თუ სეზონის დასაწყისში, ავტოდრომის გახსნაზე, მას მეტოქეობა ვერავინ გაუწია, ამჯერად ნიკა ადეიშვილისგან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა. სამწუხაროდ, პირველ რბოლაში ნიკა ადრევე გამოეთიშა ასპარეზობას (გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა), მეორეში კი გამარჯვებულ რუსს სულ რაღაც, 0.282 წამით ჩამორჩა. არადა, ამჯერადაც ტრანსმისიამ სათანადოდ ვერ იმუშავა. რაც მთავარია, რბოლის მიწურულს, ნიკამ რბოლის უსწრაფესი წრე დააფიქსირა.
პირველ რბოლაში კარგად იასპარეზეს ირაკლი ჩხეიძემ და ლაშა ნადირაშვილმა, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. სამწუხაროდ, მეორე რბოლაში ნადირაშვილი ვეღარ გამოვიდა - მის მანქანაზე ტრანსმისია დაზიანდა. მეორე რბოლაში პრობლემები ჰქონდათ მევლუდ მელაძესა და დავით რამიშვილსაც.
ფორმულას კლასში ორმა სომეხმა მრბოლმა - ნერსეს და მატევოს ისაკიანებმაც იასპარეზეს, რომლებსაც ტრასაზე ამინდი არ შეუქმნიათ. თუმცა ეს მათი საფორმულე დებიუტი იყო და იმედია, მომავალ სეზონში მათ უფრო ხშირად ვიხილავთ რუსთავის ტრეკზე. სამწუხაროდ, ვერც ამჯერად იასპარეზა კიდევ ერთმა იმედისმომცემმა ქართველმა მრბოლმა ნიკა სურგულაძემ. დავით აფციაურს კი პირველ რბოლაში მანქანა გაუფუჭდა, მეორეში კი ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
რბოლების შემდეგ, შაიტარმა განაცხადა, რომ სეზონის განმავლობაში ქართველი მრბოლების პროგრესი აშკარაა და თუ მათ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლები გამოცდილება აქვთ და ეს ნაკლი დროთა განმავლობაში გამოსწორდება. ოღონდ, ასმისათვის აუცილებელია, რომ მათ რაც შეიძლება, მეტ რბოლაში მიიღონ მონაწილეობა.
რაც შეეხება ნიკა ადეიშვილს, მან დაამტკიცა, რომ ავტოსპორტში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და კარგი იქნება, თუ მომავალ სეზონში, გაცილებით მაღალ დონეზე ასპარეზობის საშუალება მიეცემა. უბრალოდ, დასანანი იქნება, თუ უსახსრობის გამო, მისი წინსვლა შეფერხდება...

ფორმულა ალფა
შაბათის რბოლა, 12 წრე
1. ვიქტორ შაიტარი             21:02.265
2. ირაკლი ჩხეიძე                10.194
3. ლაშა ნადირაშვილი        13.735
4. მევლუდ მელაძე             22.673
5. დავით რამიშვილი         23.280
* არტემ კაბაკოვი                 1:33.834
6. ნერსეს ისაკიანი              1:45.301
7. მატევოს ისაკიანი            7 წრე
8. ნიკა ადეიშვილი              11 წრე
შენიშვნა: * - დისკვალიფიკაცია (წონის ლიმიტის დარღვევა)

კვირის რბოლა, 12 წრე
1. ვიქტორ შაიტარი             20:47.875
2. ნიკა ადეიშვილი              0.282
3. მევლუდ მელაძე             26.595
4. ირაკლი ჩხეიძე                39.779
5. დავით რამიშვილი         46.898
6. მატევოს ისაკიანი            47.588
7. ნერსეს ისაკიანი              1:20.191
8. დავით აფციაური            1:39.050

ლეჯენდსი
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე საინტერესო რბოლები სწორედ ამ კლასში ჩატარდა. ჯერ ერთი, აქ ყველაზე მეტი მანქანა დადგა სტარტზე. მეორეც, კონკურენცია არნახულად მძაფრი იყო. წარმოიდგინეთ, პირველი რბოლის ფინიშზე, პირველ სამ ადგილზე გასული პილოტები 0.03 წამზე ნაკლებმა დააშორა, მეორეში კი მოწინავე სამეული 0.04 წამში, მოწინავე ხუთეული კი 0.553 წამში ჩაეტია!
ორივე შემთხვევაში, პირველი ორი ადგილი შაიტარმა და შოთა აფხაზავამ დაიკავეს. ნარბოლევს აფხაზავამაც აღნიშნა, წინასასტარტო ნერვიულობა რომ არა, კვარცხლბეკზე უფრო მეტი ქართველი ავიდოდაო. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრწყინვალედ იასპარეზეს გიორგი არჯევანიძემ (ვინც პირველი რბოლა მესამემ დაამთავრა), არჩილ ბიძინაშვილმა (მეორე რბოლაში გავიდა მესამეზე), ლეჯენდსში საქართველოს პირველმა ჩემპიონმა გიორგი ბეჟიტაშვილმა და რა თქმა უნდა, დათა ქაჯაიამ, რომელმაც განსაკუთრებით თავი პირველ რბოლაში დაგვამახსოვრა. მართალია, ფალს სტარტისთვის ის პიტლეინზე გაატარეს, მაგრამ რბოლის მიწურულს, ერთმანეთთან ბრძლაში გართულ მოწინავეებს მაინც წამოეწია და ფინიშთან გამარჯვებულს მცოლოდ 3 წამით ჩამორჩა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პიტლეინზე სიჩქარეს გადააჭარბა და დამტებით, 30 წამითაც დაჯარიმდა.
უნდა ითქვას, რომ ზემოთ დასახელებულთა გარდა, სეზონი ასევე მაღალ დონეზე ჩაატარეს დავით კაკაბაძემ და ლაშა ჭანტურიამ. სამწუხაროდ, კაკაბაძეს საერთაშორისო რბოლის წინ მანქანა დაუზიანდა და გუნდმა მას სხვა მანქანა უქირავა, რომელსაც კარგად ვერ მოერგო. ჭანტურიამ კი ასევე მანქანის გაუმართაობის გამო, ამ რბოლებში მონაწილეობა საერთოდ ვერ მიიღო.
სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასების რბოლებში უფრო მეტი გუნდი და პილოტი მიიღებს მონაწილეობას, რაც კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს, პილოტები კი დაძაბულ ბრძოლებში მეტ გამოცდილებას მიიღებენ. ასევე აუცილებელია, რომ უცხოეთში ასპარეზობის საშუალება უფრო მეტ მათგანს მიეცეს. რაც მეტი გაიმეორებს ქაჯაიას წარმატებას, ამით საქართველოში ავტოსპორტი უფრო პოპულარული და მასობრივი სპორტი გახდება, რასაც აუცილებლად მოჰყვება უმაღლესი დონის ვარსკვლავების ჩამოყალიბება.


ლეჯენდსი
შაბათის რბოლა, 10 წრე
1. ვიქტორ შაიტარი                         20:26.706
2. შოთა აფხაზავა                            0.011
3. გოგა არჯევანიძე                         0.028
4. არჩილ ბიძინაშვილი                  0.413
5. გიორგი ბეჟიტაშვილი                1.745
6. დავით კაკაბაძე                            1.757
7. მირზა ფრუიძე                             7.677
8. არტემ კაბაკოვი                            9.953
9. სერგეი საკი                                  12.654
10. დათა ქაჯაია                               33.560
11. ზაზა ზოზიაშვილი                   35.209
12. პაველ კარინი                             45.818
13. კახა აფციაური                           45.835
14. დავით მენთეშაშვილი              45.994
15. ანდრეი სტეფანოფი                  58.830
16. ბერტრან შაფერი                       1:31.785
17. ოთარ თავართქილაძე              1 წრე
18. კონსტანტინე კოლიაშვილი     8 წრე
შენიშვნა: დათა ქაჯაია პიტლეინზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის 30 წამით დაჯარიმდა

კვირის რბოლა, 10 წრე
1. ვიქტორ შაიტარი                         20:14.169
2. შოთა აფხაზავა                            0.025
3. არჩილ ბიძინაშვილი                  0.040
4. გოგა არჯევანიძე                         0.224
5. გიორგი ბეჟიტაშვილი                0.553
6. არტემ კაბაკოვი                            11.838
7. კონსტანტინე კოლიაშვილი      11.974
8. დავით კაკაბაძე                            15.843
9. ოთარ თავართქილაძე                18.052
10. მირზა ფრუიძე                           19.569
11. სერგეი საკი                                23.953
12. ზაზა ზოზიაშვილი                   30.108
13. კახა აფციაური                           38.823
14. ვლადიმერ მელნიკოვი            48.616
15. ბერტრან შაფერი                       1:06.675
16. დათა ქაჯაია                               1 წრე

რაც შეეხება ალიოშინს, თავიდან იგეგმებოდა, რომ ის ფორმულა ალფას რბოლებში, შოთა აფხაზავას გუნდ „არტლაინის“ ფორმულა 3-ის ბოლიდით უკონკურსოდ გამოსულიყო, თუმცა შემდეგ ორგანიზატორებმა გადაიფიქრეს და რუსმა მრბოლმა მხოლოდ საჩვენებელი ორი წრე გაიარა, რის შემდეგაც, მთავარი ტრიბუნის წინ, რვიანები დახაზა.
აუცილებელ აღნიშვნას იმსახურებს რბოლებში შაიტარის მონაწილეობა. ჩვენი პილოტებისთის ის ერთგვარი ეტალონია, რომელთან შედარებითაც, მათი დონის შეფასება შეიძლება. სწორედ ეს ეტალონი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქართული ავტოსპორტი აღმავალ გზას დაადგა. და ამისათვის, დიდი მადლობა შაიტარს.

დაბოლოს, სეზონის დახურვისთვის, რუსთავის მოტორპარკზე, მთავარი ტრიბუნის წინ, უზარმაზარი ეკრანი-ტაბლო ამოქმედდა, რომელმაც კვარცხლბეკის უკან სარეკლამო ბილბორდიც შეცვალა და იმავდროულად, ტრიბუნაზე მყოფებს, რბოლის რეპორტაჟისთვის თვალის მიდევნების საშუალებაც მიეცათ. და ეს ყველაფერი არაა... ბატონი შოთა აფხაზავა, ავტოსპორტის მოყვარულებს მომავალ სეზონში ბევრ სიურპრიზს პირდება...

ასევე წაიკითხეთ

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!


და

დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონია

No comments:

Post a Comment