Monday, November 5, 2012

„ალპინის“ აღდგენაში „რენოს“ „კატერჰემი“ დაეხმარება


Renault and Caterham Officially Join Forces to Resurrect Alpine Brand
5 ნოემბერი
რამდენიმე თვეა, პრესაში პერიოდულად ჩნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარკა „ალპინის“ აღსადგენად, „რენო“ ინტენსიურად ეძებდა სპორტული ავტომობილების წარმოებაზე დახელოვნებულ პარტნიორს. ყველაზე ხშირად, ასეთად „კატერჰემის“ კანდიდატურას ასახელებდნენ და აი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ორმა კომპანიამ დღეს ოფიციალური განცხადება პარიზში ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მათ ჩამოაყალიბეს ერთობლივი საწარმო, რომლის წილებიც თანაბრად ეკუთვნით. ამ საწარმოს დანიშნულება, „ალპინისთვის“ და „კატერჰემისთვის“ სპორტული ავტომობილების შემუშავებაა, რომლებსაც საერთო პლატფორმები ექნებათ და რომლებსაც ორივე კომპანიისთვის „რენოს“ დიეპის ქარხანაში გამოუშვებენ, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარეობს.
ახალი ერთობლივი საწარმო, სახელწოდებით „აუტომობილს ალპინ კატერჰემ“ (SAAC), „რენოს“ მფლობელობაში მყოფ კომპანია „აუტომობილს ალპინ რენოს“ ბაზაზე იქმნება. აქამდე მისი ასპროცენტიანი მფლობელი, ფრანგული კომპანია იყო, ამერიდან კი მისი 50 პროცენტი „კატერჰემის“ ხელში გადავა. ახალი კომპანია მუშაობას ოფიციალურად იანვარში დაიწყებს, მისი ხელმძღვანელი კი ბერნარ ოლივიე გახდება, ვინც ორი წელიც არაა, რაც „რენოს“ ვიცე პრეზიდენტი გახდა.
„ეს ინოვაციური პარტნიორობა, რომელშიც ჩვენ და „კატერჰემი“ ვითანამშრომლებთ, შორს მიმავალ მიზნებს ისახავს: მისი მიზანია სპორტული ავტომობილის შექმნა, რომელსაც „ალპინის“ გენები ექნება. ეს ახალი გამოწვევაა დიეპის ქარხნისთვისაც, რომელსაც სპორტული ავტომობილების წარმოების (კერძოდ, რენოსპორტის ავტომობილების) სოლიდური გამოცდილება აქვს“, - განაცხადა „რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა.
დიეპის ქარხანა
„რენო“ და „კატერჰემი“ უკვე თანამშრომლობენ ფორმულა ერთში. კერძოდ, ფრანგული კომპანია თავისი ძრავებით ინგლისური კომპანიის გუნდს ამარაგებს. პარტნიორები აცხადებენ, რომ ახალი პროექტების განსახორციელებლად, თანაბრად იქნებიან ჩართულნი როგორც საინჟინრო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ორივე კომპანიის მიზანს, საკუთარი ახალი სპორტული ავტომობილის გამოშვება წარმოადგენს, რასაც ალბთ 3-4 წელი დასჭირდება.
ორივე ახალი ავტომობილი, ერთობლივად შემუშავებულ პლატფორმაზე აიგება, თუმცა პარტნიორების განცხადებით, ორივეს სრულიად განსხვავებული ხასიათი და გარეგნობა ექნება. ჯერჯერობით, უფრო მეტი ინფორმაცია ამ ახალ ავტომობილებზე არ გახმაურებულა. თუმცა აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ფრანგული კომპანიის წარმომადგენელთა ადრინდელი გაცხადებები, რომელთა შესაბამისადაც, ახალი ავტომობილ(ებ)ი უკანაამძრავიანი იქნება. ოღონდ, მათ არ უთქვამთ, ძრავი წინ განლაგდება, თუ ბაზაში.
დაახლოებით წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს „ალპინის“ პირველი ავტომობილი, „რენომ“ ცოტა ხნის წინ შეგვიქმნა, როდესაც კონცეპტუალური „ალპინ A110-50“ გვიჩვენა. ეს ავტომობილი, სარბოლი „მეგან ტროფის“ ბაზაზე შეიქმნა, რომელზეც „ნისანის“ წარმოების 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი დააყენეს 400 ცხენის ძალით. მოსალოდნელია, რომ „ალპინის“ პირველი ავტომობილი ნაკლებად ექსტრემალური და შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე კონცეპტუალური „ალპინ A110-50“ შეიძლებოდა ყოფილიყო.
„კატერჰემის“ მტავარი აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელი დატო კამარუდინ მერანუმი ამბობს, რომ თავიდან მისი კომპანია ცდილობდა, პარტნიორობაზე „ლოტუსი“ დაეთანხმებინა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. მერანუმი ამბობს, რომ „რენოსთან“ თანამშრომლობა გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე „ლოტუსთან“ შეიძლებოდა ყოფილიყო.

No comments:

Post a Comment