Sunday, November 4, 2012

რაიკონენმა მოიგო და... ჩემპიონობის შანსი დაკარგა (ვიდეო)

Raikkonen wins Abu Dhabi thriller
4 ნოემბერი
...იმიტომ, რომ დარჩენილ ორ რბოლაში, მაქსიმუმ 50 ქულის აღებაა შესაძლებელი, ფინელი პილოტი კი ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს ამაზე მეტით ჩამორჩება. სამაგიეროდ, კიმი რაიკონენი ამ სეზონის მერვე გამარჯვებულია. ეს მის კარიერაში მე-19 გამარჯვებაა და პირველი 2009 წლის ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ.
რაიკონენმა 0.8 წამით აჯობა ფერნანდო ალონსოს , ვინც მართალია, ფეტელთან ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირა, მაგრამ გერმანელთან ჯერაც 10 ქულას აგებს. ამით კი ის აშკარად უკმაყოფილო ჩანდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ფეტელს, რომელმაც სტარტი პიტლეინიდან აიღო, სულ რაღაც 3 ქულა ამოუქაჩა. თანაც, მოქმედ ჩემპიონს ბოქსებში ვიზიტი, ერთ-ერთი შეჯახებისას დაზიანებული ცხვირის გამოსაცვლელად მოუხდა.
სამწუხაროდ, რბოლა ვერ დაასრულა კვალიფიკაციის გამარჯვებულმა ლუის ჰამილტონმა, ვინც სტარტიდანვე დაწინაურდა და შესაძლოა, რბოლაც ადვილად მოეგო, თუმცა მეოცე წრეზე მოულოდნელად გაჩერდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის მიზეზი, საწვავის მიწოდების სისტემა გახდა. არადა, ჰამილტონმა აღიარა, რომ ასეთ მანქანაზე სხვა დროს მხოლოდ თუ იოცნებებდა.
აბუ დაბიში რბოლის შემდეგ, ფეტელს 255 ქულა დაუგროვდა, ალონსოს კი - 245. ოსტინის უახლეს ტრასაზე, გერმანელს ისიც ეყოფა, თუ თავის მდევარზე 15 ქულით მეტს აიღებს. ამ შემთხვევაში, ის ბრაზილიის რბოლამდე გაინაღდებს ზედიზედ მესამე ტიტულს. რაც შეეხება გუნდურ პირველობას, „რედ ბულს“ შეეძლო, რომ ტიტული ემირატებშივე გაენაღდებინა, მაგრამ რბოლა ვერ დაასრულა მერკ ვებერმა და კონსტრუქტორთა თასის ბედი ამერიკული ეტაპისთვის გადაიდო. აღსანიშნავია, რომ ავსტრიული გუნდი იტალიურს 82 ქულით სჯობნის და 4 ქულაღა სჭირდება ტიტულის მოსაპოვებლად. ანუ, დარჩენილ ორ რბოლაში, წითელ ხარებს კატასტროფულად არ უნდა გაუმართლოს, რომ მათ ჩემპიონობა ვერ შეძლონ.
რბოლისას ორჯერ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. პირველად ეს მე-9 წრეზე, მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკო როსბერგი ნარაინ კართიკეიანს შეეჯახა. ინდოელ მრბოლს ძალიან გაუმართლა, რომ თავი მხრებზე შერჩა - „მერსედესმა“ მას თავზე გადაუფრინა და დამცავი რკალი რომ არა, კარგი დღე არ დაადგებოდა... მოკლედ, ტრასა ნამსხვრევებით გაივსო, რომლების მოშორებასაც ტრასის პერსონალმა 5 წრე მოანდომა.
მეორედ უსაფრთხოების მანქანა 39 წრეზე გამოვიდა, როდესაც რომენ გროჟანმა, სერხიო პერესმა და მარკ ვებერმა გზა ვერ გაიყვეს: ჯერ მექსიკელმა სცადა გროჟანის გასწრება, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და საბოლოოდ, მისი და პერესის მანქანები ერთმანეთს დაეჯახა. და სანამ ფრანგი გონს მოეგებოდა, მისი „ლოტუსი“ ვებერის „რედ ბულმა“ „გაიტანა“. პერესმა გზა მას შემდეგ განაგრძო, რაც ბოქსებში მანქანის ცხვირი გამოუცვალეს. ვებერისა და ფრანგისთვის კი ყველაფერი იქვე დასრულდა.
რბოლის მიწურულს, ფეტელმა მესამეზე მყოფ ჯენსონ ბატონს, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მაინც გაუარა. ბოლოს ალონსომაც სცადა რაიკონენის დაწევა, მაგრამ მასთან ერთწამიანი ჩამორჩენის ზონაში მაინც ვერ შევიდა. არადა, ეს რომ მოეხერხებინა, ბოლო ორ წრეზე, DRS-ის დახმარებით, მეტოქის გასწრების შანსი გაუჩნდებოდა.
საინტერესო ფაქტი: როდესაც რაიკონენს რადიოთი აცნობეს, რომ ჰამილტონი გაჩერდა და ლიდერობა მის ხელში გადავიდა, უხეშად უპასუხა - თავი დამანებეთ, კარგად ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეო... მოგვიანებით, რეზინი რომ გამოცვალა, მას შეახსენეს, რომ საბურავები უნდა გაეხურებინა, რაზეც გაღიზიანებულმა უპასუხა: „კი, კი, კი, მე ყოველთვის ასე ვიქცევი“.
დაკიდევ, ერთ: 1987 წლიდან მოყოლებული, გუნდმა სახელად „ლოტუსი“, პირველი გამარჯვება იზეიმა. თუმცა, ახლანდელ გუნდს, ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის გუნდთან მხოლოდ სახელი აკავშირებს. რეალურად, ის „რენოს“ შთამომავალია...


აბუ დაბის დიდი პრიზი
იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (5.554 კმ, 55 წრე)
1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:45:58.667
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   +00:00.852
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               00:04.163
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                00:07.787
5. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         00:13.007
6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         00:20.076
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:22.896
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          00:23.542
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               00:24.160
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      00:27.463
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               00:28.075
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           00:34.906
13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              00:47.764
14. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           00:56.473
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         00:56.768
16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 01:04.595
17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 01:11.778
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           14 წრე
გ. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      18 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   18 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            36 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     48 წრე
გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                 48 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            55 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:43.964, 54-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 255 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 245; 3. კიმი რაიკონენი - 198; 4. მარკ ვებერი - 167; 5. ლუის ჰამილტონი - 165; 6. ჯენსონ ბატონი - 153; 7. ფელიპე მასა - 95; 8. ნიკო როსბერგი - 93; 9. რომენ გროჟანი - 90; 10. სერხიო პერესი - 66; 11. კამუი კობაიაში - 58; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 49; 13. პოლ დი რესტა - 46; 14. პასტორ მალდონადო - 43; 15. მიხაელ შუმახერი - 43; 16. ბრუნო სენა - 30; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 12; 18. დანიელ რიკიარდო - 10

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 422 ქულა; 2. ფერარი - 340; 3. მაკლარენ-მერსედესი - 318; 4. ლოტუს-რენო - 288; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერ-ფერარი - 124; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 95; 8. უილიამს-რენო - 73; 9. ტორო როსო-ფერარი - 22


ვიდეო

No comments:

Post a Comment