Thursday, November 8, 2012

„ფერარის“ ტექსასში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება

Ferrari 'must have' winning car in Texas, says Luca di Montezemolo
8 ნოემბერი

„ფერარიმ“ აუცილებლად უნდა მოიგოს სეზონის ბოლოსწინა ეტაპი ამერიკაში, რათა ფერნანდო ალონსომ ტიტულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნოს, - ამბობს იტალიური საჯინიბოს შეფი ლუკა დი მონტეძემოლო. შეგახსენებთ, რომ ალონსო სებასტიან ფეტელს 10 ქულით ჩამორჩება. ესპანელის გამარჯვების შემთხვევაში, ფეტელთან ჩამორჩენა მინიმუმ, 7 ქულით შემცირდება და ამ შემთხვევაში, ჩემპიონის ვინაობა ბრაზილიაში, ბოლო ეტაპზე გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის რბოლა ალონსომ მეშვიდე პოზიციიდან დაიწყო, ფეტელმა კი სტარტი საერთოდაც, პიტლეინიდან აიღო. ორივემ წინ წაიწია, მაგრამ გერმანელის წინსვლა, რასაც მისი ბრწყინვალე რბოლის გარდა, გარემოებებმაც შეუწყო ხელი. საბოლოოდ, ორივემ რბოლა მოწინავე სამეულში დაასრულა.
რბოლის შემდეგ, დი მონტეძემოლო გუნდის წამყვან ინჟინრებს და შეფ სტეფანო დომენიკალის შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დროა, „ფერარი“ აღარ იყოს მდევრის როლში და ალონსოს ისეთი მანქანა მოუმზადოს, რომლითაც ფეტელთან ტოლსწორად პაექრობას შეძლებს.
„გუშინ ალონსომ ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა ჩაატარა, რომელშიც თავის შესაძლებლობათა 120 პროცენტი გამოავლინა. ამასთან, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლა. მაგრამ ფაქტია, რომ შემდგომი რბოლებისთვის, უკეთ მომზადება გვმართებს. სწორედ ეს მოვთხოვე დომენიკალის და მის გუნდს. ჩვენ 10 დღე გვაქვს იმისათვის, რომ ტექსასში ბრძოლისუნარიანები ჩავიდეთ“, - ამბობს დი მონტეძემოლო.
ის ვარაუდობს, რომ სიახლეები, რომლებიც გუნდმა აბუ დაბის რბოლისთვის მოამზადა, სათანადოდ ვერ იმუშავა: „მე მინდა ვიცოდე, რატომ ვერ მოგვცა ამ სიახლეებმა ის შედეგი, რომლებსაც მათგან ველოდით. არადა, მილში ტესტირების დროს, მათგან ჩვენი ინჟინრები გაცილებით უკეთეს შედეგებს ელოდნენ“.
ყოველივეს მიუხედავად, დი მონტეძემოლო დარწმუნებულია, რომ სეზონის მიწურულს, „ფერარი“ უპირატესობას მოიპოვებს: „ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ბოლო 15 სეზონია, ჩვენ ტიტულისთვის ვიბრძვით და ეს სიტუაცია უცხო არაა. ბოლო მომენტში ვითარების შემობრუნებაც მოგვიხერხებია. ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ და ყველაფერი თავიდან გადავამოწმოთ. მჯერა, რომ გამარჯვების წყურვილი, ჩვენს თანამშრომლებს საბრძოლველად განაწყობს. ყველა აბსოლუტური მონდომებით იმუშავებს იმისათვის, რომ ალონსოსავით, მათაც თავიანთი შესაძლებლობების 120 პროცენტი გაიღონ და მას ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარონ“.

No comments:

Post a Comment