Friday, November 16, 2012

„მაზდამ“ ევროპელებისთვის MX-5 როდსტერი და როდსტერ კუპე დახვეწა

Mazda Launches Subtly Revamped MX-5 Roadster and Roadster Coupe in Europe
16 ნოემბერი
„მაზდა MX-5 როდსტერი“ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი როდსტერია, თუმცა მისი მესამე თაობა ბაზარზე 2005 წლიდანაა და ამიტომ, სანამ ახალი თაობის წარმოებას დაიწყებს, იაპონურმა კომპანიამ ძველის დახვეწა გადაწყვიტა. ეს კი მხოლოდ მსუბუქ ფეისლიფტში აისახა.
განახლებული MX-5 ევროპელებმა პირველად პარიზის მოტორ შოუზე იხილეს. მას მყიდველს რბილი და მყარი მოსახსნელი სახურავით სთავაზობენ. შესაბამისად, მათი სახელებია „MX-5 როდსტერი“ და „MX-5 როდსტერ კუპე“. ფეისლიფტი წინა ბამპერს შეეხო, რომელსაც უფრო აგრესიული ფორმა მისცეს. შეცვლილია რადიატორის ფორმა და ნისლსაწინააღმდეგო ფარები.
მყიდველს არჩევანის გაკეთება ძარის რვა ფერს შორის მოუწევს. მათ შორის ახალია „დოლფინ გრეი“ (დელფინისფერი რუხი), სალონში ყურადღებას მუქ ფერებში შესრულებული საჭის რგოლი და მისი წკირები, ასევე მაჩვენებლების დაფა იქცევს.
უცვლელი დარჩა MX-5-ის ძრავების მინი-გამა, 1.8-ლიტრიანი 126-ცხენისძალიანი და 2.0-ლიტრიანი, 160-ცხენისძალიანი ძრავები შედის. ამათგან პირველთან 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, მეორესთან კი - 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური ტრანსმისია. ამასთან, „მაზდას“ ინჟინრებმა, იმ ვერსიების აჩქარების მართვის პროგრამა დახვეწეს, რომლებიც მექანიკური კოლოფებით აღიჭურვება. ამის მიზანი, აქსელერატორზე რეაგირების (განსაკუთრებით, დაბალ ბრუნვებზე) გაუმჯობესება იყო. ასევე გააუმჯობესეს მუხრუჭების ვაკუუმ-გამაძლიერებელი.

საინჟინრო თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა კაპოტის კონსტრუქცია, რომელიც „აქტიური“ სისტემით აღიჭურვა. მისი დანიშნულება ისაა, რომ ფეხმავალთან შეჯახებისას, კაპოტი გარკვეული კუთხით წამოსწიოს, რაც ფეხმავლის დაზიანების ხარისხს ამცირებს. ასევე შეიცვალა წინა ბამპერის კონსტრუქცია, რომელიც ასევე ფეხმავლის ფეხების დაცვას ემსახურება.

No comments:

Post a Comment