Friday, November 16, 2012

უკონკურენტო „რეინჯ როვერი“ საკუთარ რეკორდებს უმიზნებს

Range Rover is still in a class of its own

16 ნოემბერი
42 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ უგზოობის ლიმუზინ „რეინჯ როვერის“ წარმოება დაიწყო. ამ მოდლის პოპულარობაზე თუნდაც მარტო ის ფაქტი მეტყველებს, რომ მეოთხე თაობის „რეინჯ როვერი“ ბაზარზე ახლახანს გამოვიდა. ანუ, წინა სამი თაობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 14 წელია, რაც თანამედროვე ავტოინდუსტრიაში წარმოუდგენელი მიღწევაა.
მართალია, ბაზარზე ამ ავტომობილს ისეთი სოლიდური კონკურენტები ჰყავს, როგორებიც „აუდი Q7“, „ბეემვე X5“ და „მერსედეს GL-ია“, მაგრამ რეალურად, „რეინჯ როვერი“ ცალკე, უგზოობის ლუქს კლასში გამოდის, სადაც მას კონკურენტი მანამ არ ეყოლება, სანამ „ლამბორგინი“, „მაზერატი“ და „ბენტლი“ საკუთარ უგზოობის მოდელებს გამოუშვებენ.
„ლენდ როვერი“ იმედოვნებს, რომ ახალი „რეინჯ როვერიც“ ბაზარზე ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც „ევოკია“. ამ უკანასკნელის დებიუტი შარშან შედგა და მას შემდეგ, 100 000 ცალზე მეტია გაყიდული. ამასთან, „ევოკმა“ ათეულობით აღიარება და ჯილდო დაიმსახურა.
„ლენდ როვერის“ გლობალური ბრენდ დირექტორი ჯონ ედვარდსი, ახალი „რეინჯ როვერის“ წლიური გეგმიური გაყიდვების კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა გვპირდება, რომ ეს ავტომობილი იოლად გადალახავს თავისი წინამორბედის რეკორდულ ზღვარს - 2007 წელს ის 32 000 ცალი გაყიდულა.
„ახალი „რეინჯ როვერის“ მყიდველად ისეთ წარმატებულ ადამიანებს მოვიაზრებთ, რომლებსაც ისეთი პროდუქტი უნდათ, რომელიც ჭეშმარიტი ლუქს ხარისხითაც გამოირჩევა და სპეციფიკურ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს“, - ამბობს ედვარდსი.
„ლენდ როვერმა“ შარშან 27 000 ცალი „რეინჯ როვერის“ გაყიდვა შესძლო, რაც მოძველებული ავტომობილისთვის კარგი შედეგია. ამ ავტომობილისთვის საუკეთესო ბაზარი ამერიკაა, სადაც ის 9 761 ცალი გაიყიდა. შემდეგი უკვე ჩინეთია, სადაც 5 133 ცალია გაყიდული. ცისქვეშეთს ოდნავ ჩამორჩა ბრიტანეთი - 4 742 ცალი. გაყიდვების მოცულობით მეოთხე ადგილი რუსეთს უკავია - 2 550.
„ლენდ როვერი“ მოელის, რომ „რეინჯ როვერის“ ტოპ სამი ბაზარი უცვლელი დარჩება. ამასთან, ჩინეთში გაყიდვების გაზრდაა ნავარაუდები, რასაც ხელი ახალმა უკანა, ეგრეთ წოდებულმა აღმასრულებლის სავარძლებმა უნდა შეუწყოს. ამ სავარძლების თავისებურება ისაა, რომ ისინი ავტომატური რეგულირების სისტემით და მასაჟორითაა აღჭურვილი. ოღონდ, ასეთ სავარძლებს მყიდველს მხოლოდ ოპციის სახით შესთავაზებენ.
„ლენდ როვერს“ ახალ „რეინჯ როვერზე“ შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს. პირველ ავტომობილებს ამერიკელი მყიდველი დეკემბერში მიიღებს, შემდეგ კი ჯერ ევროპის, მოგვიანებით კი დანარჩენი ბაზრების ჯერიც დადგება.

No comments:

Post a Comment