Tuesday, June 9, 2009

”როლს როისი” წარმოებისთვის ”მოჩვენებას” ამზადებს

Rolls-Royce Ghost

9 ივნისი

”როლს როისი” წარმოებისთვის ახალ ავტომობილს ამზადებს, რომელიც მის ახლანდელ ერთადერთ მოდელ ”ფანტომზე” კლასით ერთი საფეხურით დაბლა იქნება და რომლის დებიუტიც მერმის, წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე შედგება.

”როლს როისი” იმედოვნებს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ალბათ ”გოსტი” (Ghost, ანუ მოჩვენება, აჩრდილი) დაერქმევა, მას გაყიდვების გაორმაგებაში დაეხმარება. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ”გოსტი” საგზაო ტესტირებისას არის გადაღებული. ავტომობილი პრაქტიკულად კამუფლაჟის გარეშეა, მისი გარეგნობა კი ძლიერ ჰგავს კონცეპტუალური EX200-სას, რომელიც კომპანიამ წელს რამდენიმე ავტო შოუზე წარადგინა.

ავტომობილი ”როლს როისის” კორპორატიულ სტილშია შესრულებული. ის ძლიერ ჰგავს ”ფანტომს”, თუმცა მასზე პატარა და უფრო სპორტულია. რაც მთავარია, ტრანსპორტის ნაკადში მისი ამოცნობა მონუმენტური რადიატორის, წაგრძელებული სალონისა და ვეებერთელა კაპოტის მეშვეობით, პრობლემა არ იქნება.

”ფანტომის” მსგავსად, ”გოსტსაც” ორი წყვილი, ეგრეთ წოდებული თვითმკვლელის ტიპის კარები აქვს, რომლებიც წინა და უკანა საყრდენებზეა დაკიდებული და რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იხურება. სალონი კი სულ ხუთ ადამიანზეა გათვლილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 5 399, სიგანე 1 948 და სიმაღლე 1 550 მილიმეტრი.

სალონში ტყავი და ძვირფასი ხე დომინირებს, განსაკუთრებული ფუნქციის მქონე დეტალები კი მოიქრომება. საერთო ჯამში, კომპანიის სტილისტებმა აქცენტი სისადავეზე გააკეთეს, რაც სალონის მდიდრულობას ოდნვაც არ აკნინებს.

”გოსტი” 6.6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ტურბოდამჭირხნი ემსახურება. ძრავის სიმძლავრე დაახლოებით 500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. მასთან შეწყვილებულია 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

”როლს როისი” თავისი ”მოჩვენების” წარმოებას გუდვუდში მდებარე საწარმოში, ამ წლის მიწურულს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment