”ალფა მილანოს” მობილურით გადაღებული ფოტოები
Alfa Romeo Milano
5 ივლისი
ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ინფორმაციის უსწრაფეს გავრცელებას უწყობს ხელს და შედეგად, თუ ვინმე ჩვენი პოლიტიკოსთაგანი ბერლინში, კიევში, ან რიო დე ჟანეიროში გამართავს საიდუმლო სერობას, ამ სერობის ვიდეოჩანაწერს, მეორე დღეს თუ არა, მესამე დღეს მაინც ვნახულობთ ინტერნეტში.
მსგავსი სიტუაცია ავტოინდუსტრიაშიც შეინიშნება, სადაც ძალიან გაიოლდა ტესტირების პროცესში მყოფი ახალი, ჯერაც კამუფლირებული ავტომობილების ფოტოების მოპოვება. ვთქვათ, ნურბურგრინგის მახლობლად, ან ევროპულ ავტობანზე ხართ და მოულოდნელად, შენიღბულ ავტომობილს ხედავთ. რა თქმა უნდა, ეს რომელიმე ახალი ავტომობილია, რომელზეც მწარმოებელი ჯერჯერობით ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს. მაგრამ თანამედროვე მობილურით, მისი მაღალი ხარისხის ფოტოს გადაღება პრობლემა არაა.
ჰოდა, ინტერნეტ გამოცემებში სულ უფრო ხშირად იხილავთ ”მაკლარენის” უცნაურად აჭრელებულ ახალ სუპერავტომობილს, რომლის შესახებაც ინფორმაციას რონ დენისის კანტორა ისე მალავს, გეგონება სახელმწიფო საიდუმლო იყოს. ან შეგხვდებათ შავი შალითებით დაფარული სიმახინჯე, რომელიც რაღაცით ”მერსედეს-ბენცის” ML-ს მოგაგონებთ. ესე იგი, სამქიმიანები თავიანთი პოპულარული უგზოობის მოდელის განახლებულ ვარიანტს ამზადებენ. და ასე შემდეგ...
ყველაფრის მიუხედავად, იმაზე ოცნებაც არ ღირს, რომ შეხვალთ რომელიმე კომპანიის ქარხანაში, სადაც უკვე დაწყებულია ახალი ავტომობილის წარმოება, რომელიც ჯერ არავის უნახავს და იქ მის ფოტოებს გადაიღებთ. მერე ამ ფოტოებს იმავე დღეს ფეისბუკით თქვენს მეგობრებს უჩვენებთ... ტყუილი ოცნებაა, მაგრამ ხანდახან ასეთი ოცნებაც ახდება.
ასე მოხდა ”ალფა რომეოს” ნეაპოლის ქარხანაში, სადაც უცნობმა პირმა მობილურით ახალთახალ ”ალფა რომეო მილანოს” ფოტოები კონვეიერზევე გადაუღო და შემდეგ, თავისი მეგობრების ფეისბუკის საერთო ფურცელზე დადო. მერე ეს ფურცელი ბლოგ carscoop.blogspot.com-ის თანამშრომლებმა იხილეს, რომელთა გვერდიდან ეს ფოტოები ჩვენთანაც მოხვდა. მთავარი კი ისაა, რომ პრემიერამდე კარგა ხნით ადრე, ამ ავტომობილის ვიზუალური გაცნობის საშუალება მოგვეცა.
რომ არ ვიცოდეთ, ფოტოებზე ”ალფა რომეო მილანოა” ასახული, ის იტალიური კომპანიის პოპულარული ჰეჩბეკი ”მიტო” გვეგონებოდა. მსგავსება აშკარაა. სხვა ”ალფების” მსგავსად, ”მილანოს” სავიზიტო ბარათიც რადიატორის ბადის საფირმო მოყვანილობაა, რომელსაც რაინდის ფარის ფორმა აქვს. გარდა ამისა, ყირადღებას ავტომობილის მომრგვალებული ფორმებიც იქცევს. აშკარაა, რომ იტალიური საავტომობილო დიზაინის ბარაქა არც ამ ავტომობილს აკლია.
ინტერიერის ფოტოებიდან (მართლაც ყოჩაღ, ფოტოების ავტორო) ჩანს, რომ ”მილანო” სპორტული ყაიდის ავტომობილია. მაჩვენებლების დაფის გასანათებლად წითელი და ღია ყვითელი შუქია გამოყენებული. ცენტრალური პანელი კი სიხალვათით გვაოცებს. ამ მსტოვრულ ფოტოებზე ვერც მრავალფუნქციურ მონიტორს დაინახავთ - ეს სპორტულობის ნიშანია (მძღოლი მხოლოდ მთავარ მაჩვენებლებს უნდა უყურებდეს). უკანა კარზე სახელური არ ჩანს - ესეც ”ალფას” სტილია და თანაც, თუ მანქანას შორიდან შეხედავთ, ის შეიძლება სამკარიანი (ესე იგი, სპორტული ჰეჩბეკი) გეჩვენოთ. სახელური კარის უკანა ნაწილზე, უკანა საყრდენშია ჩაყოლებული.
ცნობილია, რომ ”მილანო” ”ფიატის” ჯგუფის C და D სეგმენტებისთვის საერთო პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც C-ევოს სახელითაა ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია, ევროპულ ბაზარზე ის წელსვე გამოჩნდება, თუ მერმის, წლის დასაწყისში. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კონკურენციას 1-ლი სერიის ”ბეემვეს” გაუწევს. ამაში კი მას 1.4 და 1.75-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბომოტორები დაეხმარება, რომელთა სიმძლავრეც 200 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. რა თქმა უნდა, ძრავების გამაში დზელის აგრეგატებსაც ვიხილავთ.
ამჯერად სულ ეს არის...
No comments:
Post a Comment