წყალში ნაპოვნი ”ბუგატი”
Brescia Bugatti
20 ივლისი
ასეთი იყო ტბაში ჩაძირვამდე 1925 წელს გამოშვებული ”ბრეშა”წყალში მარტო ჩაძირულ გემებს როდი პოულობენ. ფსკერზე თურმე ოდესღაც ჩაძირული ავტომობილის ნახვაც შეიძლება, ავტომობილისა, როგორებსაც დღეს სანთლით ეძებენ და როგორებშიც ასეულობით ათას, ხშირად კი მილიონობით დოლარსაც იხდიან. და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხვდა შვეიცარიის ერთ-ერთი ტბის ფსკერზე ასეთი ავტომობილი.
რამდენიმე დღის წინ, შვეიცარიის ქალაქ ასკონას მყვინთავთა კლუბის წევრებმა, ქალაქის მახლობლად მდებარე ტბა ვერბანოს ფსკერზე ჩაძირული ”ბუგატი” იპოვნეს, რომელიც იქ მინიმუმ 70 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
”ბუგატის” ისტორიის ფრანგი ექსპერტი ჰანს მატი ამბობს, რომ ტბის ფსკერზე ნაპოვნი ავტომობილი ”ბრეშა ბუგატია”, მასზე აღმოჩენილი ნომრის მიხედვით კი დადგინდა, რომ ის 1925 წლის 11 აპრილს დაამზადეს. ავტომობილი საფრანგეთში, ქალაქ ნანსიში გაყიდულა. ამ ეტაპზე, მის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი.
ჟურნალ ”ტოპსპიდის” ინფორმაციით, ამჟამად მთელს მსოფლიოში თითქმის 3 000 ”ბუგატი” არსებობს, მათგან 160 ცალი შვეიცარიაში იმყოფება. როგორც ანტიკვარული მანქანების სპეციალისტები ამბობენ, ტბაში აღმოჩენილი ავტომობილი აღდგენას არ ექვემდებარება. მაგრამ აუქციონზე მისი გაყიდვა თურმე ამ სახითაც შესაძლებელია.
მატი ამბობს, რომ ეტორე ბუგატის ”ბრეშას” სახელით არაერთი მოდელი დაუმზადებია. ყველა მათგანს განსაკუთრებული ნიშანი აქვს, რომელიც მათი ამოცნობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ”ტაიპ 13 ბრეშა” იმითაა გამორჩეული, რომ მას კარბურატორი ძრავის მარცხენა მხარეს აქვს მოთავსებული, რაც ”ბუგატის” სხვა მოდელებზე არ გვხვდება. მასვე გამოსაბოლქვი მილი მარჯვნივ აქვს. ”ტაიპ 23 ბრეშა” კი ავტოინდუსტრიის ისტორიაში პირველი სერიული ავტომობილია, რომელსაც ძრავის ცილინდრზე ორზე მეტი სარქველი აქვს.
No comments:
Post a Comment