Sunday, July 19, 2009

შეკვეთით შექმნილი ჯუჯა ელექტრომობილის პროექტი

Lotus supermini

19 ივლისი






სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” ინჟინრებმა ჯუჯა ელექტრომობილის პროექტი მოამზადეს, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება ბრიტანული ქალაქების გზებზე 2015 წელს გამოჩნდეს.

პროექტი ითვალისწინებს ჯუჯა ზომების ავტომობილის წარმოებას, რომელიც 37 კილოვატიანი ძრავით აღიჭურვება. მასში ენერგიის დასაგროვებლად, ავტომობილის ძირზე განლაგებულ ლითიუმ-იონურ აკუმულატორს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდან (პლუგ-ინ სისტემა) შეივსებს. პროექტის მიხედვით, აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვით, რასაც სამსაათნახევარი დასჭირდება, ავტომობილის სვლის მარაგი 80 კილომეტრს მიაღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 105 კმ/სთ იქნება.

”ლოტუსის” მიერ დაპროექტებული ელექტრომობილი ძალიან პატარა გაბარიტებით გამოირჩევა. ფაქტობრივად, ის ”სმარტის” ზომისაა და გაცილებით პატარაა ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ზე. ამ უკანასკნელის სალონში ჩასაჯდომი ფორმულა 3+1-ია, ”ლოტუსი” კი გვარწმუნებს, რომ მის ჯუჯაში 4 ადამიანი მოთავსდება. თუმცა, პროექტის ციფრული ესკიზებიდან კარგად ჩანს, რომ უკანა სავარძლებზე კომფორტულად ჯდომა პრაქტიკულად გამორიცხულია. მაგრამ თუ უკანა ორი სავარძელი დაიკეცება, წინა ორი ადგილი საკმაოდ კომფორტული იქნება და საბარგულის ზომაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

”ლოტუსის” მინი ელექტომობილის ზომებია: სიგრძე 2 600 მმ, სიგანე 1 600 მმ, სიმაღლე 1 700 მმ და ბაზა კი - 2 000 მმ. ავტომობილის პლატფორმა ალუმინის პროფილებისგან დამზადდება, რაც შეეხება ძარას, წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, მის საწარმოებლად ალუმინს, ან კომპოზიციურ მასალებს გამოიყენებენ.

”ლოტუსის” საინჟინრო დივიზიონის შეფი რასელ კერი ამბობს, რომ კომპანიის ინჟინრებმა ეს პროექტი სულ რაღაც ორ კვირაში, ჟურნალ ”აუტომოტივ ინჯაინერის” შეკვეთით მოამზადეს. შედარებისთვის, კონცეპტუალური პროექტირებისთვის 3-6 თვეა ხოლმე საჭირო. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეალურად, ”ლოტუსის” მინი ელექტრომობილი ჯერ მხოლოდ უხეშად დამუშავებული ესკიზის დონეზეა შექმნილი. ამასთან, კერი ამბობს, რომ ეს პროექტი საგულდაგულოდაც რომ დამუშავდეს, მის მიხედვით ავტომობილების წარმოებას თავად ”ლოტუსი” მაინც არ აპირებს. სამაგიეროდ, კომპანია მზადაა, ის რომელიმე ავტომწარმოებელს მიჰყიდოს.

No comments:

Post a Comment