”აუდი” A1-ს ბრიუსელში გამოუშვებს
Audi A1
19 ივლისი
ბელგიურ გაზეთ ”ლე სუართან” საუბრისას, ”აუდის” ბრიუსელური ქარხნის ხელმძღვანელმა ალფონს დინტნერმა განაცხადა, რომ მისი ქარხანა მინი ჰეჩბეკ A1-ის სერიულ წარმოებას ოქტომბერში შეუდგება. ამასთან, ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებამდე, ქარხანა ხუთი კვირით გაჩერდება, რათა მასში საჭირო გადაიარაღება ჩატარდეს.
დინტნერის თქმით, წარმოების დასაწყისში, A1 სამკარიანი ჰეჩბეკის ძარით დამზადდება, მოგვიანებით კი ქარხანა ხუთკარიანი სპორტბეკის წარმოებასაც დაიწყებს. სავარაუდოდ, ავტომობილის საწარმოო ვერსიის ხილვა პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე იქნება შესაძლებელი.
A1-ის პირველი კონცეპტუალური ვერსია, სახელად ”მეტროპროჯექტ კვატრო”, ”აუდიმ” პირველად ორი წლის წინ, ტოკიოს ავტო შოუზე წარადგინა, შარშან კი იგივე ავტომობილი უკვე კონცეპტუალური ”A1 სპორტბეკის” სახელით, პარიზის ავტო შოუზე გამოჩნდა.
საწარმოო ვერსია გარეგნობით ყველაზე ახლოს სწორედ ”A1 სპორტბეკთან” იქნება. რა თქმა უნდა, მასზე არ გადავა ის დეკორატიული ელემენტები, რომლებიც კონცეპტუალურ ავტომობილზე, მეტი ყურადღების მიპყრობის მიზნით იყო გამოყენებული. მაგალითად, ”A1 სპორტბეკის” კარებებს ჩარჩო არ ჰქონდა, A1-ზე კი აუცილებლად ექნება. ასევე შეიცვლება დიდრონი ბამპერები, რომლებიც ავტომობილს აგრესიულ იერს სძენდა. დაკიდევ, შედარებით გაუბრალოვდება ავტომობილის ინტერიერი.
”აუდი A1” თავის მთავარ მეტოქეზე - ”ბეემვეს” ”მინიზე” გრძელი და განიერია. ინგოლშტადტელები თავიანთ ახალ ავტომობილზე 4-ცილინდრიანი ძრავების ფართო გამას გამოიყენებენ. მათ შორისაა 1.2-ლიტრიანი (86 ცხენის ძალით), 1.4-ლიტრიანი (122 ცხენის ძალით) და 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავი (122 ცხენის ძალით), რომლებიც ბენზინზე მუშაობენ, ასევე 1.6-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 90 ცხენის ძალაა.
შემდგომში ”აუდი” აუცილებლად აპირებს A1-ის ღია და სპორტული ვერსიების წარმოებას. ამ უკანასკნელს S1-ს დაარქმევენ და ის 200-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება.
No comments:
Post a Comment