”ჯენერალ მოტორსი” ძველ რეკლამებს აუქმებს
General Motors Company
14 ივლისი
გუშინ ”ჯენერალ მოტორს კომპანიმ” გამოაცხადა, რომ აუქმებს მისი წინამორბედის მიერ სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებულ 54 სარეკლამო კონტრაქტს. ამ კონტრაქტებს შორის კი უძველესი ნიუ იორკის ტაიმს სკვერის ბილბორდები და ”შევროლეს” საათია, რომლებიც მსოფლიოს საქმიანი სამყაროს ცენტრის შენობათა კედლებიდან გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არ მოხსნილა.
ამ ნაბიჯის გადადგმას ახალ ”ჯენერალ მოტორსს” ფედერალურ მოსამართლე რობერტ გერბერის განკარგულება აიძულებს. ეს მოსამართლე ”ჯენერალ მოტორსის” გაკოტრების საქმეს უძღვება. ძველი ”ჯენერალ მოტორსის” მიერ გაფორმებული ძვირადღირებული სასპონსორო კონტრაქტები განახლებული და გაკოტრების რეჟიმიდან ახლახანს გამოსული კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესში უქმდება.
გარდა იმისა, რომ ტაიმს სკვერზე თავის ბილბორდებს ხსნის, ”ჯენერალ მოტორსი” ასევე შეწყვეტს ჩრდილოეთ ამერიკის უდიდეს სარბოლ ტრეკებზე VIP ლოჟების დაფინანსებას. ასევე შეწყდება გოლფის პრესტიულ ტურნირ ”არნოლდ პალმერ ინვიტეიშნლ-ის” და ქალაქ ლენსინგის (შტატი მიჩიგანი) ბეისბოლის არენის დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გაკოტრებამდე, ”ჯენერალ მოტორსმა” სპონსორობა სახელოვან გოლფმენ ტაიგერ ვუდსს შეუწყვიტა. გარდა ამისა, კომპანია აღარ არის ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიისა და ამერიკული ფეხბურთის ფინალური შეხვედრის (სუპერ ბოულის) სპონსორი.
სხვათა შორის, გაკოტრების მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რეკლამაზე გაღებული თანხის მოცულობით (424 მილიონი დოლარი), ”ჯენერალ მოტორსი” აშშ-ის უმსხვილეს რეკლამის მიმცემთა ხუთეულში შევიდა. ამ სიაში კი მასზე წინ ისეთი გიგანტები იმყოფებიან, როგორებიცაა ”პროქტერ ენდ გემბლი”, ”ვერიზონ კომუნიკეიშნი” და AT&T.
No comments:
Post a Comment