ინდური ”მიკრა” ევროპაში
Nissan Micra
14 ივლისი
”ნისანი” მალე თავისი პოპულარული მინი ავტომობილის, ჰეჩბეკ ”მიკრას” წარმოებას ინგლისიდან (სანდერლენდი) ინდოეთში, ქალაქ ჩენაიში (ყოფილი მადრასი) გადაიტანს. იაპონური კომპანიის აღმასრულებელი პრეზიდენტი კოლინ დოჯი, ვინც ”ნისანის” ბიზნესს აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და ევროპის ბაზრებზე განაგებს, ამბობს, რომ ახალი ქარხნის მშენებლობა მერმის, მაისში დასრულდება. ჩენაიში წარმოებული ავტომობილების 60 პროცენტზე მეტი კი ექსპორტზე გავა.
ქარხნის ნომინალური სიმძლავრე წლიურად 200 000 ავტომობილია. საჭიროების შემთხვევაში კი მისი გაზრდაა შესაძლებელი. იქ გამოშვებული ”მიკრას” ინდოეთში გაყიდვები ზაფხულის დასაწყისიდან იგეგმება. რაც შეეხება სანდერლენდის ქარხანას, მას დახურვა არ ემუქრება, რადგან იაპონელები იქ თავიანთი ახალი ავტომობილის წარმოებას აპირებენ, რომელიც კონცეპტუალური ”ქაზანას” ბაზაზე მზადდება. ამ მოდელმა კონკურენცია ”ფიატ სედიჩის” და ”სუზუკი SX4-ს” უნდა გაუწიოს.
ჩენაიში ქარხნის მშენებლობით, ”ნისანი” ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას აპირებს. ჯერ ერთი, სწრაფად მზარდ ინდურ ბაზარზე დამდკვიდრება ისევე საშური საქმეა, როგორც ჩინურ ბაზარზე ფეხის მოკიდება. მეორეც, ინდოეთში ავტომობილების წარმოება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე იმავე ინგლისში, ან თუნდაც, აღმოსავლეთ ევროპაში. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, როცა საქმე მცირეგაბარიტიან ავტომობილებს ეხება, რომელთა წარმატებას მეტწილად სწორედ კონკურენტული ფასი განსაზღვრავს.
”პატარა მანქანების ევროპაში წარმობით ფულის კეთება ძალიან ძნელია. თუმცა, ინდოეთში მარტო დაბალი ფასების გამო არ შევდივართ. ჩვენ ამ ქვეყნის ბაზარზე ყოფნა გვსურს. და რადგან ასეა, ავტომობილები აქვე უნდა ვაწარმოოთ”, - ამბობს დოჯი, ვისი თქმითაც, წარმოების ინდოეთში გადატანას, პლუსების გარდა, მინუსებიც აქვს. პირველი მინუსი ლოჯისტიკას ეხება - ინდოეთიდან ევროპაში ავტომობილების შეტანა ძვირი დაჯდება. საჭირო იქნება დიდი რაოდენობით ავტომობილის ერთდროულად გადატანა, რამაც შესაძლოა, მიწოდების ოპერატიულობას შეუქმნას პრობლემა, ან დიდი ფართის სადგომის მოწყობა მოითხოვოს. მეორე პრობლემა საიმპორტო ტარიფებია.
დადებითი მხარე მუშა ხელის სიიაფეა. გარდა ამისა, ინდოეთში პატარა ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, რაც მასობრივი წარმოებისთვის აუცილებელი პირობაა. რაც მეტს აწარმოებ, მით ნაკლები გიჯდება, რაც ავტომობილის ფასს კონკურენტუნარიანს ხდის.
დაბოლოს, ”მიკრას” ბაზაზე ინდოეთში მრავალმხრივი დანიშნულების მოდელის და სედანის წარმოებაც იგეგმება. იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ ჩენაის ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმდების შემდეგ, ინდური ბაზრის 5-6 პროცენტის ათვისებას შესძლებს.
No comments:
Post a Comment