”კიამ” მოდელი ”ს’იიდ” განაახლა
KIA Cee'd
14 ივლისი
კორეულმა კომპანია ”კიამ”, რომელიც ”ჰიუნდაის” ჯგუფში შედის, თავისი პოპულარული ავტომობილი - ჰეჩბეკი ”ს’იიდ-ი” განაახლა. ინტერნეტით ახალი ”ს’იიდ-ის” პირველი ფოტოებიც უკვე გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილზე შეცვლილია რადიატორის ჰაერის ამღებები, წინა ბამპერი უფრო მასიურია. რადიატორის ბადის მოყვანილობა უფრო ”უხეში” გახდა, ქვედა ჰაერის ამღები კი ისევ ტრაპეციის ფორმისაა, თუმცა ის ადრე ამობრუნებული იყო, ახლა კი ”გასწორდა”. მის ორივე ბოლოში მოთავსებულმა ნისლსაწინააღმდეგო ფარებმა კი ოთხკუთხა ფორმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ განახლებული ”ს’იიდ-ის” გარეგნობაზე მუშაობას ცნობილმა გერმანელმა დიზაინერმა პეტერ შრეიერმა უხელმძღვანელა, ვინც ”აუდისა” და ”ფოლკსვაგენში” მუშაობისას გაითქვა სახელი, ამჟამად კი კორეული კომპანიის ევროპული დიზაინ ცენტრის შეფია, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს.
ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ”ს’იიდ-ი” ძრავების იმავე გამას მიიღებს, რომლებიც უკვე გამოიყენება ახალ ”ფორტესა” და ”ოპტიმაზე”. ამ გამაში ბენზინის სამი და დიზელის ორი ძრავი შედის. ბენზინის აგრეგატების მუშა მოცულობებია 1.4, 1.6 და 2.0 ლიტრი. შესაბამისად, მათი სიმძლავრე 109, 122 და 140 ცხენის ძალაა. რაც შეეხება დიზელის აგრეგატებს, 1.6-ლიტრიანის სიმძლავრე 115, 2.0-ლიტრიანისა კი 140 ცხენის ძალას აღწევს. ბენზინის და დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი ვარიანტებისთვის, ხელმისაწვდომია სისტემა სტოპ/სტარტი, რომელიც ავტომობილის ეკონომიურობას აუმჯობესებს. მოგვიანებით, ”კია” ამ სისტემას უკლებლივ ყველა ”ს’იიდ-ზე” დააყენებს.
განახლებული ”ს’იიდ-ის” პრემიერა ფრანკფურტის შოუზე იგეგმება. სამწუხაროდ, საქართველოში მისი შემოტანა ჯერჯერობით არ იგეგმება.
No comments:
Post a Comment