”ფიატი” ”ბერტონეს” შეძენას ეცდება
Fiat-Bertone
14 ივლისი
”ფიატმა” დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ კრიზისში მყოფი სადიზაინერო კომპანია ”კაროსერია ბეტონეს” შეძენას აპირებს. ამგვარად, ავტომობილების სხვა კომპანიების შეკვეთებით მწარმოებელი ფირმის შეძენის მსურველთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
”ფიატის” გარდა, ლეგენდარული ”ბერტონეს” დაუფლების სურვილი ასევე აქვთ: იტალიელ ბიზნესმენებს - ჯანმარიო როსინიოლოსა და დომენიკო რევილიოს, ასევე ჩინურ ავტოკომპანია FAW-ს და ესპანურ კონსორციუმს, რომლის სახელიც არ ქვეყნდება.
”ბერტონეს” შეძენაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 16 ივლისია. იტალიის გაკოტრების საქმეთა სასამართლო კი მყიდველის არჩევას ამ თვის ბოლომდე აპირებს.
”ბერტონე” ყველაზე ძველი კომპანიაა მათ შორის, რომლებიც ავტომობილებს შეკვეთით აწარმოებენ. მისი ტურინული ქარხნის სიმძლავრე, როცა ის ორცვლიან რეჟიმში მუშაობს, 70 000 ავტომობილია, სამცვლიანი რეჟიმის შემთხვევაში კი - 100 000. მაგრამ შეკვეთების არარსებობის გამო, ქარხანა ოთხი წელია უქმედ დგას. ჯერჯერობით უცნობია, თუ რისთვის აპირებს ”ბერტონეს” გამოყენებას ”ფიატი”.
როსინიოლო ”ბერტონეს” ქარხანაში სპორტული ავტომობილების წარმოებას გეგმავდა, რომლებსაც ძარა მთლიანად ალუმინისგან ექნებოდათ დამზადებული. მისმა კონკურენტმა კომანია ”კეპლერომ” კი იქ მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოება მოისურვა.
რაც შეეხება FAW-ს, ეს ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია, რომელსაც ერთობლივი საწარმოები ”ფოლკსვაგენთან” და ”ტოიოტასთან” აქვს. გარდა ამისა, FAW-ს გააჩნია ლიცენზია, რომლითაც ავტომობილების ”დაიჰაცუსა” და ”მაზდასთვის” წარმოება შეუძლია. სამაგიეროდ, ეს კომპანია ჯერჯერობით, ევროპაში ავტომობილებს არც აწარმოებს და არც ჰყიდის.
სურათზე: ”ბერტონემ” ბოლო კონცეპტუალური სუპერავტომობილი ”მანტიდი” წელს დაამზადა
No comments:
Post a Comment