ახალი ფრანგული ლომი ნახტომისთვის ემზადება
Peugeot 308 RCZ
14 ივლისი
ფრანგულმა კომპანია ”პეჟომ” პრაქტიკულად დაასრულა წარმოებისთვის თავისი ახალი კუპეს - 308 RCZ-ს მომზადება, რომლის დებიუტიც ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე გაიმართება.
ახალი ავტომობილი პოპულარულ ჰეჩბეკ 308-ს ბაზაზეა დამზადებული. საერთოდ, ამავე პლატფორმაზე, ”ფრანგული ლომები” სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკების გარდა, უნივერსალს და ორკარიან კუპე კაბრიოლეტსაც უშვებენ. და აი, მინი 308-ს ოჯახი მალე კიდევ ერთი ახალი წევრით შეივსება.
ფრანკფურტულ პრემიერამდე, ”პეჟო” 308 RCZ-ს ეტაპობრივ რეკლამირებას შეუდგა, რომლის პირველი საფეხურიც, ოფიციალური ფოტო ტისერის გამოქვეყნება გახდა. მართალია, ფოტოებზე ავტომობილის მხოლოდ ცალკეული სეგმენტები ჩანს, მაგრამ ესეც საკმარისია მივხვდეთ, რომ ახალი კუპე ორი წლის წინ, იმავე ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპტუალური ავტომობილის (პეჟო 308 RCZ) საწარმოო ვერსიაა.
”პეჟო 308 RCZ” თავისი ექსტრემალური გარეგნობით გამოირჩევა. პირველ რიგში, ამ ექსტრემიზმს ხაზს მშვილდის სილუეტის მქონე სახურავი, დიდი, გამობერილი საბორბლე თაღები და მათი დამაკავშირებელი ზღურბლი უსვამს, რომელთა შორისაც კარია ”ჩამალული”. ავტომობილში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2, ანუ ორი სრულფასოვანი ადგილი და ამდენივე ფსევდო ადგილი, სადაც ბავშვიც კი გაჭირვებით ჩაეტევა.
”პეჟო 308 RCZ-ს” დამზადებისას გამოიყენებულია ალუმინი და კარბონის კომპოზიტი, რისი წყალობითაც, ის 1 200 კილოგრამს იწონის. ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვარაუდები კი კონცეპტუალური მოდელის მიხედვით შეიძლება, რომელიც ”პეჟო 207-სგან” ნასესხები 1.6-ლიტრიანი, 218-ცხენისძალიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ძრავი ფორსირებას გაივლის, რის შემდეგაც, მისი სიმძლავრე 250 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
No comments:
Post a Comment