Saab Files for Bankruptcy After All Rescue Plans Fail, This Could be the End
19 დეკემბერი
მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენის ყველა გეგმა ჩაიფუშა, 19 დეკემბერს, შვედურმა კომპანია „სვან–მა“ (სვედიშ ავტომოტივ N.V.), რომელსაც საავტომობილო კომპანია „სააბ–ი“ ეკუთვნის, შვედურ ქალაქ ვანერსბურგის საქალაქო სასამართლოში, ამ კომპანიის გაკოტრებაზე განცხადება შეიტანა.
ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინურმა კომპანია „იონმანმა“, რომელიც მზად იყო, „სააბის“ რესტრუქტურიზაციისთვისს აჭირო თანხა გამოეყო, თავის განზრახვაზე ხელი აიღო. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ „ჯენერალ მოტორსმა“, ვისაც სააბის გაყიდვაზე ვეტოს უფლება ჰქონდა, ეს უფლება გამოიყენა. ამერიკულმა კომპანიამ თავისი ვეტო იმ გარემოებით ახსნა, რომ არ სურს, მისი ტექნოლოგიები, რომლებსაც „სააბი“ ავტომობილების წარმოებაში იყენებს, ჩინელთა ხელში აღმოჩნდეს.„სვენსკა აეროპლან აკტიებოლაგეტი“ (შემოკლებით სააბ), იგივე „სუედიშ აეროპლეინ ლიმიტედ“, შვედეთის ქალაქ ტროლჰატანში, 1947 წელს დაარსდა. ის იყო შვედურ ავიამშენებელ კომპანია „სააბ ეარკრაფტის“ ავტომწარმოებელი შტო. მისი პირველივე ავტომობილი – 92001 იმით იყო გამორჩეული, რომ იმ დროისთვის შესაშური აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი (0.30) ჰქონდა. მაშინ ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არცერთ სხვა ავტომობილს არ ჰქონდა. ამ ავტომობილის შემუშავება, საავტომობილო კომპანია „სააბ–ის“ დაარსებამდე სამი წლით ადრე დაიწყო და ის ბაზარზე 1949 წელს, სახელ 92–ით გამოჩნდა.
ამ მოდელმა ბაზარზე უცვლელად 19 წელი გაძლო. მეორე, „სააბ–მა“ სრულიად ახალი ავტომობილი, სახელად 99, 1967 წელს გამოუშვა. მასზე ბევრი ისეთი ელემენტი გამოიყენეს, რომლებიც მალე კომპანიის სავაჭრო ნიშნად ჩამოყალობდა. მოგვიანებით, „სააბ–ი“ სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი შვედურ კომპანია „სკანია–ვაბისს“ შეუერთდა და მასთან ერთად, „სააბ–სკანია“ ჩამოაყალიბა. 1978 წელს, „ფიატ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით, „სააბ–მა“ „ლანჩა დელტას“ მისეული ვერსიის – „სააბ 600–ის“ წარმოება დაიწყო. მაგრამ ამ ხელშეკრულების უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ის იყო, რომელიც ერთობლივი ძალებით, ახალი პლატფორმის შემუშავებას ითვალისწინებდა. პარტნიორებმა ამ პლატფორმაზე მალე „სააბ 9000–ის“, „ალფა რომეო 164–ის“, „ლანჩა თემას“ და „ფიატ ქრომას“ წარმოება დაიწყეს. იმავე წელს, „სააბ–მა“ თავის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ მოდელ 900–ის წარმოება დაიწყო, რომლითაც მოდელი 99 შეცვალა. სულ მილიონზე მეტი 900 გაიყიდა.
გავიდა ათი წელი და „სააბ–ი“ ავიამშენებელ კომპანიას დაშორდა. ამასთან, ჩამოყალიბდა ახალი საავტომობილო კომპანია „სააბ–ი“, რომლის აქციების ნახევარიც, „ჯენერალ მოტორსმა“ შეიძინა. ამერიკულ კომპანიაში შესვლამ „სააბ–ი“ „ოპელთან“ დააახლოვა, რომლისგანაც მოდელ „ვექტრას“ პლატფორმით სარგებლობის უფლება მიიღო. სწორედ ამ პლატფორმაზე აიგო მეორე თაობის 900, რომლის წარმოებაც 1994 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ, დაძველებული 9000 9–5–მა შეცვალა.
2000 წელს, „ჯენერალ მოტორსმა“ შვედური კომპანიის აქციების დარჩენილი ნაწილიც გამოისყიდა და მას სრულად დაეპატრონა. მაშინ ამერიკული გიგანტის ქოლგის ქვეშ „სუბარუც“ იყო მოქცეული, რომლის „იმპრეზას“ ბაზაზეც, „სააბ–მა“ მოდელი 9–2 გამოუშვეს, უგზოობის „შევროლე ტრეილბლეიზერის“ ბაზაზე კი ამავე ტიპის 9–7X–ის წარმოება დაიწყეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ორი ავტომობილი ბაზარმა ცუდად მიიღო და მათი წარმოებაც მალე შეწყდა. 2005 წელს 9–5–ის შემცვლელის წაროებაც შეჩერდა, 9–3–ის უნივერსალისძარიანი ვერსიის წარმოება კი სამი წლით დაგვიანდა. ეს უკვე სერიოზული კრიზისი იყო, რასაც 2009 წელს „ჯენერალ მოტორსის“ მიერ მართული გაკოტრების გამოცხადება მოჰყვა. ამერიკული კომპანიის რესტრუქტურიზაციის გეგმაში კი „სააბ–ს“ ადგილი არ ერგო. ამიტომ, ჯერ მისი გაჩერება, შემდეგ კი გაყიდვა გადაწყდა.
ორი წლის წინ, გენერლებმა „სააბ–ი“ სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ჰოლანდიურ „სპაიკერს“ მიჰყიდეს, რომელსაც ახალი პლატფორმები და სრულიად ახალი უგზოობის მოდელ 9–4X–ის წარმოების ლიცენზიაც გადასცეს. ამასთან, დაიწყო ახალი, ამერიკული კომპანიის პლატფორმა „ეპსილონზე“ აგებული 9–5–ის წარმოება, რისთვისაც „სპაიკერმა“ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, სესხის სახით, 47 მილიონი დოლარი აიღო. ამ სესხის გარანტორი შვედეთის მტავრობა გახდა, რაც თითქოს იმის გარანტია უნდა ყოფილიყო, რომ კომპანიის მომავალს ცუდი არაფერი ემუქრებოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა. „სპაიკერის“ მფლობელმა, საბჭოური წარმოშობის ვიქტორ მიულერმა „სპაიკერი“ გაჰყიდა, რათა „სააბ–ისთვის“ მეტი ყურადღება დაეთმო. მაგრამ მაკომპლექტებლების მიმწოდებლების მიმართ დავალიანების გამო, ამ წლის აპრილში, „სააბ–მა“ წარმოება გააჩერა. ეს გაჩერება დასასრულის დასაწყისი გახდა.
ხელფასის გადაუხდელობის გამო, კომპანიის თანამშრომლები სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებოდნენ. იგივე მუქარა მოდიოდა მიმწოდებლებისგან. შვედური კომპანიის გადარჩენის სურვილი რუსმა ვლადიმირ ანტონოვმა გამოთქვა, მაგრამ „ჯენერალ მოტორსმა“, რომელიც დღესაც „სააბ–ის“ აქციონერი და მიმწოდბელია, გარიგება დაბლოკა. მოგვიანებით, ამერიკული კომპანია ასევე მოიქცა, როდესაც „სააბ–ში“ ინვესტირება ჩინურმა საავტომობილო კომპანიებმა – „პან და–მ“ და „იონმანმა“ მოინდომეს.
ალბათ ბედის დაცინვაა, რომ „სააბ–ის“ ბოლო კონცეპტუალურ ავტომობილს სახელად „ფენიქსი“ უწოდეს. მითოლოგიური ფრინველისგან განსხვავებით, შვედურმა კომპანიამ ფერფლიდან აღდგომა ვერ შეძლო...
No comments:
Post a Comment