Monday, September 7, 2009

”მაკლარენი” სიახლეს ამზადებს

McLaren MP4-12C

7 სექტემბერი

მართალია, ”მაკლარენ აუტომოტივი” ამას ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებული ცნობით, ხვალ ინგლისური კომპანია თავის ახალ სუპერავტომობილს - MP4-12C-ს გაგვაცნობს, რომელიც აქამდე P11 კოდური სახელწოდებით იყო ცნობილი.

ბრიტანული ”ქარმეგზინის” ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი კონსტრუქტორის, გორდონ მარის მიერაა შექმნილი და რომელმაც კონკურენცია ”პორშე 911-ს” და ”ფერარის” უახლეს ”458 იტალიას” უნდა გაუწიოს, 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 450 ცხენის ძალას ავითარებს. მისი მეშვეობით, MP4-12C ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.6 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 312 კმ/სთ იქნება.

”ქარმეგზინისვე” ინფორმაციით, ახალ ავტომობილზე გამოყენებულია შერჩევითი დამუხრუჭების ტექნოლოგია, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს, უკან ბორბლებზე ცალ-ცალკე არეგულიროს სამუხრუჭე ძალა. ამგვარად, საგრძნობლად გაუმჯობესდება ავტომობილის მართვადობა და მანევრულობა.

კომპანიის შეფი რონ დენისი, ვინც ამავე სახელწოდების მქონე ფორმულა 1-ის გუნდის მმართველობა სწორედ საგზაო ავტომობილების პროექტების გამო (ფ1-ის მიმდინარე სეზონის დასაწყისში) დატოვა, აცხადებს, რომ წარმოების დაწყებიდან პირველივე სრულ წელს, 1 000 ცალი MP4-12C-ის გაყიდვა იგეგმება. საკმაოდ თამამი გეგმაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილის საბაზო ღირებულება 150 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით, 250 000 დოლარი) იქნება.

MP4-12C-ს წარმოება მერმის უნდა დაიწყოს, ოთხი წლის შემდეგ კი კომპანია წლიური წარმოების 4 000 ცალამდე გაზრდას აპირებს. ამ დროს კი მისი სამოდელო გამა სამ ავტომობილამდე იქნება გაზრდილი. MP4-12C-ის შემდეგ, ბაზარზე ლეგენდარული ”მაკლარენ F1-ის” შთამომავალი (სამეულიდან ყველაზე ექსტრემალური და ძვირადღირებული) გამოჩნდება, მას კი ყველაზე იაფი მოდელი მოჰყვება, რომლის ფასიც 100 000 გირვანქა სტერლინგზე დაბლა უნდა იყოს.

ახალი ავტომობილისთვის, ”მაკლარენ აუტომოტივი” თავისი მთავარი ბაზის სიახლოვეს ახალ საწარმოს ააშენებს, რომლის დღიური წარმადობა 20 ავტომობილი იქნება.

No comments:

Post a Comment