Monday, September 7, 2009

”პეჟო იონი” - ფრანგული ლომების პირველი ელექტრომობილი

Peugeot iOn

7 სექტემბერი

”პეჟომ” გამოაცხადა, რომ ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე ნულოვანი ბამონაბოლქვის მქონე ავტომობილს, ”პეჟო იონს” წარადგენს, რომელიც მხოლოდ ელექტროენერგიით მუშაობს და რომლის წარმოებაც მერმის, წლის ბოლოს დაიწყება. ამგვარად, ”პეჟო” გახდება პირველი ევროპული კომპანია, რომელიც ძველი კონტინენტის ბაზარზე ელექტრომობილებს გამოიტანს.

ავტომობილი იაპონურ კომპანია ”მიცუბიშის” ელექტრომობილ i MiEV-ის ბაზაზეა შექმნილი, მის შემუშავებაში კი ორივე კომპანიის თანამშრომლებმა თანაბარი მონაწილეობა მიიღეს. ამდენად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ”იონი” გარეგნულად ძლიერ ჰგავს თავის იაპონელ ნათესავს.

ოთხკარიანი ავტომობილის სიგრძე 3.48 მეტრია, მისი მოხვევის რადიუსი კი 4.50 მეტრს აღწევს. ავტომობილს ბიძგს ელექტროძრავი აძლევს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 64 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 180 ნიუტონმეტრია. მისი მეშვეობით, ავტომობილს სულ რაღაც 130 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

”პეჟო იონი” ლითიუმ-იონური აკუმულატორებითაა აღჭურვილი და როცა ისინი სრულადაა დამუხტული, ავტომობილის სვლის სიშორე 130 კილომეტრს აღწევს. სხვათა შორის, ”მიცუბიში i MiEV-ს” სვლის მარაგად 160 კილომეტრი უწერია. ნებისმიერ შემთხვევაში, 130 კილომეტრი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ქალაქში მცხოვრები ავტომობილისტის ყოველდღიური მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

აკუმულატორების ბლოკი ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდან ივსებს (პლაგ-ინ სისტემა), რისთვისაც მას 6 საათი ესაჭიროება. იმავდროულად, სულ 30 წუთია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80 პროცენტით დაიმუხტოს.

”პეჟოსა” და ”მიცუბიშის” შორის მიღწეული შეთანხმებით, იაპონური კომპანია თავის ფრანგ პარტნიორს წლიურად დაახლოებით 25 000 ელექტრომობილს მიაწვდის. ”იონის” ფასი ჯერჯერობით არ ქვეყნდება.

No comments:

Post a Comment