Monday, September 7, 2009

გაიცანით ”როლ როის გოუსტი”

Rolls Royce Ghost

7 სექტემბერი


ბრიტანულმა კომპანია ”როლს როისმა”, როგორც იქნა, საბურველი ახადა თავის უახლეს ავტომობილს, რომელსაც საზოგადოება წლების განმავლობაში ”ბეიბი როლსის” სახელით მოიხსენიებდა. ავტომობილს ”გოუსტი” ჰქვია (მოჩვენება) და მისი მსოფლიო პრემიერა რამდენიმე დღეში, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

მართალია, ”როლს როისის” პირველ მოდელ ”ფანტომზე” დაახლოებით ნახევარი მეტრით მოკლეა, მაგრამ ”გოუსტი” მაინც დიდი გაბარიტებით გამოირჩევა. მის ზორბა კაპოტქვეშ კი შესაფერისი აგრეგატი მოკალათებულა. ესაა 6.6-ლიტრიანი V12, რომელიც ორი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი. ის 563 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ეს ავლა-დიდება კი წამყვან უკანა ბორბლებს 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის გავლით მიეწოდობა.

ეს საკმარისია იმისათვის, რომ გიგანტურმა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4.6 წამში აკრიფოს. რაც შეეხება მის მაქსიმალურ სიჩქარეს, ისიც ”ფანტომოვით” 250 კმ/სთ-ითაა შეზღუდული (მეტი რა საჭიროა). სამაგიეროდ, ”მოჩვენებას” კარგი მადა აქვს - 100 კილომეტრზე 13.6 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს 317 გრამი CO2-ით აბინძურებს.

”გოუსტი” უამრავი დამხმარე საშუალებითაა აღჭურვილი. მათ შესახებ ჩვენ რამდენჯერმე უკვე მოგიყევით (ნახეთ ბმულები ქვემოთ). ამჯერად დავამატებთ, რომ მძღოლის განკარგულებაშია კარების დისტანციური გაღების სისტემა, ”ბრმა ზონების” დასაფიქსირებელი” რამდენიმე კამერა, სამოძრაო ზოლიდან გადასვლისას, მძღოლის გამაფრთხილებელი სისტემა, რა თქმა უნდა სტოპ/სრატრ სისტემა, მთავარი ფარების მიმართულების მაკორექტირებელი სისტემა და სხვა.

”გოუსტის” წარმოებას ”როლს როისი” წელსვე დაიწყებს. თითო ავტომობილის ღირებულება 250 000 ევრო იქნება.


http://autopanoramaf1.blogspot.com/2009/06/rolls-royce-ghost-9.html

http://autopanoramaf1.blogspot.com/2009/07/rolls-royce-ghost-22-200-ex.html

http://autopanoramaf1.blogspot.com/2009/06/rolls-royce-ghost-14.html

No comments:

Post a Comment