Wednesday, December 9, 2009

”ფოლკსვაგენი” ”სუზუკის” მეხუთედს ყიდულობს

VW will buy 19.9% stake in Suzuki

10 დეკემბერი

ჰერმანულ საავტომობილო გიგანტ ”ფოლკსვაგენს” მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსის დაუფლება. ამ წლის პირველ 9 თვეში, ვოლფსბურგელებმა ყველაზე მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლეს, მაგრამ ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ სანუკვარი მიზანი მიღწეულია.

ამიტომ, თავის ჯგუფში შემავალი კომპანიების წარმოების ზრდის პარალელურად, სახალხო ავტომობილების მწარმოებლები, ამ ჯგუფის კიდევ უფრო გაფართოებას ეშურებიამ. ამ მხრივ, მათ პირველი ნაბიჯი ცოტა ხნის წინ გადადგეს, როდესაც მეზობელი ”პორშეს” აქციების 49.9 პროცენტი შეიძინეს და ამაში 3.9 მილიარდი ევრო გადაიხადეს.

ახლა კი იაპონური ”სუზუკის” ჯერიც დადგა. ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, ტოკიოში შედგა ”ფოლკსვაგენის” და ”სუზუკის” ხელმძღვანელთა, მარტინ ვინტერკორნის და ოსამუ სუზუკის შეხვედრა (სურათზე), რომლის შემდეგაც გამოცხადდა, რომ გერმანული კონცერნი იაპონური კომპანიის აქციების 19.9 პროცენტს შეიძენს და ეს მას 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

შარშან ”ფოლკსვაგენმა” გამოაცხადა, რომ 2018 წლამდე მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდებას აპირებს, მაგრამ ახლა უკვე, ვინტერკორნიც არ მალავს, რომ ამ მიზნის მიღწევა გაცილებით ადრეა შესაძლებელი და მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

პრესკონფერენციაზე, რომელიც ორ ავტომწარმოებელს შორის მიღწეულ გარიგებას მიეძღვნა, ”სუზუკის” 80 წლის შეფმა ოსამუ სუზუკიმ, ვინც თავის კომპანიას 30 წელზე მეტია, ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ აქციების გაყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ მისი კომპანია მთლიანად ”ფოლკსვაგენის” ხელში გადავა.

”არ მინდა, ვინმე შეცდომაში შევიდეს. ”სუზუკი” არ ხდება ”ფოლკსვაგენის” ოჯახის მე-12 წევრი. სულაც არ მაქვს იმის სურვილი, რომ სხვა ერის წარმომადგენლებმა მითხრან, რა უნდა გავაკეთო”, - განაცხადა სუზუკიმ და ამით მიანიშნა, რომ მისი კომპანია კვლავაც დამოუკიდებლად მუშაობას გააგრძელებს.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა ამოძრავებდა ორივე კომპანიას, როდესაც ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს. ვოლფსბურგელებს მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ის გამოცდილება აინტერესებთ, რაც ”სუზუკის” გააჩნია. იაპონურ კომპანიას კი საკუთარი სამოდელო გამის გაფართოება აქვს გადაწყვეტილი და ამ საქმეში სასარგებლოდ შეუძლია თავისი ახალი პარტნიორის გამოცდილების გაზიარება.

გარიგება ასევე ითვალიწინებს იმას, რომ ”სუზუკი” ”ფოლკსვაგენის” ხმის უფლების მქონე აქციების 2.5 პროცენტს შეიძენს და მათში 1.13 მილიარდ დოლარს გადაიხდის. მთავარი კი ისაა, რომ ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებისას, პარტნიორები მილიარდობით დოლარის დაზოგვას შეძლებენ.

პარალელურად, ”ფოლკსვაგენი”, რომელიც ჩინეთის ბაზარზე უდიდესი ავტომწარმოებელია, ”სუზიკის” დახმარებით, ინდურ ბაზარზეც იმედოვნებს ფეხის მოკიდებას. ინდოეთის ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება და იქ ახლავე დამკვიდრებას ვოლფსბურგელებისთვის უზარმაზარი მოგების მოტანა შეუძლია.

”ჩვენთვის ”სუზუკისთან” თანამშრომლობა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ კომპაქტური ავტომობილების წარმოებას აზიის განვითარებად ბაზრებზე გავშლით. სამაგიეროდ, ”სუზუკი” ჩვენგან იმით იხეირებს, რომ მისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოსადმი მეგობრული ძრავების და ავტომობილების წარმოების ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენ ფლობთ”, - პრესკონფერენციაზე განაცხადა ვინტერკორნმა.

მართალია, ცხრა თვის მონაცემებით, ”ფოლკსვაგენს” მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, მაგრა ნახევარი წლის მონაცემებით, მას ”ტოიოტა” ასწრბდა. კერძოდ, გერმანულ გიგანტს პირველ 6 თვეში 3.265 მილიონი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, ”ტოიოტას” კი - 3.564 მილიონი. მაგრამ თუ ვოლფსბურგელთა გაყიდვებს ”სუზუკის” მიერ გაყიდულ 1.15 მილიონსაც დავუმატებთ, მაშინ მათი შედეგი 4.415 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა, აქციების მეხუთედის ფლობა არ ნიშნავს, რომ იაპონური კომპანიის გაყიდვრბი სულ ”ფოლკსვაგენს” ჩაეთვალოს.

No comments:

Post a Comment