Wednesday, December 9, 2009

”აუდი A8-ს” მაიამური დებიუტი

Audi A8

7 დეკემბერი

მაღალი კლასის ავტომობილების მუშტარს ”აუდიმ” თავისი ფლაგმანის, A8-ს ახალი (მესამე) თაობის სედანი მოუმზადა. ამ ავტომობილისთვის ინგოლშტადტელებს ძირითად ბაზრად ამერიკის შეერთებული შტატები ეგულებათ და რა გასაკვირია, რომ ახალი ავტომობილის პრეზენტაციაც შტატებში, მაიამიში, იმ ქალაქში ჩაატარეს, სადაც მუდამ ზაფხულია და რომელიც როგორც თაფლი ფუტკარს, ისე იზიდავს მდიდართ ამა ქვეყნისათა.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ახალ ავტომობილს გარეგნულად მისი წინამორბედისგან ბევრი არაფერი განასხვავებს. თვალში საცემია მხოლოდ უცნაური მოყვანილობის ფარები და უზარმაზარი რადიატორი, რომელიც აქამდეც დიდი იყო, მაგრამ ბამპერის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც უფრო ნომრის დაფის მოვალეობას ასრულებდა, მას შუა ჰყოფდა და ამით ამცრობდა.

ახალი რადიატორი კი ამჯროსანი რაინდის უზარმაზარ ფარს მოგაგონებთ, რომლის აქეთ-იქითაც ამჯარში ჩამალული თვალები - ფარები ჩანს. ასე ავტომობილი უფრო აგრესიულ იერს ღებულობს, თუმცა ეს აგრესია მის ელეგანტურობას სულაც არ ამცირებს. თანაც, აგრესია მიგვანიშნებს, რომ კაპოტქვეშ ველური ცხენების მრავალრიცხოვანი რემა იმალება. თუმცა, სანამ ამ ცხენების რაოდენობას დავითვლიდეთ და მათ შესაძლებლობებსაც შევეხებოდეთ, ორი სიტყვა ავტომობილის გაბარიტებსა და ფარებზეც ვთქვათ.

ახალი A8 ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის D3 პლატფორმაზეა დაფუძნებული, რომელიც ალუმინისგანაა დამზადებული. ძარაც ალუმინისაა და როგორც მწარმოებელი გვამცნობს, წინამორბედზე 24 პროცენტით ხისტია. წინა მოდელთან შედარებით, ახალი სედანის სიგრძე 75 მილიმეტრით, სიგანე კი 55 მილიმეტრით (შესაბამისად, 5 137 და 1 929 მილიმეტრამდე) გაიზარდა. ამასთან, მისი სიმაღლე 16 მილიმეტრით შემცირდა.

რაც შეეხება ფარებს. მათში შუქდიოდური სისტემა გამოიყენება, რომლებიც ახლო შუქსა და ნისლსაწინააღმდეგო განათებას უზრუნველყოფენ. ქსენონის ძირითადი ფარები კი გარე განათებისადმი ადაპტირებადია. რაც მთავარია, მათი განათების მიმართულებას სანავიგაციო სისტემა მართავს. კერძოდ, ეს სისტემა აფიქსირებს მოსალოდნელი მისახვევის ადგილმდებარეობას და ფარების მიერ გამოყოფილი შუქის ჭავლის ნაწილს სწორედ იმ მოსახვევისკენ მიმართავს.

იმ ფოსოებში, რომლებიც სხვა მანქანებზე ნისლსაწინააღმდეგო ფარებს უკავია, ახალ A8-ს უამრავი გადამწოდი აქვს განლაგებული, რომლებიც ელექტრონული მართვის სხვადასხვა სისტემას ემსახურებიან. მაგალითად, ასეთებია რადიოლოკაციური გადამწოდები, რომლებიც ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის სისტემაში შედის და არჩეული დისტანციის შენარჩუნებასა და მოულოდნელად გაჩენილი წინააღმდეგობის წინ გაჩერებას, ან მაქსიმალურად შენელებას ემსახურება. უკანა ფარებიც შუქდიოდურია და გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ ფარებზე გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, უფრო მკვეთრი შუქითაც გამოირჩევა.

ჯერჯერობით, ახალი A8-თვის მხოლოდ სამი ძრავია განკუთვნილი. ესენია ორი 4.2-ლიტრიანი V8, რომელთაგან ერთი ბენზინზე მუშაობს, მეორე კი - დიზელზე. პირველის სიმძლავრე 372 ცხენის ძალაა და მისი მეშვეობით, ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5.7, მეორეს სიმძლავრე კი 350 ცხენის ძალაა, თუმცა მისი მეშვეობით, ავტომობილს აჩქარების უკეთესი ტემპერამენტი (5.5 წამი) აქვს. ყველაზე სუსტია 3.0-ლიტრიანი V6, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც მხოლოდ 247 ცხენის ძალაა, მისი სტანდარტული აჩქარება კი 6.6 წამში ესწრება. უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება V8-ზე V10 და W12 კონფიგურაციის დიდლიტრაჟიანი ძრავების დაყენება.

რაც შეეხება ტრანსმისიას, მისი მთავარი ნაწილი კომპანია ZF-ის წარმოების ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატია. წამყვანი ყველა ბორბალია (ცნობილი სისტემა კვატრო). წინა და უკანა ღერძებს შორის მაბრუნ მომენტს ”ტორსენის” დიფერენციალი ანაწილებს. განაწილების პროპორციაა 40:60-ზე უკანა ღერძის სასარგებლოდ.

ახალი A8-ს ინტერიერი წინამორბედზე ფართეცაა, კომფორტულიც და ნათელიც. საინტერესოა, რომ სალონის გასაწყობ მასალებს თავად ავტომობილის მყიდველი უკვეთავს. ასე რომ, ყველა ავტომობილის სალონი გარკვეულწილად, ინდივიდუალური იქნება. ინტერიერის გასაშუქებლად, ”აუდიმ” ახალი სისტემა გამოიყენა, რომელიც მძღოლის სურვილის შესაბამისად, შეიძლება იყოს მოწითალო, თეთრი ან მოყვითალო.

სტანდარტულ ვერსიაში, წინა სავარძლები 12 მიმართულებით რეგულირდება. შეკვეთის შემთხვევაში კი შესაძლებელია ისეთი სავარძლების დაყენება, რომლებიც 22 განსხვავებულ პოზიციას იკავებენ. შესაძლებელია ასევე სპორტული სავარძლების შეკვეთა.

ახალი A8 სისტემა კერს-ითაც (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) გამოირჩევა. ეს სისტემა კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის (როგორც ფორმულა 1-ის ზოგიერთ მანქანაზე) და ამგვარად, აკუმულატორებში მუხტის შენარჩუნებას ემსახურება.

და, რა თქმა უნდა, ყურადღებას ამ შესანიშნავი ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებიც იმსახურებს. მაგალითად, მძღოლი დაიბნა და ვერ რეაგირებს მოულოდნელად გაჩენილ წინაღობაზე, რის გამოც, შეჯახება თითქოს გარდაუვალია. ამ დროს, საქმეში ელექტრონიკა ერევა, რომელიც წინა ბამპერის ქვეშ განლაგებული გადამწოდების მეშვეობით აფიქსირებს საფრთხეს და მანქანის მართვას თავის თავზე იღებს. პირველ რიგში, ავტომობილი 3.0 მ/წმ2 უარყოფითი აჩქარებით ნელდება. ამ დროს იხურება ფანჯრები, ლუქი, იჭიმება უსაფრთხოების ღვედები და სისტემა გამაფრთხილებელ ხმას გამოსცემს. მოკლედ, მანქანა შეჯახებისთვის ემზადება. შეჯახებამდე თითქმის ნახევარი წამით ადრე, მანქანა მაქსიმალურად ამუხრუჭებს. იმდენად, რომ შეჯახების მომენტში, მისი სიჩქარე 40 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამ სიჩქარეზე მანქანა და მასში მსხდომნი გაცილებით ნაკლებად საზარალდებიან. ავტომობილი დაახლოებით ასევე მოქმედებს, როდესაც უკნიდან შეჯახების საშიშროება წარმოიქმნება.

ინტერირში არსებული სარკის გვერდებზე მოთავსებულია ვიდეოკამერები, რომლებიც 65 კმ/სთ სიჩქარეზე, პარალელურ რეჟიმში მოძრაობას ინტენსიურად აკონტროლებენ და თუ დაგეძინათ და მოხვევის ციმციმას ჩაურთავად, ავტომობილი ზოლს შეიცვლის, სისტემა საჭის რგოლზე ”გამოსაფხიზლებელ” ვიბრაციას ჩაგირთავთ და გაგაღვიძებთ. იგივე კამერები საგზაო ნიშნებსაც სკონტროლებენ და მათ შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ მონიტორზე გადააქვთ.

”აუდი” თავის ფლაგმანზე პირველად გამოიყენებს ღამით ხედვის სისტემას. ინფრაწითელი სხივების მეშვეობით, ღამით ეხილავი საგნების 300 მეტრის სიშორეზე გარჩევაა შესაძლებელი. სისტემა განსაჯუთრებით მკვეთრად ადამიანებსა და ცხოველებს გამოსახავს.

მესამე თაობის A8-ს გაყიდვებს 2010 წლის მარტში დაიწყებს. ავტომობილის საბაზო ვერსია 3.0-ლიტრიანი ძრავით 59 000 ევრო ეღირება, ბენზინის V8 ძრავით კი მისი სასტარტო ღირებულება 65 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment