Wednesday, December 9, 2009

რონ დენისი: ავტობიზნესი ”მაკლარენისთვის” სარგებლიანია

Dennis: Car business good for McLaren

9 დეკემბერი

”მაკლარენის” შეფი რონ დენისი დარწმუნებულია, რომ მისი კომპანია მართებულად იქცევა, რომ საგზაო სპორტული ავტომობილების წარმოებას იწყებს და ”ფერარისთვის” კონკურენციის გაწევას ამ საქმეშიც აპირებს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო, ფორმულა 1-ში მისმა პარტნიორმა ”მერსედეს-ბენცმა” თავისი ყურადღება მეტოქე ”ბრაუნზე” გადაიტანა და მისი მფლობელი გახდა.

როგორც ცნობილია, ”მაკლარენი” უახლოეს მომავალში სამი სპორტული სუპერ ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელთაგან პირველი ბაზარზე ”მაკლარენ MP4-12C” გამოჩნდება. არადა, წინა რამდენიმე წლის განმავლობაში, ”მაკლარენი” და ”მერსედეს-ბენცი” წარმატებულად თანამშრომლობდნენ არამხოლოდ ფორმულა 1-ში, არამედ ავტო ბიზნესშიც, სადაც მათ ერთობლივად შექმნეს ისეთი შესანიშნავი ავტომობილი, როგორიც სუპერ ავტომობილი SLR-ია.

მაგრამ ორი წლის წინ, თავისი სპორტული ავტომობილების პროგრამაში, შტუტგარტელებმა მთლიანად საკუთარი რესურსები ჩართეს და უოკინგელებს ამ საქმეში პარტნიორობაზე უარი უთხრეს, რამაც ალბათ დიდი როლი ითამაშა დენისის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. ან იქნებ, პირიქით - როდესაც ”სამქიმიანებმა” დენისის ამბიციების შესახებ შეიტყვეს, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ”მაკლარენთან” პარტნიორობის დამუხრუჭება...

ფაქტი კი ერთია: ”მერსედეს-ბენცმა” ახლახანს ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონის, ”ბრაუნის” აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა და მომავალ სეზონში საკუთარი სახელით იასპარეზებს. თუმცაღა, ჯერჯერობით არც ”მაკლარენთან” პარტნიორობის მთლიანად შეჩერებას გეგმავს და მას ძრავებით კვლავაც მოამარაგებს. აქ იმის აღნიშვნაც ღირს, რომ მოდელი MP4-12C ”მაკლარენის” ინჟინერთა მიერაა შექმნილი, რაც იმი ნიშანია, რომ ინგლისური კომპანია უკვე ფლობს მაღალეფექტური ძრავების შექმნის და წარმოების შესაძლებლობებს.

დენისს მიაჩნია, რომ მისი კომპანიის გერმანელი პარტნიორის ”ბრაუნისკენ” გადახრა ”მაკლარენისთვისაც” და ”ბრაუნისთვისაც” სასარგებლო იქნება:

”ჩვენი კომპანია ვითარდება. ჩვენ ბევრი ძალიან კარგი და ძლიერი პარტნიორი გვყავდა. პირველ რიგში, მათში ”,ერსედეს-ბენცს” ვგულისხმობ. მათი სახით, ფენომენალურად ძლიერი პარტნიორი გვყავდა. იყო მომენტი, როდესაც ბევრი ფიქრი მიწევდა ამ ნაბიჯის გადადგმაზე. მთავარი ის იყო, თუ რა იქნებოდა ”მაკლარენისთვის” ყველაზე სასარგებლო. შეხედეთ ”ფერარის” მიღწევებს. თუ მათ ეს შეუძლიათ, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ იგივეს ჩვენც ვერ შევძლებთ?

”დარწმუნებული ვარ, ”ბრაუნს” და ”მერსედეს-ბენცს” კარგი მომავალი აქვთ. ჩვენ ამ თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ეს კარგი იქნება ფორმულა 1-თვის. ჩვენ აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ფ1 განვითარდეს. მე ბევრი ჩავარდნაც მქონია და წარმატებებიც. როგორც კომპანიის და გუნდის შეფს, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებათა მიღება მიწევს და ვიცი, რომ ხანდახან ისეთი გადაწყვეტილებაც უნდა მივიღო, რაც ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. ხშირად ისეთი საკითხების გადაწყვეტაც მიწევს, რომლებიც ჩემს პასუხისმგებლობაში არ შედის. მაგრამ ასეთია შეფის ცხოვრება”, - ამბობს დენისი.

მანვე გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ის უახლოეს მომავალში შეიძლება ”მაკლარენის” ფ1-ის გუნდის შეფის თანამდებობაზეც დაბრუნდეს. ”არავითარ შემთხვევაში. ჩემი როლი ფ1-ში დასრულებულია. რა თქმა უნდა, ზოგიერთ რბოლას დავესწრები, რადგან მე ძალიან მიყვარს ეს სპორტი. ჩემი გონება ახლა კომპანიის ხელმძღვანელობაზეა მომართული, მაგრამ გული ისევ რბოლებში რჩება. მე რბოლებს დავესწრები, მაგრამ არა როგორც გუნდის წევრი, არამედ, როგორც უბრალო მაყურებელი. რაც უნდა იყოს, მე ”მაკლარენით” ვსულდგმულობ და ეს არასდროს შეიცვლება”.

No comments:

Post a Comment