Thursday, June 11, 2009

პრესტიჟული პრიზი ”ოპელ ამპერას”

Opel Ampera

11 ივნისი

ბრიტანულმა გამოცემამ ”ვოტ ქარ?”, ჰიბრიდული ელექტრომობილი ”ოპელ/ვოქსჰოლ ამპერა” საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიის პრიზით დააჯილდოვა. ჟურნალის მიერ მოწვეულმა ჟიურიმ განსაკუთრებით ხაზი იმ ფაქტორს გაუსვა, რომ ”ამპერას” ინოვაციური ტექნოლოგია გამოყენებადია და რაც მთავარია, მისი სვლის მარაგი ყველა თანამედროვე ელექტრომობილის შესაბამის მაჩვენებელზე გაცილებით მეტია, რაც ამ ტექნოლოგიის პოპულარიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია.

კონკურსის ჟიურის განსაკუთრებული მოწონების საგანი გახდა ”ამპერას” სისტემა E-REV (იქსტენდედ რეინჯ ელექტრიკ ვიჰაიქლ, ანუ გაზრდილი სვლის ელექტრომობილი), რომელიც ასევე ”ვოლტეკის” სახელითაა ცნობოლი. სისტემის შემადგენელი ნაწილია შიდაწვის მცირელიტრაჟიანი ძრავი, რომელიც გენრატორთანაა დაკავშირებული და დამატებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ის მაშინ ირთვება, როდესაც სპეციალური სენსორი ჰიბრიდული აგრეგატის მართვის ცენტრს შეატყობინებს, რომ აკუმულატორები მალე განიმუხტება. ამუშავების შემდეგ, გენერატორი ელექტროენერგიას წამყვან ელექტროძრავებსაც მიაწვდის და აკუმულატორსაც.

მარტო აკუმულატორების ხარჯზე, ”ამპერას” მხოლოდ 60 კილომეტრის გავლა შეუძლია. შიდაწვის ძრავისა და მასთან დაკავშირებული გენერატორის წყალობით კი სვლა 500 კილომეტრამდე იზრდება.

ამგვარად, ”ამპერა” მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, საშუალო ევროპელების 70 პროცენტის ყოველდღიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება მათ, ვინც დღეში 60 კილომეტრზე მეტს გადის, ასეთებს უფრო ხშირად მოუწევთ საქმეში შიდაწვის ძრავის ჩართვა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გარემოს მინიმალური გამონაბოლქვით დააბინძურებენ.

ცნობისათვის, ”ოპელ ამპერა” ”ჯენერალ მოტორსის” მიერ ფართოდ რეკლამირებული ანალოგიური ავტომობილის - ”შევროლე ვოლტის” ევროპული ვერსიაა. მისი წარმოება 2011 წელს დაიწყება, მომდევნო წელს კი მას დილერები პირველად მიიღებენ.

No comments:

Post a Comment