Thursday, June 11, 2009

ახლა მე-3 სერიის GT-ს ჯერია

BMW 3-series GT

11 ივნისი

ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, მე-5 სერიის GT-ს შესახებ ინტერნეტით ინფორმაცია გამოაქვეყნა. და აი, ინტერნეტითვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენში მე-3 სერიის მოდელზე ბაზირებული, მე-3 სერიის GT-ს გამოშვებაზეც დაიწყეს ფიქრი.

სანამ ბავარიელები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი დააკვირდებიან, თუ რამდენად პოპულარული იქნება მე-5 სერიის GT, რომლის გაყიდვებიც წელს, ფრანკფურტის ავტო შოუს (რომელიც სექტემბერში გაიმართება) შემდეგ დაიწყება. დადებითი ტრენდის შემთხვევაში, მე-3 სერიის სედანზე ბაზირებული GT-ს წარმოებას წინ ვერაფერი დაუდგება.

თავისი უფროსი ”ნათესავის” მსგავსად, მე-3 სერიის GT-ც ჰეჩბეკის ტიპის ძარას მიიღებს, მისი სავარძლები კი ოდნავ უფრო მაღლა განთავსდება, ვიდრე სედანში. შესაბამისად, ავტომობილიც უფრო მაღალი გამოვა. მასაც საბარგულის ორსეგმენტიანი კარი ექნება. მე-3 სერიის GT ასევე აღიჭურვება როგორც სრულამძრავიანი, ასევე უკანა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიით. რაც შეეხება ძრავებს, მათს გამას ოთხ და ექვსცილინდრიანი აგრეგატებით დააკომპლექტებენ.

რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, ის ”ბეემვეს” ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-3 სერიის GT-საც ისეთივე აგრესიული დიზაინი ექნება, როგორიც მე-5 სერიის GT-ს აქვს. ესე იგი, ის პირველ რიგში, იმ კატეგორიის მყიდველს მიიზიდავს, რომლებიც ბავარიული კომპანიის ავტომობილებში სპორტულ სტილს და აგრსიას აფასებენ.

სხვათა შორის, ”ბეემვეს” შეფ ნორბერტ რაიტჰოფერს ნათქვამი აქვს, რომ მე-3 სერიის სედანის ბაზაზე, მისი კომპანია ქროსოვერის შექმნას აპირებს. მისი თქმით, ”ეს ის სეგმენტია, რომელიც ”ბეემვეს” დიდ მოგებას მოუტანს. შესაძლებელია, რომ ქროსოვერის ნაცვლად, ბავარიელებმა მე-3 სერიის GT გამოუშვან. თუმცა, რეალურად, ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ეგაა, GT-ს კლასის ავტომობილს უფრო სპორტული მიდრეკილება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ქროსოვერს.

No comments:

Post a Comment