Thursday, June 11, 2009

”ბენტლი” ძვირფას სედანს აგვისტოში გამოამზეურებს

Bentley

11 ივნისი

ინგლისურმა კომპანია ”ბენტლიმ” თავისი ახალი სედანის ფოტო ტისერი გაავრცელა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ავტომობილით ახლანდელი ”არნაჟი” შეიცვლება. ახალი ავტომობილი საზოგადოების წინაშე პირველად კალიფორნიაში, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარსდგება.

ჯერჯერობით უცნობია, ”ბენტლის” ახალი სედანის სახელი. ამ ეტაპზე, მას ”კიმბერლი” ჰქვია, თუმცა გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს სახელი ბოლომდე არ დარჩება. საბოლოო სახელს მას დებიუტამდე ერთი თვით ადრე შეურჩევენ. არაა გამორიცხული, რომ ”არნაჟი” დარჩეს.

ჯერჯერობით არც ავტომობილის ტექნიკური მონაცემები ქვეყნდება. ინგლისურ საავტომობილო გამოცემებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ”ბენტლის” ახალი სედანი ”აუდის” ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც მოგვიანებით ახალი A8-სტვისაც გამოიყენებენ (ოღონდ, მოდერნიზებულს). ავტომობილს წამყვანი უკანა ბორბლრბი ექნება. კაპოტქვეშ მძლავრი V8 აგრეგატი განლაგდება, რომელსაც 8-საფეხურიანი კოლოფი შეუწყვილდება.

რაც მთავარია, ახალი სედანი ”არნაჟზე” გაცილებით ზორბა ტანისა იქნება და მდიდრულობითაც მას ფორას მისცემს. რაც შეეხება მის კონკურენტებს, ბაზარზე ”ბენტლის” ახალი სედანი ”როლს როის ფანტომსა” და ”მაიბახს” შეავიწროებს.

”ბენტლიში” არ გამორიცხავენ, რომ მომავალში, ამ ავტომობილზე შეიძლება დიზელზე მომუშავე აგრეგატიც გამოიყენონ. უფრო შორეული პერსპექტივისთვის კი ბიოსაწვავზე მომუშავე ძრავის დაყენებაც განიხილება. მართალია, კომპანია მოდელ ”კონტინენტალ GT-ზე” უკვე ცდის ჰიბრიდულ აგრეგატებს, მაგრამ იმაზე დანადგარს გამოიყენებენ თუ არა სედანზეც, ეს ძნელი სათქმელია.

პებლ ბიჩის შემდეგ, ”ბენტლი” თავის სიახლეს ფრანკფურტის ავტო შოუზეც წარმოადგენს, მისი წარმოების დაწყებას კი მერმის გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია ავტომობილის ფასი. სავარაუდოდ, ის ”როლს როის ფანტომის” ფასის (300 000 დოლარზე მეტი) დონეზე იქნება.

No comments:

Post a Comment