Thursday, June 11, 2009

”ფიატმა” ”კრაისლერის” შეძენა დაასრულა

Fiat-Chrysler

11 ივნისი

”ფიატსა” და ”კრაისლერს” შორის გარიგება ოფიციალურად დასრულდა, რის შედეგადაც, იტალიური კომპანია სიდიდით მესამე ამერიკული ავტომწარმოებლის, გაკოტრებული ”კრაისლერის” საუკეთესო აქტივებს დაეუფლა.

ამ აქტივების წყალობით, ”ფიატის” ხელში, ახალი ”კრაისლერის” აქციების 20 პროცენტი გადავა, მოგვიანებით კი ტურინელებს თავისი წილის 35 პროცენტამდე გაზრდის უფლება ექნებათ. ახალი ”კრაისლერის” მთავარი აღმასრულებელი კი ”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი - სერჯო მარკიონე (სურათზე) გახდება.

ძველი ”კრაისლერის” დანარჩენი ნაწილები, რომელთა უმეტესობა ან წამგებიანია, ან ვალებით დატვირთული, გაკოტრების პროცესში, აუქციონებზე გაიყიდება.

სერჯო მარკიონემ თავის ამერიკელ მოადგილედ, ”კრაისლერის” ყოფილი ვიცე აღმასრულებელი და პრეზიდენტი ჯიმ პრესი დანიშნა, ბობ ნარდელი კი, ვინც გაკოტრებამდე ”კრაისლერის” მთავარი აღმასრულებელი იყო, ამ კომპანიის ყოფილ მფლობელს, საინვესტიციო ჯგუფ ”სერბერუს კეპიტალს” დაუბრუნდება. ახალი ”კრაისლერის” ჯგუფის მთავარი ფინანსური მოხელე გახდება ”ფიატის” ამავე პოსტზე მომუშავე რიჩარდ პალმერი, ვინც თავისი მოვალეობის შესრულებას იტალიურ კომპანიაშიც გააგრძელებს.

გარიგების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მარკიონემ გამოაცხადა, რომ ”ფიატი” თავისი საწარმოო ტექნოლოგიების ”კრაისლერისთვის” გაზიარებას რამდენიმე თვეში შეუდგება. ახალი ”კრაისლერის” დაფუძნება კი რამდენიმე დღის საქმეა.

”ფიატის” გარდა, ახალი ”კრაისლერის” მფლობელები პროფკავშირების საპენსიო ტრასტი და აშშ-ის და კანადის მთავრობბი გახდებიან. ცნობისათვის, მოგვიანებით, ამერიკის მთავრობა კიდევ ერთი გაკოტრებული ავტომწარმოებლის, ”ჯენერალ მოტორსის” მთავარი მეპატრონე გახდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ”გენერლები” რესტრუქტურიზაციას დაასრულებენ და ახალ კომპანიას ჩამოაყალიბებენ.

No comments:

Post a Comment