Friday, November 20, 2009

კარლოს გონი ისევ ”ჯენერალ მოტორსს” მისტირის

Carlos Ghosn

20 ნოემბერი

”რენოსა” და ”ნისანის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი აცხადებს, რომ მის კომპანიებსა და ”ჯენერალ მოტორსს” შორის არშემდგარ ტრბსკონტინენტურ ალიანსს ამერიკული გიგანტის გაკოტრებისგან ხსნა შეეძლო.

2006 წელს, სამ კომპანიას შორის ალიანსის შექმნის კონტრაქტი თითქმის მომზადდა, მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში, ”გენერლებმა” მასზე უარი თქვეს, რითაც ძლიერ გაანაწყენეს რამდენიმე მსხვილი ინვესტორი, მათ შორის, ამერიკელი მილიარდერი კირკ კერკორიანი.

”რენო-ნისანმა” კრიზისს შედარებით იოლად დააღწია თავი და ახლა აღმავლობას განიცდის. ”ჯენერალ მოტორსმა” კი წელს გაკოტრების სიმწარე გამოსცადა, თუმცა კრიზისი მანაც გადალახა და ახლა ისიც აღმავლობის გზაზეა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თავისი ბრენდების რაოდენობა ოთხამდე შეამცირა. ამასთან, კრიზისის დასაძლევად, მთავრობისგან დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე მიიღო.

კითხვაზე, ”რენო-ნისანის” დახმარებით, ”ჯენერალ მოტორსი” შეძლებდა თუ არა კრიზისის დაძლევას, გონი უყოყმანოდ პასუხობს: ”უეჭველად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი გეგმა იმუშავებდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორმხრივი, პარტნიორული მცდელობა იქნებოდა”.

გამოცემა ”დეტროიტ ნიუსთან” საუბრისას, გონმა განაცხადა, რომ ”ჯენერალ მოტორსის” სიტუაციას ყველა ავტომწარმოებელი, მათ შორის, ”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსიც, დიდი შიშით აკვირდებოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფრანგულ-იაპონურ კომპანიას ბევრი ისეთი მიმწოდებელი ჰყავს, რომელიც ნაწილებით და მაკომპლექტებლებით ამერიკულ გიგანტსაც ამარაგებს. ”გენერლების” კრახი კი მიმწოდებლების კრახს გამოიწვევდა, რომელთა გარეშეც, ვერც ”რენო” და ვერც ”ნისანი”, ერთი ავტომობილის გამოშვებასაც ვერ შესძლებდნენ.

ფონი დარწმუნებულია, რომ ავტოსექტორმა კრიზისი უკვე დაძლია და ძალების მოკრებას იწყებს. მაგრამ მასვე სჯერა, რომ დიდი ავტომწარმოებლებისთვის უმჯობესი იქნება, თუ ისინი თავიანთ შესაძლებლობებს ნაკლებ ბრენდს და ნაკლები მოდელის წარმოებას მოახმარენ. ამ შემთხვევაში, ისინი ბრენდების იდენტურობასაც შეინარჩუნებენ და ნაკლები ინვესტირებაც დასჭირდებათ.

No comments:

Post a Comment